ახალი ამბები

“სატელიტის ფოტოები” – “სახიფათო თამაშები” რამიშვილის და სხვა ადვოკატების წინააღმდეგ?

24 სექტემბერი, 2020 • 1253
“სატელიტის ფოტოები” – “სახიფათო თამაშები” რამიშვილის და სხვა ადვოკატების წინააღმდეგ?

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, არ გამორიცხავს, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დააკავონ. პროკურატურის განცხადებით, რამიშვილის ტელეფონი მხოლოდ ფოტოების წყაროსთან -დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესასწავლად გამოითხოვეს, ადვოკატის გუშინდელ დაკითხვაზე კი საქმის გარემოებები დააზუსტეს. თუმცა რამიშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს აფასებენ ადვოკატის საქმიანობაში ჩარევად როგორც თავად, ისე მისი კოლეგების ნაწილი, რაც აღნიშნული პროფესიით მომუშავე სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს.

“ცდილობდნენ, ფურცხვანიძეს დაედასტურებინა, თითქოს მე მივეცი შეკვეთა”

მიხეილ რამიშვილი, რომელიც 23 სექტემბერს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს, პროკურატურას ადანაშაულებს საქმის მის წინააღმდეგ შეტრიალების მცდელობაში.

დაკითხვიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურა ცდილობდა იმის გარკვევას, მან შეუკვეთა თუ არა ფურცხვანიძეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული და რამიშვილის მიერ გასაჯაროებული “სატელიტის ფოტოები”, რომლებიც, გამოძიების თანახმად, ფალსიფიცირებულია.

საუბარია ფოტოებზე, რომლებიც რამიშვილმა გაასაჯაროვა და რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ იყო, სადაც მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში იპოვეს. ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

23 სექტემბერს, რამიშვილის დაკითხვიდან გამოსულმა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ თქვა, რომ უმეტესი კითხვა, რაც დავით ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა, რამიშვილმა დაადასტურა, თუმცა იყო გარემოებები ახლო წარსულიდან, რომელიც მას არ ახსოვდა, კითხვების ნაწილზე კი “ხელოვნურად ცდილობდა თავის არიდებას”.

“ის ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია, ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე მას გარკვეულწილად არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა”, – თქვა პროკურორმა.

მიხეილ რამიშვილი პროკურატურისადმი ზემოხსენებულ ბრალდებას ახმიანებდა დაკითხვამდე ერთი დღით ადრეც, ტვ პირველის გადაცემაში “რეაქცია”. მისი განცხადებით, “სატელიტის ფოტოების” წყაროდ დასახელებული დავით ფურცხვანიძის შემთხვევაშიც, რომელიც ასევე დაიკითხა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, იყო მცდელობა, გამოეკვეთათ, თითქოს თავად აძლევდა მითითებებს ფურცხვანიძეს.

“…ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც [დაკითხვა] დასრულდა, მთელი სამი საათი, ყველა კუთხიდან, ყველა ფორმატში, მიმდინარეობდა შემდეგი შინაარსით, რომ ვითომდა მიხეილ რამიშვილმა  როგორ დაუკვეთა, ვითომ ის როგორ აძლევდა მითითებებს, რომ ამაზე თანხმობა მიეცა.

[ეკითხებოდნენ] რამიშვილმა შეგიკვეთათ, რამიშვილმა დაგავალათ, რამიშვილმა მოგცათ მითითება?.. ის ეუბნებოდა, რომ მე ხომ მოგეცით ჩვენება, ხომ გითხარით, რომ მე მივედი ბატონ რამიშვილთან, მე შევთავაზე დახმარება, მე ვუთხარი მას, რომ სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობ, ჩემი საქმე გამაჩნია, მე შევთავაზე დახმარება…”, – თქვა ადვოკატმა გადაცემაში.

რამიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დავით ფურცხვანიძეს არ იცნობდა 2 სექტემბრამდე, როცა თავად დაუკავშირდა ადვოკატს და შეხვედრა სთხოვა. ადვოკატის თქმით, როგორც ყველა სხვა ადამიანი, რომელიც სხვადასხვა საკითხზე უკავშირდება, ისიც თავის ოფისში მიიპატიჟა და სწორედ ამ შეხვედრაზე აუწყა ფურცხვანიძემ “სატელიტის ფოტოების” არსებობის შესახებ.

მისი თქმით, გამოძიებას ეს ყველაფერი თავად ფურცხვანიძემაც უამბო, თუმცა:

“ორიენტირება[მაინც] მიდიოდა, რომ მე ვიყავი დამკვეთი, მე ვიყავი მობილიზებული და მე ვიცოდი, რომ ეს ყალბი იყო. მიუხედავად ამისა, ვერ ათქმევინეს ადამიანს”.

რამიშვილმა ასევე ისაუბრა სასამართლოს განჩინებაზე, რომლის ძალითაც პროკურატურას მისი მობილური ტელეფონიდან დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი მასალებისა და “სატელიტის ფოტოების” გამოთხოვის უფლება მიეცა.

პროკურატურის ცნობით, რამიშვილის ტელეფონი, მისივე თანხმობით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაუგზავნეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბიუროდან მხოლოდ ადვოკატისა და ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია გამოითხოვეს, დისკზე ჩაწერეს და სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს.

სხვა ვერსია აქვს რამიშვილს, რომელიც ექსპერტიზის ბიუროში ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს ესწრებოდა, შემდგომ კი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, გამოძიების წარმომადგენლებმა მისი ტელეფონიდან არა მხოლოდ ზემოაღნიშნული ფაილები, არამედ ტელეფონში არსებული “მთელი ინფორმაცია” გადაიტანეს კომპიუტერში.

“…რომ ვკითხე, რას შვრებით- მეთქი, მითხრეს, ყველაფერი უნდა გადმოვწეროთ, მერე დავჯდეთ ერთადო და იქიდან დავახარისხებთო… ბატონ დავითს რაც ეხება, იმას გადმოვწერთო. ანუ, მე უცხო ადამიანთან ერთად უნდა მესმინა, რა მიწერია იქ, ვის ველაპარაკები… იმას უნდა ესმინა დასაწყისი, შუა, ბოლო… რას ნიშნავს ეს, ჩემს პირად ცხოვრებაში იჭრებიან…”, – თქვა მან.

მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიებას მასთან მიდავების საფუძველი არ აქვს, ვინაიდან დავით ფურცხვანიძის მიერ მისთვის მიწოდებული ფოტოები გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით არც წარუდგენია:

“გინდ ყოფილა ეს ფოტოსურათები, გინდ არ ყოფილა, ჩემთვის მაინც საკმარისია არსებული მტკიცებულებები საქმეში. მე უბრალოდ მაინც ჩემს თავში უფრო მეტი სიმტკიცისთვის, ტელევიზიიდან ვანახე საჯაროდ, მტკიცებულებად კი არ მიმიტანია”.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად საფუძვლის არარსებობისა, მაინც არ გამორიცხავს მის დაკავებას, ვინაიდან აშკარაა, რომ პროკურატურა აღნიშნული ფოტოების ეპიზოდით ბაჩალიაშვილის საქმის “გადაფარვას” ცდილობს.

“იმდენი ენერგია და დრო დაკარგეს ამ საგამოძიებო მოქმედებებზე, დავით ფურცხვანიძესა და ჩემზე, ამდენი დრო და ენერგია ამ საქმეზე რომ დაეხარჯათ თამარის საქმეზე, უფრო წინ წაიწევდნენ.

ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ გადაფარვა უნდათ ახლა და არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ  დამაკავონ და თუ არ დამაკავებენ, შეიძლება, სადმე თვითმკვლელობით დავამთავრო და მერე თქვან, რომ ნერვებმა მიმტყუნაო”, – აღნიშნა რამიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას.

რამიშვილის მონაყოლს დავით ფურცხვანიძის დაკითხვასთან დაკავშირებით თავად ფურცხვანიძეც ადასტურებს:

“…ხან იმ კუთხიდან, ხან ამ კუთხიდან[სვამდნენ კითხვებს], რომ რამენაირად რამიშვილი [თითქოს] საქმის კურსში იყო მანამდე, ვიდრე ეს სურათები მას მიუვიდოდა და მას თითქოს ჰქონდა ამის წინასწარი მოლოდინი. და ეს არ არის ასე”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“სახიფათო თამაში” – ადვოკატების პროტესტი

მიხეილ რამიშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისი კოლეგები შეიკრიბნენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სახიფათო შემთხვევაა და საადვოკატო საქმიანობაში ჩარევის პრეცედენტს ქმნის, რომლისგანაც შემდგომ არც სხვები იქნებიან დაცულნი.

სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლში ვკითხულობთ:

“მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ)ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით”.

დღევანდელი აქციის მონაწილე ადვოკატები მიიჩნევენ, რომ რამიშვილის მიმართ ეს მუხლი დაირღვა, ვინაიდან სასამართლოს განჩინების შემდეგ მას სხვა გზა აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გამოძიებისთვის ტელეფონი ნებით ჩაებარებინა.

“მაგალითად, მე ვმუშაობ კონკრეტულ საქმეზე. ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ, ამოიღონ ტელეფონი, დამაშინონ, მითხრან, რომ საქმის ფალსიფიკაციას ვახდენ და უნდა დამიჭირონ ან ჩამომაშორონ საქმეს. ეს რისკი ძალიან ახლოს არის რამიშვილთან და ვცდილობთ, ეს პრეცედენტი არ დავუშვათ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

კიდევ ერთ ადვოკატს, ბექა ბასილაიას სასამართლოს განჩინების საჭიროების დასაბუთება ბუნდოვნად მიაჩნია. ეს ეყრდნობა რამიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პროკურაურამ მისი ტელეფონიდან სხვა, “სატელიტის ფოტოების” ეპიზოდთან კავშირში არმყოფი მასალები ამოიღო და გამოთქვამს ეჭვს, რომ “მისი საადვოკატო საქმიანობა სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც ილახება”.

“რა თქმა უნდა, საადვოკატო საქმიანობაში ჩარევა არ უნდა მომხდარიყო. მან ფოტოსურათები ვისგანაც მოიპოვა, დაასახელა. შესაბამისად, ადვოკატის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ემსახურება ერთადერთ მიზანს: სამართლებრივად დააბულინგონ რამიშვილი და შემდგომ, თუ შეწყვეტენ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას, მორალური უპირატესობა ჰქონდეთ, რომ შენზე გამოძიება მიმდინარეობს და ხმას როგორ იღებ”, – უთხრა ბასილაიამ “ნეტგაზეთს”.

პროკურატურა გამორიცხავს რამიშვილის ტელეფონში რაიმე სხვა ფაილის დათვალიერებას,ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტებისა და “სატელიტის ფოტოების” გარდა. უწყების თქმით, ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებს და მიხეილ რამიშვილის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული თუ სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია არ წარმოადგენს  ინტერესის საგანს.

უწყება ასევე ამტკიცებს, რომ ტელეფონიდან შესაბამისი ფაილების გამოთხოვის შემდეგ, მიხეილ რამიშვილს შესაბამის ოქმზე ხელის მოწერა სთხოვეს, რის შემდეგაც რამიშვილს კუთვნილი ტელეფონი უნდა ჩაბარებოდა, თუმცა “მიხეილ რამიშვილმა მასზე [ოქმზე] ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა”.

ორგანიზაცია GDI-ს იურისტი “სახიფათო თამაშს” უწოდებს არა მხოლოდ რამიშვილის ტელეფონის ეპიზოდს, არამედ პროკურატურის მიერ ფალსიფიკაციის მუხლით გამოძიების დაწყებას. მისი თქმით, მსგავს დანაშაულს ადვოკატი თუ რიგითი მოქალაქე ვერ ჩაიდენს.

“სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია) გათვალისწინებულ დანაშაულს ყველა ვერ ჩაიდენს. სამართლებრივ ენაზე ამას სპეციალური ამსრულებელი ჰქვია. მაგალითად, რიგითმა მოქალაქემ რომ გამოდოს ფოტოშოპით გაკეთებული ფოტოები ბაჩალიაშვილის საქმეზე რაიმეს სამტკიცებლად, გამორიცხულია ამ მუხლით მისი პასუხისგებაში მიცემა.

ასევეა დაზარალებულის ადვოკატი. დაზარალებულის ადვოკატი არ არის მხარე სისხლის სამართლის საქმეში. ის არ ქმნის მტკიცებულებებს და მის მიერ მოპოვებული თუ შექმნილი მტკიცებულებები მართლმსაჯულების განხორციელების ბედს არ წყვეტს.

ასეთი შეიძლება იყოს პროკურორი, გამომძიებელი და ბრალდებულის ადვოკატი. ან მაქსიმუმ ის მოხელეები, ვინც გამოძიებას აწარმოებენ. ვისაც აქვს რესურსი მისი აქტიური მოქმედებით გამოძიების პროცესსა და შედეგზე მოახდინოს გავლენა. ან ექსპერტი, მაგალითად”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

მარიკაშვილის თქმით, “პროკურატურას შეეძლო, საერთოდ უგულებელეყო ეს ფოტოები და ალტერნატივად ეცადა იმავე ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება; ან მიეღო, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და ეთქვა, რომ ყალბია, ან არ არის ყალბი და  აქ დაემთავრებინა”.

“სატელიტის ფოტოებსა” და ბაჩალიაშვილის საქმეზე მოკლედ

18 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პირი, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო, დავით ფურცხვანიძეა. საუბარია ფოტოებზე, რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ იყო, სადაც მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში იპოვეს.

ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

პროკურატურამ ფოტოების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ “სატელიტის ფოტოები” “დილეტანტურად” იყო გაყალბებული.

სატელიტის კადრები

მოგვიანებით რამიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ფურცხვანიძეს არ იცნობდა. ამასთან. რამიშვილის თქმით, ფურცხვანიძე თავად დაუკავშირდა, ოფისში მიაკითხა და “ბევრ თემაზე” ესაუბრა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი