“გაწირეს ადამიანი” – ელენე ხოშტარია ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემაზე

“კიდევ ერთი ღიად პრორუსული და არაადამიანური გადაწყვეტილება”, – ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცა.

“ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად. თან პროცესზე პოზიცია ჰქონდათ, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ ირღვევა და ახლა ამბობენ, გარანტია მოგვცა რუსეთის პროკურატურამო. რუსეთის პროკურატურამ! სტრასბურგმა რომ დაადგინა, არ შეიძლება ასეთ ქეისებში გადაცემა, ეგ არ აინტერესებთ და რუსეთის პროკურატურა ავტორიტეტია ამათთვის! გაწირეს ადამიანი”, – წერს ელენე ხოშტარია ფეისბუკზე.

ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქის, რამზან ახიადოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება დღეს დილით განხორციელდა.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა,

“მოცემული პირის გადაცემა დღეს დილით უკვე განხორციელდა. საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში და მათ შორის, ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-15 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთიდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად საქმის აფილირებას, შეკრებასა და დაფინანსებას. ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკაშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშროისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ექსტრადირებაზე თანხმობის მიცემამდე ქართულმა მხარემ რუსეთის პროკურატურისგან წერილობითი გარანტიები მიიღო, რომ რამზან ახიადოვს საფრთხე არ დაემუქრება.

“რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის, თითოეული ჩეჩენის, თითოეული ქისტი ჩვენი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქის უფლებები იყო და არის პრიორიტეტი. ამიტომ, ვიდრე მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება არავითარი ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცრდეს ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით – ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლება და ა.შ… როგორც ამას ამბობს სტრასბურგის სტანდარტი, არავითარი ეჭვი არ არსებობს ხოლმე, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

რამზან ახიადოვის ადვოკატის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს, თუმცა ახიადოვი ბრალდებას მოგონილს უწოდებს; ამბობს, რომ სამშობლოში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და იქ არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com