ახალი ამბები

სუმბაევი, რომელიც საქართველომ რუსეთს გადასცა, ამბობს, რომ ციხეში აწამებენ – TV პირველი

29 სექტემბერი, 2020 • 902
სუმბაევი, რომელიც საქართველომ რუსეთს გადასცა, ამბობს, რომ ციხეში აწამებენ – TV პირველი

“TV პირველის” თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, იაროსლავ სუმბაევი, რომელიც საქართველომ რუსეთს გასული წლის ოქტომბერში გადასცა, ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ციხეში აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სუმბაევს რუსეთი კიბერდანაშაულსა და გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაში სდებს ბრალს.

ტელეარხის თანახმად, სუმბაევი წერილში საუბრობს საათობრივ წამებაზე, გაშიშვლებაზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორსა და ზეწოლაზე. ამასთან, მას ემუქრებიან ოჯახის წევრების დაკავებით, რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან. იაროსლავ სუმბაევი წერს, რომ აიძულებენ, აღიაროს კავშირი შიშკინას მკვლელობასთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

წერილთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოში სუმბაევის ინტერესების დამცველს, ივანე ნორაკიძეს ესაუბრა. მისი თქმით, წერილიდან ირკვევა, რომ დაკავებულს ყოველ დილით აშიშვლებენ ჩხრეკის საბაბით, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ნორაკიძის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადიციის შემდეგ თბილისში ასევე დააკავეს სუმბაევის სიძე. რუსეთი მის ექსტრადიციასაც მოითხოვს.

ადვოკატისვე თქმით, თავად არ აქვს საშუალება, სუმბაევს პირადად დაეკონტაქტოს.

“ჩვენ კონტაქტი გვქონდა მისი ექსტრადიციიდან პირველი 2 თვის მანძილზე, როცა ციხის ელექტრონული ფოსტის სერვისის მეშვეობით მწერდა. ვკითხულობდით ხოლმე ერთმანეთს, განვიხილავდით ვარიანტებს, სად შეიძლებოდა საჩივრის შეტანა და ა.შ. როცა მან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინებდნენ და ტანსაცმელს ხდიდნენ, მიმოწერა შეწყდა”, – აცხადებს ივანე ნორაკიძე.

ადვოკატის თქმით, სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემამდე, სახელმწიფო უგულებელყოფდა ქართველი ადვოკატების მოწოდებებს, რომელთა თანახმადაც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის ექსტრადიცია დაუშვებელი იყო, ვინაიდან მას წამება ემუქრებოდა რუსეთის ციხეში.

“ჩვენ იუსტიციის სამინისტროს საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარვუდგინეთ: ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების [ანგარიშები], აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რუსეთის საპატიმროებსა და ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ…

ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოებამ იცის და ძალიან ცუდად თანამშრომლობს რუსეთთან ამ ნაწილში. იუსტიციის მინისტრს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან წინასწარ თვალნათელი იყო, რა მოხდებოდა. ფაქტობრივად, გაწირეს ადამიანი”, – აცხადებს ის.

ნორაკიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია დათქმები, რომლებიც სუმაბევის ექსტრადიციამდე რუსეთის გენერალური პროკურატურის მხრიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოგზავნილ წერილში იყო ასახული.

მისი თქმით, ერთი მხრივ, რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სუმბაევის უსაფრთხოება იქნებოდა დაცული და არ დაირღვეოდა მისი პირველადი უფლებები, მეორე მხრივ კი, გაასამართლებდნენ მხოლოდ ე.წ. ბილეთების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთის რკინიგზაზე კიბერშეტევას ედავებიან.

“ორივე პუნქტი დაირღვა:ერთი მხრივ, აპირებენ, რომ სუმბაევს წარუდგნინონ ახალი ბრალი გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზების შესახებ, რაც არ იყო თავდაპირველად წარდგენილი და, მეორე მხრივ, ხდება მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. საქართველოს ხელისუფლებას ამაზე არანაირი რეაგირება მოუხდენია”, – ამბობს ივანე ნორაკიძე.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ რუსული მხარე ახლა საქართველოს მიმართავს შუამდგომლობით, მისცეს ნება რუსეთის გამოძიებას, ბრალი წარუდგინოს სუმბაევს გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე

სუმბაევი საქართველოში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ გადაეცათ 28 წლის სუმბაევი რუსეთისათვის, თუმცა მისი ექსტრადაციის შესახებ ბრძანებას 30 სექტემბერს ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი ამბობდა, რომ სტრასბურგის სასამართლო 6 სექტემბრით დათარიღებული წერილით უარს ამბობდა ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე და „არ თვლის, რომ სუმბაევი შესაძლოა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას“.

საპასუხოდ, სუმბაევის ადვოკატი აცხადებდა, რომ ექსტრადიციის ბრძანება უკანონო იყო და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინაარმდეგებოდა: კერძოდ, სუმბაევს საექსტრადაციო პატიმრობა ექსტრადიციის წინა დღეს, 23 ოქტომბერს შეუფარდეს, შესაბამისად, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ ჰქონდა ვადა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის.

ამასთან, ივანე ნორაკიძე აღნიშნავს, რომ სტრასბურგს, თავის დროზე, დაცვის მხარემ ორი აპლიკაცია გაუგზავნა: ერთით მიმართავდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის პროცედურა, მეორეთი კი სთხოვდა, უკანონოდ ეცნო მისი ექსტრადიცია. შეჩერების მექანიზმი სტრასბურგმა არ ჩართო, თუმცა ჯერჯერობით არ მიუღია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექსტრადიციის უკანონოდ ან კანონიერად ცნობასთან დაკავშირებით.

ვრცლად ამ საკითხზე:

“გაწირეს ადამიანი” – ელენე ხოშტარია ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემაზე

სუმბაევის საქმის მოსალოდნელი გაგრძელება

მასალების გადაბეჭდვის წესი