ახალი ამბებისაზოგადოება

სუმბაევის საქმის მოსალოდნელი გაგრძელება

13 თებერვალი, 2020 • 4435
სუმბაევის საქმის მოსალოდნელი გაგრძელება

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართა უკვე ექსტრადირებული იაროსლავ სუმბაევისთვის ახალი ბრალდების წარდგენის შუამდგომლობით.

ამ დროისთვის ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.

სახალხო დამცველი სახელმწიფოს მოუწოდებს, უარი თქვას ამ შუამდგომლობის გაზიარებაზე, რადგან არ არის გამორიცხული, სუმბაევის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

ის მუხლი, რის წაყენებასაც ახლა აპირებს რუსეთი — გამომძიებლის მკვლელობის ბრალდება — სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

სუმბაევის ადვოკატი საქართველოში თავიდანვე საუბრობდა რისკზე, რომ რუსეთს შესაძლოა ეს ბრალდება წაეყენებინა სუმბაევისთვის და მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დამდგარიყო, თუმცა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაინც მოაწერა ხელი მის ექსტრადიციას — ის 2019 წლის ოქტომბერში გადასცეს რუსეთს.

საქართველოს წინა ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აკრიტიკებს საქართველოს მიერ რუსეთისთვის სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული ადამიანების ექსტრადაციის პრაქტიკას, ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ამ საკითხში ნდობა არ შეიძლება და ექსტრადიციის პროცესს ცალმხრივს უწოდებს.

გამომძიებლის მკვლელობა – ახალი ბრალდება

საქართველომ რუსეთს 2019 წლის 24 ოქტომბერს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულთან და გამომძიებლის მკვლელობის გახმაურებულ საქმეებთან აკავშირებენ.

თუმცა ექსტრადიციის მომენტში რუსეთს მისთვის ბრალი გამომძიებლის მკვლელობის გამო არ ჰქონია წაყენებული. ანუ რუსეთმა საქართველოს სუმბაევის ექსტრადირება მხოლოდ მაქინაციების დანაშაულების მუხლებით სთხოვა. მას შემდეგ კი, რაც ეს უკანასკნელი მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ბრალს მკვლელობის მუხლით უყენებს. ომბუდსმენის თანახმად, ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენცია მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული და “ეს სახელმწიფო ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ იქნება მოყვანილი”.

რუსეთი სუმბაევს აქამდე 2 დანაშაულს ედავებოდა. ერთ-ერთი ბრალის თანახმად, 2013 წელს ბანკომატიდან ყალბი ბარათის გამოყენებით 200 დოლარი მოიპარა. მეორე ბრალდება უფრო გახმაურებულ და დიდ საქმეს ეხება. გამოძიების ვერსიით, 2013 – 2014 წლებში ჰაკერების დიდმა ჯგუფმა, დაახლოებით 30-მა ადამიანმა, 250 000 აშშ დოლარი მოიპარა რუსეთის რკინიგზის ბილეთების მაქინაციების გზით. ეს საქმე 60-მდე ეპიზოდს აერთიანებს, სუმბაევს კი ამ დაჯგუფების ხელმძღვანელად თვლიან. ექსტრადაცია რუსეთმა სწორედ ბილეთების საქმეზე მოითხოვა.

ახალი ბრალდება აღნიშნული საქმის ერთ-ერთი გამომძიებლის მკვლელობას უკავშირდება: 2018 წლის 10 ოქტომბერს „რკინიგზის ბილეთების საქმის“ ერთ-ერთი გამომძიებელი ევგენია შიშკინა მოკლეს. მის მკვლელობას რუსეთის ხელისუფლება რუსული სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით იძიებს.

როგორც „ნეტგაზეთს“ სუმბაევის ადვოკატმა ვანო ნორაკიძემ, განუმარტა, საქართველომ სუმბაევი რუსეთს „ბილეთების“ საქმეზე არსებული ბრალდების გამო გადასცა, ახლა კი, როდესაც რუსეთს სურს, რომ სუმბაევი გამომძიებლის მკვლელობისთვისაც გაასამართლოს, ამისთვის, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციით მიხედვით, დამატებით სჭირდება გადამცემი ქვეყნის, ანუ საქართველოს ნებართვა.

„კონვენციით აკრძალულია ექსტრადირების შემდეგ ახალი ბრალდების წარდგენა. იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გამოდის ქვეყნის მოტყუება — მომთხოვნმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში რუსეთმა, იცოდა, რომ იმ მუხლით წარუდგენდნენ ბრალს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა ექსტრადიციის განმახორციებელ ქვეყანას სხვა მუხლით სთხოვა ექსტრადიცია“, – გვითხრა ადვოკატმა ნორაკიძემ.

იგივეს წერს სახალხო დამცველი 12 თებერვლით დათარიღებულ განცხადებაში: „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, სუმბაევი ვერ გასამართლდებოდა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ექსტრადირება არ მოთხოვნილა“. თუმცა, სახალხო დამცველის მიხედვით, „კონვენციის თანახმადვე, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც გადამცემი მხარე (ამ შემთხვევაში – საქართველო) გასცემს თანხმობას“.

შესაბამისად, თუკი საქართველო რუსეთის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და თანხმობას გასცემს, სუმბაევი აღნიშნული მუხლით გასამართლდება.

სიკვდილით დასჯის შესახებ

რუსეთის სსკ-ის აღნიშნული მუხლი სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს. რუსეთში სასიკვდილო განაჩენი გაუქმებული არ არის.  როგორც საქართველოს სახალხო დამცველი წერს, „ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით, რუსეთის ფედერაციას სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული“. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ამჟამად სიკვდილით დასჯა  შეჩერებულია.

თუმცა სახალხო დამცველი საუბრობს რისკზე, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ რუსეთმა უგულებელყოს ეს ვალდებულება და მორატორიუმი გააუქმოს:

„როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევის სიხშირით რუსეთს 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა.

მხოლოდ 2019 წელს სტრასბურგის სასამართლომ ამ ორი უფლების დარღვევისა და მისი არაეფექტიანი გამოძიების 130 შემთხვევა გამოავლინა. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად არღვევს კონვენციურ ვალდებულებებს, სრულად ვერ გამოირიცხება სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის უგულვებელყოფის საფრთხე“.

სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოუწოდებს სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის მინისტრს, არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის შუამდგომლობაზე და არ გასცენ თანხმობა იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენებაზე ევგენია შიშკინას მკვლელობასთან დაკავშირებით.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არსებითად დაირღვეს იაროსლავ სუმბაევის უფლებები ქართული მხარის ხელშეწყობითა და მონაწილეობით“, – წერს სახალხო დამცველი.

რისკი, რომელზეც სახელმწიფოს აფრთხილებდნენ

სუმბაევის ადვოკატი ვანო ნორაკიძე, რომელიც მის უფლებებს საქართველოში იცავდა, თავიდანვე საუბრობდა რისკზე, რომ შეიძლებოდა, რუსეთის ფედერაციას მისი კლიენტისთვის მკვლელობის ბრალდება ექსტრადიციის შემდეგ წაეყენებინა.

„იმდენად აქტიურად მოიაზრება რუსული მედიის მიერ და ხშირად ისინი წყაროდ იყენებენ რუსულ სამართალდამცავ ორგანოებს – პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტს – რომ ჩვენ ვშიშობთ, იარსოლავ სუმბაევი აუცილებლად ბრალდებული იქნება ევგენია შიშკინას მკვლელობაში, თუკი მოხდება მისი ექსტრადიცია“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ ადვოკატმა ჯერ კიდევ ოქტომბერში.

ნორაკიძე ამჟამადაც გვეუბნება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ქართული მხარისთვისაც ცხადი უნდა ყოფილიყო ეს რისკი.

თუმცა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაინც მოაწერა ხელი სუმბაევის ექსტრადიციის ბრალდებას. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.

ექსტრადიციის დეტალები

სუმბაევის ექსტრადირებაზე დადებით გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრის კრიტიკა მოჰყვა.

თეა წულუკიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2019 წლის მაისში საქართველოს სასამართლოებმა სუმბაევის ექსტრადირება დასაშვებად ცნეს.

ამასთან, მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო 6 სექტემბრით დათარიღებული წერილით უარს ამბობდა ექსტრადიციის აღსრულების შეჩერებაზე და „არ თვლიდა, რომ სუმბაევი შესაძლოა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას“. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგმა საბოლოო ვერდიქტამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება არ მიიჩნია აუცილებლად.

თუმცა სუმბაევის ადვოკატმა, ვანო ნორიკაძემ განაცხადა, რომ ექსტრადირების ბრძანება უკანონოა და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ადვოკატის თქმით, სუმბაევს საექსტრადაციო პატიმრობა ექსტრადირების წინა დღეს, 23 ოქტომბერს შეუფარდეს. შესაბამისად, მისი თქმითვე, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ ჰქონდა ვადა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის. თუმცა ექსტრადიციაზე ხელმოწერამ ეს შეუძლებელი გახადა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 24 ოქტომბერს განაცხადა: „თუ ის წამებას და არასათანადო და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება, რა თქმა უნდა, ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. ზოგადად, რუსეთში არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მით უმეტეს – ციხეებში, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მსგავსი შემთხვევები“.

ახიადოვის საქმე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო რუსეთს გადასცემს აქ დაკავებულ პირებს. სუმბაევის გადაცემამდე რამდენიმე კვირით ადრე, 19 სექტემბერს, საქართველომ რუსეთს გადასცა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი, რომელიც 2017 წლის შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა.

რუსეთის ფედერაცია მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებდა ბრალს, თუმცა ახიადოვი ბრალდებას მოგონილს უწოდებდა და ამბობდა, რომ სამშობლოში არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა. ამ შემთხვევაში უფლებადამცველები, მათ შორის EMC, იმ განსაკუთრებულ გარემოებაზეც მიუთითებდნენ, რომ რუსეთისა და ჩეჩნეთის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმები „ჩეჩენი წარმოშობის პირებს სისტემის პოლიტიკურ ან რელიგიურ „მტრებად“ განიხილავენ“.

[ამ საქმეზე, გირჩევთ, წაიკითხოთ: „საქართველოს შეეძლო, რუსეთისთვის არ გადაეცა ეთნიკურად ჩეჩენი ახიადოვი“]

არც სუმბაევს და არც ახიადოვს ბრალი დამტკიცებული არ ჰქონიათ. ორივე მათგანის შემთხვევაში მიუთითებდა დაცვის მხარე, რომ ბრალდებულებს არ ჰქონიათ სამართლიანი სასამართლოს იმედი.

როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, „ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის პირის გადაცემისას სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი წაყენებული ბრალდებები და ეს ბრალდებები უნდა იყოს გადამოწმებული. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მოხდება თუ არა ექსტრადაცია“. მისი დაკვირვებით, ასეთი რამ ბოლო დროს გახმაურებულ შემთხვევებში არ მომხდარა.

„მანკიერი პრაქტიკა“

უჩა ნანუაშვილი, რომელიც ამჟმად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობს, ამბობს:

„როგორც ვიცი, ბოლო შემთხვევებში არცერთ საქმეზე არ ყოფილა მტკიცებულებები შესწავლილი. პირიქით, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პროკურატურის დადგენილება იყო ბრალდების შესახებ. რეალურად, არანაირი დოკუმენტი არ შეუსწავლია საქართველოს ხელისუფლებას და რუსეთის პროკურატურის წერილი ხდებოდა საფუძველი, სადაც არანაირ მტკიცებულებებზე საუბარი არ იყო“.

ამას ნანუაშვილი დასანანს უწოდებს და ამბობს: „ეს არის ძალიან სამარცხვინო, როცა ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ერთგულია ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების, ასე განუკითხავად არღვევს ადამიანის უფლებებს“.

მისი შეფასებითვე, საქართველოს ხელისუფლება გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს, როცა საქმე ეხება რუსეთში პირთა ექსტრადიციას.

„საქართველოს ხელისუფლება, არა უბრალოდ გაუგებარ, არამედ, შეიძლება ითქვას, საკმაოდ რბილ პოლიტიკას ახორციელებს რუსეთის მიმართ და ყველა მოთხოვნას უკმაყოფილებს რუსეთს. რაც საბოლოოდ შეიძლება კვლავ საქართველოს მოუბრუნდეს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით“, – ამბობს ნანუაშვილი.

როგორც სუმბაევის ადვოკატი ვანო ნორაკიძე გვეუბნება, სტრასბურგის სასამართლოში უკვე წაღებული აქვთ საქმე, სადაც დავობენ, რომ „ექსტრადიცია მოხდა უკანონოდ და მას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა“.

“ცალმხრივი ექსტრადიციები”

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, საქართველოს არაერთი მოთხოვნა ჰქონდა გაგაზვნილი რუსეთისთვის, მათგან საქართველოში პირების  ექსტრადიციის მოთხოვნით, რაც მოსკოვს არ დაუკმაყოფილებია. „იმავე იგორ გიორგაძის გადმოცემაზე არაერთხელ იყო მოთხოვნა წაყენებული. თუმცა რუსეთს არ გადმოუცია და ის დღემდე ძებნაშია“, – იხსენებს იგი.

შესაბამისად, ნანუაშვილისთვის აშკარაა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის პირთა გადაცემის პოლიტიკა ცალმხრივი და მცდარია:

„საერთაშორისო ნორმები არ მოქმედებს ცალმხრივად. მეორე მხარესაც აქვს ვალდებულება, შეასრულოს ვალდებულებები. თანამშრომლობაზე თუ არის საუბარი, ორივე მხარე უნდა თანამშრომლობდეს. როცა ეს არ არის, მაშინ საქართველოს პოლიტიკის შეცვლა მართებს“.

„ნეტგაზეთს“ იუსტიციის სამინისტროსგან რამდენიმე თვეა გამოთხოვილი აქვს საჯარო ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირთა ექსტრადიციის შესახებ — რამდენი მოთხოვნა გაუგზავნა ორმა სახელმწიფომ ერთმანეთს და ვინ რამდენ შემთხვევაში დააკმაყოფილა მოთხოვნა. ეს ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.

რას იზამს სახელმწიფო?

რაც შეეხება უშუალოდ სუმბაევის საქმეს — ჯერჯერობით გადაწყვეტილება შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

იუსტიციის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამჟმად ეს საკითხი არ არის სამინისტროს განხილვაში, რადგან შუამდგომლობა პროკურატურაშია შესული.

პროკურატურაში კი „ნეტგაზეთს“ უპასუხეს: „ამ ეტაპზე საკითხი განხილვის სტადიაშია. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებაში შედის, დამატებით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით სამართლებრივ საკითხებზე პოზიცია გაუზიაროს იუსტიციის სამინისტროს. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ საქართველოს პროკურატურა ჩამოყალიბებულ პოზიციას კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს იუსტიციის სამინისტროს“.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის.

რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციის საკითხს სუმბაევის შემთხვევისას ოქტომბერში გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განაცხადა:

„შემოვლენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ, დაარღვევენ ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარს, მერე ხვდებიან, რომ ისინი არიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, აქ იგებენ, რომ მათ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და იწყებენ ნიანგის ცრემლების ღვრას იმისთვის, რომ გაექცნენ კანონს. ამიტომ, მე ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ, რომ მიბრძანდნენ თავიანთ ქვეყანაში და პასუხი აგონ თავიანთი კანონის წინაშე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი