ახალი ამბები

ადვოკატებმა მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

23 სექტემბერი, 2020 • 1361
ადვოკატებმა მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატებმა მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მთავარი მიზეზი გახდა რამიშვლისთვის, როგორც ადვოკატისთვის, ტელეფონის ჩამორთმევა და მისი დაკითხვაზე დაბარება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, სასამართლომ კანონი დაარღვია, როდესაც რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის და მისი დაკითხვის განჩინება გასცა. კერძოდ, მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებებში მოწმის სახით სავალდებულო მონაწილეობისგან ადვოკატს იცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის ა ქვეპუნტქი. მოცემული მუხლის თანახმად, ადვოკატს არ ეკისრება მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება:

ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

სწორედ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, აქციის მონაწილე ადვოკატები უკანონოდ მიიჩნევენ სასამართლოს განჩინებას და ამბობენ, რომ მსგავსი პრეცედენტის შექმნა საფრთხის შემცველია ამ პროფესიის სხვა წარმომადგენლებისთვისაც. კობაიძის განამრტებით, ეს არის ადვოკატის დაშინების ერთ-ერთი ფორმა.

“მსგავსი პრეცედენტის დაშვების შემდეგ, ნებისმიერ საქმეზე შეიძლება ნებისმიერი ადვოკატი დააშინონ, უთხრან, რომ ის საქმის ფალსიფიკაციას ახდენს და იძულებული გახადონ საქმეს ჩამოშორდეს. მაგალითად, თუ ადვოკატს ბრალდებულის სტატუსს მიანიჭებენ, ის იძულებული იქნება, ინტერესთა კონფლიქტის გამო საქმეს ჩამოშორდეს”, – განმარტავს კობაიძე.

რამიშვილის მიმართ სასამართლოს მხრიდან აღნიშნული განჩინების გაცემას “სამართლებრივ ბულინგს” უწოდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ადვოკატი ბექა ბასილაია. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბასილაიამ განმარტა, რომ ეს განჩინება ადვოკატის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა:

“სასამართლოს მხრიდან მობილურის დათვალიერების შესახებ განჩინების გაცემა ცალსახად უკანონოა, ადვოკატის პროფესიული საქმიანობა და კლიენტებთან ურთიერთობა დაცულია კანონით და ამ უფლებაში ასეთი უხეში ჩარევა დაცვის უფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთან, განჩინების დასაბუთებაც არის ძალიან ბუნდოვანი. ამით შესაძლოა ადვოკატის უფლება შეილახოს არა მხოლოდ ამ [ბაჩალიაშვილის] საქმის მიმართ, არამედ სხვა საქმეების მიმართაც, რადგან, როგორც რამიშვილმა თქვა, პროკურატურამ მის ტელეფონში არსებული ინფორმაციის კვლევა დაიწყო”, – განაცხადა ბასილაიამ.

მისი თქმით, პრობლემატურია ისიც, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა მეთოდები გამოიყენა პროკურატურამ იმისთვის, რომ რამიშვილის ტელეფონში მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან კომუნაკაცია ენახა ისე, რომ მის სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონოდა.

“რამიშვილი არაერთ საქმეზე მუშაობს, მის ტელეფონში შეიძლება მათთან დაკავშირებული ინფორმაციებიც ინახებოდეს, რაც საგამოძიებო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა”, – განაცხადა ბასილაიამ.

მისი განმარტებით, დამაჯერებლად არ მიაჩნია პროკურატურის გუშინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, “სატელიტის ფოტოების” ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. შესაბამისად, რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მას ხელს არ უშლის განაგრძოს ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა:

“რას ნიშნავს სხვადასხვა საქმეა, ფორმალურად სხვადასხვა ნომერს მიანიჭებენ, მაგრამ ეს ხომ ბაჩალიაშვილის საქმესთან პირდაპირ კავშირშია – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატია მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის საქმეზე წარდგენილ ფოტოსურათებს ეხება საქმე, ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა ამ ფოტოსურათებზე ექსპერტიზა, როგორ შეიძლება, ეს ორ დამოუკიდებელ, ერთმანეთისგან განყენებულ საქმედ წარმოვიდგინოთ”, – განაცხადა ბასილაიამ.

აქციის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. მიხეილ რამიშვილის თქმით, კითხვები ფურცხვანიძესთან მის კომუნიკაციას შეეხებოდა, კერძოდ კითხვები იყო დასმული მათი საუბრის გარშემო, თუ რას ნიშნავდა კონკრეტული ფრაზები. მისი თქმით, დაკითხვისას პროკურატურა ცდილობდა იმის გარკვევას, მან შეუკვეთა თუ არა ფურცხვანიძეს “სატელიტის ფოტოები”.

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემაც. მისი თქმით, დაკითხვაზე რამიშვილმა უმეტესი დეტალი დაუდასტურა, თუმცა გარკვეულ კითხვებზე, რომლებიც უახლოეს წარსულს უკავშირდებოდა, უპასუხა, რომ არ ახსოვს. პროკურორის თქმით, რამიშვილის დაკითხვის შედეგად ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება დაზუსტდა, მაგალითად, ის, რომ მის კონტაქტებში “ყარაბაღის” სახელით ჩაწერილი პირი სწორედ ფურცხვანიძეა.

რამიშვილის ტელეფონისთვის ექსპერტიზის ჩატარების და მისი დაკითხვის შესახებ გუშინ, 22 სექტემბერს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში განმარტებული იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის გამოთხოვის ერთადერთი მიზეზი “სატელიტის ფოტოებთან” დაკავშირებით ფალსიფიკატორის დადგენაა და რამიშვილის ტელეფონის გამოთხოვის მოტივიც მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესწავლა იყო.

ასევე, განცხადების მიხედვით, პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უწყებას რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან დავით ფურცხვანიძესთან “სატელიტის ფოტოების” შესახებ კომუნიკაციის შესწავლის უფლება მიეცა.

18 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პირი, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო, დავით ფურცხვანიძეა. საუბარია “სატელიტის ფოტოებზე”, რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ იდგა, სადაც მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში იპოვეს. ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

პროკურატურამ ფოტოების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ “სატელიტის ფოტოები” “დილეტანტურად” იყო გაყალბებული.

მოგვიანებით რამიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ფურცხვანიძეს არ იცნობდა. ამასთან. რამიშვილის თქმით, ფურცხვანიძე თავად დაუკავშირდა, ოფისში მიაკითხა და “ბევრ თემაზე” ესაუბრა.


თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი