ახალი ამბები

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

18 სექტემბერი, 2020 • 1979
ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დაასახელა პირი, ვისგანაც მიიღო „სატელიტის ფოტოები“, რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იმ ადგილას, სადაც იპოვეს.

ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „სატელიტის ფოტოები“ „დილეტანტურად“ იყო გაყალბებული.

რამიშვილის წყაროს სახელია დავით ფურცხვანიძე, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ წყაროს არც „ნეტგაზეთთან“ ასახელებს და ამბობს, რომ არც გამოძიებას დაუსახელებს.

ფურცხვანიძე ასევე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე „დიდი საქმის“ ნაწილია, რომელსაც იძიებს და რომელიც „ჯერჯერობით პროცესშია“. რა ვიცით მასზე?

რა ხდება?

„ის არის მზად, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს“, – უთხრა ადვოკატმა რამიშვილმა ჟურნალისტებს 18 სექტემბერს. ამის შემდეგ მან კამერების წინ დაურეკა წყაროს — ფურცხვანიძეს, „სპიკერზე“ ჩართო და ჰკითხა, იყო თუ არა მზად, პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა და დაედასტურებინა, რომ „სატელიტის ფოტოები“ მისგან მიიღო, რაზეც მან დადებითად უპასუხა.

„ამ წუთში რომ დამირეკონ, შეიძლება, ვერ გავცე პასუხი, მაგრამ მზადა ვარ“, – უპასუხა პირმა, რომელიც, რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე იყო. მოგვიანებით მან „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ სწორედ ის იყო რამიშვილის წყარო.

ცოტა ხნით ადრე პროკურატურაში ბრიფინგზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ რამიშვილის მიერ წარდგენილი „სატელიტის ფოტოები“ დილეტანტურად იყო გაყალბებული, რაც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა.

სატელიტის კადრები

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ „ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა“ და ექსპერტიზამაც „უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე“, მოხდება სამართლებრივი რეაგირება, ვინაიდან:

„სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია“.

„რატომ უნდა დავასახელო წყარო“?

სწორედ ამის შემდეგ დაასახელა ადვოკატმა რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას წყაროდ დავით ფურცხვანიძე. მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა:

„მე ყველას ვენდობი, ვისაც სურვილი აქვს, ამ საქმეში, ამ ბინძურ ორგანიზებულ მკვლელობაში, დამეხმაროს. ვენდობი ყველას… ადამიანი დამიკავშირდა, მოვიდა ოფისში, მესაუბრა ბევრ თემაზე, გამეცნო ვინც იყო… არანაირი კავშირი არ მქონია, არც ვიცნობდი, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ძალიან განათლებული ადამიანია“…

„ნეტგაზეთი“ დავით ფურხვანიძეს რამიშვილისგან დამოუკიდებლად დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ სწორედ ის იყო ადვოკატის წყარო.

ჩვენ მას ვკითხეთ, საიდან ჰქონდა რამიშვილისთვის მიწოდებული ფოტოები:

„არსებობს ხალხი, ვისაც ხელეწიფება სატელიტის ფოტოს მიღება… [ასეთები] არიან ჩემი პარტნიორები. მეგობრებიც, ამავდროულად. და იმათგან მივიღეთ“. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, არის თუ არა მზად, რომ ჩვენ ან გამოძიებას დაუსახელოს იმ პარტნიორების ვინაობა, ვისგანაც მიიღო ფოტოები, გვიპასუხა:

„სულაც არა. რატომ უნდა დავუსახელო პროკურატურას ჩემი კონფიდენციალური წყაროს სახელი და გვარი? თვითონ ინფორმაცია მოპოვებულია არაოფიციალურად, იმიტომ, რომ ოფიციალურად ასეთი ინფორმაცია მოიპოვება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროები“.

კითხვაზე პასუხად მან დაგვიდასტურა, რომ საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა მიხეილ რამიშვილს და გვითხრა: „მე მარტო მაგ საქმეს არ ვიძიებ, ეს არის ერთი ეპიზოდი და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩემი ინტერესიც ეპიზოდის გამოკვლევა იყო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა“.

„ნეტგაზეთმა“ მას ჰკითხრა, რა საქმეს იძიებდა: „ეს არის დიდი ფინანსური მაქინაციების ერთობლიობა, რომელშიც ბაჩალიაშვილის საქმე არის ერთ-ერთი ეპიზოდი“; ვკითხეთ, რა გამოიკვლიეს და რისი თქმა შეუძლია ამ ეტაპზე, რაზეც გვიპასუხა, რომ გამოძიება „ჯერჯერობით პროცესშია“; მან ასევე გვითხრა, რომ ამ „საქმეს“ საკუთარი ინიციატივით, „ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე“ იძიებს.

რას ამბობს ფოტოებზე შეუსაბამობებების შესახებ

ჩვენ მას ასევე ვკითხეთ, ენდობოდა თუ არა აღნიშნულ წყაროს და ავთენტურად მიაჩნია თუ არა რამიშვილისთვის გაგზავნილი ფოტოები, რაზეც დადებითად გვიპასუხა.

დღესვე პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი – „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში“:

  • ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე.
  • ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან.
  • ასევე, როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.

ექსპერტიზის თანახმადვე, რამიშვილის წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ:

  • ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება;
  • ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
  • აქედან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით;

„ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში“, – აცხადებს პროკურატურა.

მას შემდეგ, რაც  „ნეტგაზეთმა“ ფურცხვანიძეს მოუყვანა ნაწილი პროკურატურის გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნიდან და ჰკითხა შეუსაბამობების შესახებ, მან თქვა: „როდესაც ვადარებთ ვაშლს და მსხალს, უპრიანი არ იქნება, რომ ვაშლი ვაშლს შევადაროთ?.. რატომ არ მოაქვთ თავიანთი მოპოვებული სატელიტური ფოტოები?“

საქართველოს პროკურატურას რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადებული აქვს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis-ს.

„ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები“, – აცხადებდა პროკურატურა.

ამასთან, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, — რომ მისი არგუმენტი ვერ გამორიცხავს, არ ეწინააღმდეგება ამ ფოტოს შესაძლო სიყალბეს, — ფურცხვანიძემ გვიპასუხა: „ამ დასკვნას ვინ აკეთებს? მე შემიძლია მოვიტანო საპირისპირო ექსპერტიზა, რომელიც იმას გააბათილებს… განცხადებას ისეთს გავაკეთებ ცოტა ხანში დამაჯერებელს, რომ ვერც ერთი პროკურატურა“…

რას საქმიანობს ფურცხვანიძე

ფურცხვანიძემ დაგვიდასტურა იმ ცნობების ნაწილი, რაც მის შესახებ საძიებო სისტემებში იძებნება: ფურცხვანიძე არის „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელი. ჩვენ საქმიანობაზეც ვკითხეთ, – სარგებლობს თუ არა „ანტიკრიზისული ცენტრის“ სერვისით ვინმე:

„ჩვენ კარგა ხანია, ანტიტერორისტულ საქმიანობას ვიკვლევთ, ვიკვლევთ ყველაფერს, რაც უკავშირდება ძირითადად დიდი რაოდენობის თანხის გათეთრებას. დიდი რაოდენობის თანხები, როგორც წესი, მიემართება უკანონო საქმიანობას… [ჩვენი სერვისით] სარგებლობენ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები, მათ შორის ისრაელი, უნგრეთი, ინგლისი და აშშ. დაფინანსების წყარო არის ჰონორარები და ა.შ. [ერთი სიტყვით] ფინანსურ მდგომარეობას არ ვუჩივით“.

ამავე დროს, ფურცხვანიძემ დაგვიდასტურა, რომ ორგანიზაცია Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს (ESLG) დამფუძნებელია. ამ ორგანიზაციას გამოცემული აქვს წიგნი ვლადიმერ პუტინის შესახებ — „ვლადიმერ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი“. წიგნის ავტორი, მისი თქმით, ბანგლადეშელი მწერალია.

მან დაგვიდასტურა, რომ ეს წიგნი მისმა ორგანიზაციამ დაარედაქტირა და გამოსცა, თუმცა გვითხრა: „არა მხოლოდ – იქ არის ტრამპის, სი ძინპინის [შესახებ დაგეგმილი წიგნების გამოცემა]… ეს არის პროექტები წიგნებისა – მსოფლიოს გამორჩეული ლიდერები“.

წიგნის ქავერი

კითხვაზე, ეს წიგნი მათი ინიციატივით დაიწერა თუ არა, თქვა: „ჩვენ რედაქტირება გავაკეთეთ, თანაც, ამ ბანგლადეშელმა მწერალმა თვითონ მოგვმართა და მოხდა ინტერესთა თანაკვეთა, რადგან ჩვენ ისედაც გვინდოდა… ახლა შეკვეთილია სხვა ლიდერებზე და ისინიც მზადების პროცესშია“.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავით ფურცხვანიძე რამდენჯერმე ჰყავს ციტირებული გამოცემა News Front Georgia-ს, რომელიც, MDF-ის „მითების ლაბორატორიის“ თანახმად, კრემლთან აფილირებული გამოცემაა.

როგორც „მითების ლაბორატორიის“ დოსიედან ვგებულობთ, 2012 წლის სტატიაში პრორუსულ გამოცემა „საქართველოს და მსოფლიოს“ დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად ჰყავს მოხსენიებული და გამოქვეყნებული აქვს მასთან ინტერვიუ საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებზე; ამასთან, მათივე ცნობით, ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული „ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის“ და გორჩაკოვის ფონდის მიერ  გამართულ მრგვალ მაგიდაში; 2018 წელს კი  „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ მამა-შვილი სკრიპალები „ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს“ და აცხადებდა, რომ „დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად“…

მასალების გადაბეჭდვის წესი