24 ოქტომბერს, დილის 11 საათისთვის, საქართველომ რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულსა და გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებენ.
სუმბაევი საქართველოში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ გადაეცათ 28 წლის სუმბაევი რუსეთისათვის, თუმცა მისი ექსტრადაციის შესახებ ბრძანებას 30 სექტემბერს ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2019 წლის მაისში საქართველოს სასამართლოებმა სუმბაევის ექსტრადირება დასაშვებად ცნეს; ამასთან, მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო 6 სექტემბრით დათარიღებული წერილით უარს ამბობს ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე და „არ თვლის, რომ სუმბაევი შესაძლოა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას“.
თუმცა სუმბაევის ადვოკატმა, ვანო ნორიკაძემ განაცხადა, რომ ექსტრადირების ბრძანება უკანონოა და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინაარმდეგება.
ადვოკატის თქმით, სუმბაევს საექსტრადაციო პატიმრობა ექსტრადირების წინა დღეს, 23 ოქტომბერს შეუფარდეს, შესაბამისად, მისი თქმითვე, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ ჰქონდა ვადა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 24 ოქტომბერს განაცხადა: „თუ ის წამებას და არასათანადო და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება, რა თქმა უნდა, ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. ზოგადად, რუსეთში არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მით უმეტეს- ციხეებში, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მსგავსი შემთხვევები“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო რუსეთს გადასცემს აქ დაკავებულ პირებს. რამდენიმე კვირის წინ, 19 სექტემბერს, საქართველომ რუსეთს გადასცა რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი, რომელიც 2017 წლის შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა.
რუსეთის ფედერაცია მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებდა ბრალს, თუმცა ახიადოვი ბრალდებას მოგონილს უწოდებდა და ამბობდა, რომ სამშობლოში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და იქ არც სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდა.
დეტალები ამ საქმეზე:
ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს საქართველოდან რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება – ბრძანება გაცემულია