ახალი ამბები

პროკურატურის თქმით, რამიშვილის ტელეფონი მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესასწავლად გამოითხოვეს

22 სექტემბერი, 2020 • 1306
პროკურატურის თქმით, რამიშვილის ტელეფონი მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესასწავლად გამოითხოვეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის გამოთხოვის ერთადერთი მიზეზი “სატელიტის ფოტოებთან” დაკავშირებით ფალსიფიკატორის დადგენაა და რამიშვილის ტელეფონის გამოთხოვის მოტივიც მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესწავლა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უწყებას რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან დავით ფურცხვანიძესთან “სატელიტის ფოტოების” შესახებ კომუნიკაციის შესწავლის უფლება მიეცა.

“ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც მიხეილ რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს”, – წერია განცხადებაში.

ასევე, უწყების ცნობით, რამიშვილის ტელეფონი, მისივე თანხმობით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაუგზავნეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბიუროდან მხოლოდ ადვოკატისა და ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია გამოითხოვეს, დისკზე ჩაწერეს და სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს.

“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ზემოთ აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ, მიხეილ რამიშვილს შესაბამის ოქმზე ხელის მოწერა სთხოვეს, რის შემდეგაც რამიშვილს კუთვნილი ტელეფონი უნდა ჩაბარებოდა, თუმცა “მიხეილ რამიშვილმა მასზე [ოქმზე] ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა”.

პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 23 სექტემბერს მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება. უწყების განმარტებით, რადგან “სატელიტის ფოტოების” საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი, რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა არ შეუშლის ხელს ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი ოჯახის ინტერესების დაცვაში.

18 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პირი, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო, დავით ფურცხვანიძეა. საუბარია ფოტოებზე, რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ იყო, სადაც მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში იპოვეს.

ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

პროკურატურამ ფოტოების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ “სატელიტის ფოტოები” “დილეტანტურად” იყო გაყალბებული.

მოგვიანებით რამიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ფურცხვანიძეს არ იცნობდა. ამასთან. რამიშვილის თქმით, ფურცხვანიძე თავად დაუკავშირდა, ოფისში მიაკითხა და “ბევრ თემაზე” ესაუბრა.


თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი