ახალი ამბებისამართალი

რუსეთისთვის გადაცემული სუმბაევი | რა ვიცით ამ საქმეზე?

25 ოქტომბერი, 2019 • 5409
რუსეთისთვის გადაცემული სუმბაევი | რა ვიცით ამ საქმეზე?

დღეს, 24 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე, საქართველომ რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში თაღლითობასა და კიბერდანაშაულში სდებენ ბრალს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მინიმუმ დაკითხავენ გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

რუსეთმა საქართველოს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით ერთი წლის წინ მიმართა. 2018 წლის 5 ნოემბერს ის აქ დააკავეს. სუმბაევის თქმით, საქართველოში ყოფნის დროს გაიტაცეს და ფულის გამოძალვის შემდგომ გაათავისუფლეს. ამ საქმეში, მისი თქმით, პოლიციელებიც ფიგურირებენ. იაროსლავ სუმბაევმა აღნიშნული პოლიცელები, მისი ადვოკატის ცნობით, გუშინ, 23 ოქტომბერს საღამოს ამოიცნო, დღეს დილით კი ის რუსეთს გადასცეს.

სუმბაევის ადვოკატი ვანო ნორაკიძე ამბობს, რომ მის საქმეში საქართველომ, კერძოდ კი, იუსტიციის სამინისტრომ, არაერთხელ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, რუსეთში  მისი ექსტრადაციით კი, სუმბაევის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.

სუმბაევის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული 2 საქმე – საიდან დაიწყო ყველაფერი

რუსეთში იაროსლავ სუმბაევს 2 დანაშაულს ედავებიან. ერთ-ერთი ბრალის მიხედვით, 2013 წელს ბანკომატიდან ყალბი ბარათის გამოყენებით 200 დოლარი მოიპარა, მეორე ბრალი გახმაურებული საქმეა. გამოძიების მიხედვით, 2013 – 2014 წლებში ჰაკერების დიდმა ჯგუფმა, დაახლოებით 30-მა ადამიანმა 250 000 აშშ დოლარი მოიპარეს რუსეთის რკინიგზის ბილეთების მაქინაციების გზით. ეს საქმე 60-მდე ეპიზოდს აერთიანებს, სუმბაევს კი ამ დაჯგუფების ხელმძღვანელად თვლიან. 

სუმბაევის ქართველი ადვოკატი ნეტგაზეთს მომხდარის განსხვავებულ ვერსიებს უყვება. ის ამბობს, რომ მანამ, სანამ იაროსლავ სუმბაევი საქართველოში ჩამოვიდოდა, რუსეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების ძლიერ სპეციალისტი იყო. სწორედ ამიტომ, სუმბაევით დაინტერესდა ეფ-ეს-ბე, ანუ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. უწყებამ სუმბაევს მათთან თანამშრომლობა და, შესაბამისად, შპიონაჟში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ კი, ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყო, კერძოდ:

„ბრალდება ამბობს, რომ 2013 წელს სუმბაევმა ასტრახანში ბანკომატიდან ყალბი ბარათის გამოყენებით მოიპარა 200 დოლარი. ამ საქმის შემდეგ მასზე რეგულარულად ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა დაეყოლებინათ ეფ-ეს-ბეს-თან თანამშრომლობაზე, თუმცა უარი მიიღეს, რის შემდეგაც სუმბაევი დააპატიმრეს და შეუფარდეს შინაპატიმრობა. ამავე პერიოდში, თითქოს სამსახურში ქრთამის აღების ფაქტზე, დააკავეს მისი დედაც, რომელიც 2 თვეში გამოუშვეს და მან იგივე თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა“- ამბობს ნეტგაზეთთან ადვოკატი.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ნორაკიძის თქმით, სუმბაევი, მიხვდა რა იმას, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები თავს არ დაანებებდნენ, რუსეთ-ბელორუსის საზღვრის გადაკვეთით ქვეყანა დატოვა, გადავიდა თურქეთში და შემდგომ ჩამოვიდა საქართველოში 2017 წელს. რუსეთი კი სწორედ ამ საქმის გამო ითხოვს მის ექსტრადიციას.

გამომძიებლის მკვლელობა – რა კავშირშია ის სუმბაევთან

2018 წლის 10 ოქტომბერს რუსეთში მოკლეს “რკინიგზის ბილეთების საქმის“ ერთ-ერთი გამომძიებელი ევგენია შიშკინა. ამ ფაქტს რუსეთში ფართო რეზონანსი მოჰყვა, მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები და ა.შ.

ადვოკატი ვანო ნორაკიძე ამბობს, რომ კრემლი სუმბაევის ექსტრადიციას რეალურად იმიტომ ითხოვს, რომ გამომძიებლის მკვლელობაში მონაწილეობა დააბრალოს.

ნორაკიძე ჰყვება, რომ შიშკინას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში რუსეთის მედიამ აქტიურად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ თითქოს მკვლელობის დამკვეთი და ორგანიზატორი სუმბაევი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ოფიციალურ ბრალში ამის შესახებ არაფერი ეწერა.

შიშკინას მკვლელობამდე მისი ოჯახის წევრები მართლაც ამბობდნენ, რომ ქალს მუქარა არაერთხელ მიუღია საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობასთან კავშირში ახსენებდნენ “ბილეთების საქმის” მონაწილე კიდევ ერთ ფიგურანტსაც. შიშკინა საცხოვრებელ სახლთან, გამთენიისას მოკლეს, მკვლელობის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ კორპუსთან დამონტაჟებული 35 სათვალთვალო კამერიდან სინამდვილეში არცერთი მუშაობდა, თვითმხილველი კი არ არსებობდა. შესაბამისად, მკვლელმა მიმალვა შეძლო. 

2019 წლის მარტში გამომძიებლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 17 და 19 წლის ახალგაზრდები. მათ რუსული მედია “მკვლელობის შემსრულებლად და შუამავლად” მოიხსენიებს.

“ის, რომ შიშკინას მკვლელობა ფიზიკურად ვერ იქნება სუმბაევის ბრალი, ამაზე ისიც მოწმობს, რომ 2017 წლიდან ის უკვე საქართველოში იმყოფება და ფიზიკურად აქედან ვერაფერს დაუშავებდა. ევგენია შიშკინას გარდა სუმბაევის საქმეს იძიებდა 5 სხვა გამომძიებელი, რომლებიც ჯანმრთელები, საღ-სალამათები არიან. ეს ამბავი აბსურდულია იმიტომაც, რომ მკვლელობის დროისთვის შიშკინას საქმე უკვე გადაცემული ჰქონდა სასამართლოსთვის და არანაირი ზგავლენის მოხდენა მას აღარ შეეძლო. შესაბამისად, არანაირი მოტივი სუმბაევს არ ჰქონდა, რომ ეს ადამიანი მოეკლა. თუმცა, იმდენად აქტიურად მოიაზრება რუსული მედიის მიერ და ხშირად ისინი წყაროდ იყენებენ რუსულ სამართალდამცავ ორგანოებს – პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტს –  რომ ჩვენ ვშიშობთ, იარსოლავ სუმბაევი აუცილებლად ბრალდებული იქნება ევგენია შიშკინას მკვლელობაში, თუკი მოხდება მისი ექსტრადიცია“,- ამბობს ადვოკატი.

შიშკინას მკვლელობას რუსეთის ხელისუფლება რუსული სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით იძიებს. ნორაკიძის თქმით კი, ეს მუხლი სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს. ადვოკატი ამბობს, რომ რუსეთში სასიკვდილო განაჩენი გაუქმებული არ არის, მასზე მხოლოდ მორატორიუმია გამოცხადებული, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუქმდეს.

ნორაკიძე ასევე ამბობს, რომ რუსეთში არაერთი პირია დაკავებული და შემდგომ ნაწამები მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათ იაროსლავ სუმბაევთან კავშირი ან/და სუმბაევის მონაწილეობა შიშკინას მკვლელობასთან ეღიარებინათ. ადვოკატის თქმით, თუ სუმბაევი მოხვდება გამოძიების ხელში, დიდი ალბათობით ასევე გახდება არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს ფაქტი კი ავალდებულებდა ქართულ მხარეს, რომ მის ექსტრადაციაზე უარი ეთქვა.

სუმბაევი საქართველოში – მისი გატაცება, დაკავება და მიმართვა სახალხო დამცველს 

ადვოკატი აცხადებს, რომ რუსეთიდან გამოქცევის შემდეგ, 2017 წლის 28 სექტემბერს, სუმბაევმა მიმართა სამართალდამცავ უწყებებს და მისთვის და მისი მეუღლისთვის თავშესაფარი ითხოვა. თუმცა, ნაცვლად თავშესაფარისა, “პოლიციელებმა ისარგებლეს მისი მდგომარეობით, იგი მოტყუებით ჩაიყვანეს ქალაქ ქარელში, გაიტაცეს, ჩაკეტეს სარდაფში და სიცოცხლის მოსპობისა და მუქარით გამოსძალეს ფული“.

“დღეის მდგომრეობით, საქმე არის ასე – გამოძიებამ საკმაოდ კვალიფიციურად იმუშავა ამ კონკრეტულ ეპიზოდზე. დანაშაულში ბრალდებული 7 პირიდან 4 პასუხისგებაშია მიცემული, 2 ციხეში იყოფება, 2 კი გირაოთია გათავისუფლებული. თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ გაამტყუნებენ. რაც შეეხება დარჩენილ 3 პირს, სუმბაევმა ისინი გუშინ საღამოს ამოიცნო და თქვა, რომ ეს ხალხი პოლიციის თანამშრომლები არიან. ამოცნობიდან მეორე დღეს კი მოხდა მისი ექსტრადიცია რუსეთში“, – გვიყვება ადვოკატი.

მისი თქმით, სუმბაევი საქართველოში მისი გატაცების საქმის მთავარი მოწმე იყო, მისი რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ კი ამ 3 ადამიანის წინააღმდეგ აღარანაირი მტკიცებულება საქმეში ფიზიკურად აღარ არსებობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ამ საქმეზე რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის თაღლითობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ძალადობის და სხვა მუხლებით.

რაც შეეხება მის დაკავებას, რუსეთმა სუმბაევის გადაცემა 2018 წლის 20-21 ოქტომბერს მოითხოვა, იმავე წლის 5 ნოემბერს კი სუმბაევი საქართველოში დააკავეს.

საქართველოში ყოფნის დროს სუმბაევმა მიმართა სახალხო დამცველსაც. ადვოკატის თქმით, მათ ომბუდსმენის აპარატს აუხსნეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სუმბაევის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა მოსალოდნელი იყო, ამავდროულად, მას ელოდა სასიკვდილო განაჩენიც.

ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად ლომჯარიაც. დღეს, 24 ოქტომბერს, მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ მართლაც შეისწავლა სუმბაევის საქმე.

“ამ პირს ჰქონდა სახალხო დამცველისადმი მიმართული, თუმცა მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ ექსტრადაციის შემთხვევაში, შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა სიკვდილით დასჯას, რაც ჩვენი მხრიდან იყო გადამოწმებული და, რამდენადაც ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში ის სიკვდილით დასჯას არ დაექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში, ეს ის ინფორმაციაა, რაც ჩვენი მხრიდან იყო გადამოწმებული, სხვა მიმართვა ან განცხადება/საჩივარი ჩვენთან არ ჰქონია და, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ“, – ამბობს ლომჯარია.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ გადაამოწმა ეს ინფორმაცია, ლომჯარია აპარატის თანამშრომლებს ასახელებს და ამატებს:

“ექსტრადირების საქმე სახელმწიფოთაშორისი საკითხია, თუ ის წამებასა და არადამიანურ მოპყობას დაექვემდებარება, რა თქმა უნდა, ექსტრადირება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ზოგადად, რუსეთში არ არის სახარბიელო ვითარება, მით უმეტეს, ციხეებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ყოველთვის ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განმარტავს სახალხო დამცველი.

“ეს საკითხი ნამდვილად შეისწავლა ომბუდსმენის აპარატმა და საბოლოოდ მივიდა იმ დაკსვნამდე, რომ ვინაიდან იაროსლავ სუმბაევს ოფიციალურად არ აქვს წარდგენილი ბრალი ევგენია შიშკინას მკვლელობისთვის, რუსული სამართალმცველების მიერ და ევროპული კონვენციის მიხედვით ექსტრადაციის შესახებ იკრძალება ადამიანის გასამრთლება ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა ექსტრადაციამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასიკვდილო განაჩენის საფრთხე მისადმი არ არსებობს”, – ამბობს სუმბაევის ადვოკატი.

“ჩვენ დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მას აუცილებლად  სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მუხლი, რომლითაც სავარაუდოდ სუმბაევს გაასამრთლებენ, ითვალსიწინებს სასიკვდილო განაჩენს, უკვე საკმარისი საფუძველია ევროპული კონვენციით იმისა, რომ არ მოხდეს იქ მისი ექსტრადიცია. მორატორიუმი საკმარისი საფუძველი არ არის, ვინაიდან მისი გაუქმება ნებისმიერ წამსაა შესაძლებელი“, – ამბობს ადვოკატი.

“მიმაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრმა ჩაიდინა აღმაშფოთებელი უკანონობა“ 

თეა წულუკიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2019 წლის მაისში საქართველოს სასამართლოებმა სუმბაევის ექსტრადირება დასაშვებად ცნეს. ამასთან, მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო 6 სექტემბრით დათარიღებული წერილით უარს ამბობს ამ ექსტრადიციის შეჩერებაზე და „არ თვლის, რომ სუმბაევი შესაძლოა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას“.

სწორედ ამ გადაწყვეტილებას აფასებს ვანო ნორაკიძე “აღმაშფოთებელ უკანონობად“. ის ნეტგაზეთთან ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ სუმბაევმა ექსტრადაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

“ის ვალდებული იყო, რომ დალოდებოდა სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს და მხოლო და მხოლოდ ამის შემდგომ მოეხდინა მისი ექსტრადიცია, თუმცა მან ეს ფაქტი არ მიიღო მხედველობაში და გაუშვა ეს ადამიანი რუსეთში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სუმბაევს შეუფარდეს საექსტრადიციო პატიმრობა ორი დღის წინ, ჩვენ ჯერ რამდენიმე დღე გვაქვს დარჩენილი ამ გადაწყვეტლების გასაჩივრებისთვის. იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო ჩვენი კანონის თანახმად დალოდებოდა ვადის ამოწურვას და როდესაც უკვე საბოლოოდ კანონიერ ძალაში შევიდოდა გადაწყვეტილება იაროსლავ სუმბაევის პატიმრობაში დატოვების თაობაზე, მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მისი ექსტრადირება. თუმცა არც ამას დალეოდა, ეს კანონიც დაარღვია და მაინც გადასცა რუსეთს”, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ამჟამად ასეთი სიტუაცია იკვრება:

“ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო სასამართლოში – ვთქვათ, სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ იაროსლვ სუმბაევის პატიმრობა არის უკანონო და ის უნდა გათავისუფლდეს. რას ვაკეთებთ ამის შემდეგ, რუსეთიდან ვაბრუნებთ? ამის იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ასეთი ჰუმანური და მეგობრულია ჩვენ მიმართ და ის ამ ადამიანს დაგვიბრუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს?“, – ამბობს ნეტგაზეთთან ადვოკატი.

რას აპირებს სუმბაევის მხარე სამომავლოდ?

ვანო ნორაკიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზანი რუსეთში სუმბაევისთვის უსაფრთხოების გარანტირებაა. რაკიღა არსებობს იმის დიდი რისკი, რომ ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება და ამ რისკისგან საქართველომ ვერ დაიცვა, სუმბაევის მხარე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანოებს მიმართავს.

“ჩვენ ვაპირებთ ვთხოვოთ მათ, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერიონ და მონიტორინგი გაუწიონ რუსი სამართალდამცველების მხრიდან სუმბაევის მოპყრობას ციხეში. ასევე ვაპირებთ, რომ მუდმივ კონტაქტში ვიყოთ მის ადვოკატთან რუსეთში, რათა ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ… საქართველოდან ექსტრადირებული ადამიანები ხშირად ქრებიან, ასე რომ, აუცილებელია, მუდმივ კონტაქტზე ვიყოთ. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ასევე, რომ დავაყენოთ იუსტიციის მინისტრის პასუხიმსგებლობის საკითხი, რადგან ჩვენი კანონმდებლობით სწორედ იუსტიციის მინისტრი იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და ჩვენ ვხედავთ, რომ  ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ვახსენე, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ადვოკატი.

ამავე თემაზე

ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა

მასალების გადაბეჭდვის წესი