ისრაელის გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური გამოცემა „გლობესი“ წერს, რომ აზერბაიჯანი ისრაელის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია „ელბიტ სისტემსისგან“ სარაკეტო სისტემებს შეიძენს. გარიგების ღირებულება 235 მილიონი დოლარია.

გამოცემის ცნობით, კომპანია „ელბიტ სისტემსმა“ განაცხადა, რომ ევროპელ ერთ-ერთ მომხმარებელთან 235 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. კომპანიას მყიდველის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა გამოცემა „გლობესი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ქვეყანა აზერბაიჯანია.

კონტრაქტი ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და მყიდველი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა. მის შესრულებას სამი წელი დასჭირდება.

შეთანხმების თანახმად, „ელბიტ სისტემსი“ მყიდველს საშუალო სიშორის EXTRA-MR ტიპის რაკეტებს, PULS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, დამატებით სარაკეტო-საარტილერიო პლატფორმებსა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მიაწვდის. EXTRA-MR ზუსტად დამიზნებადი რაკეტაა, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეების გასანადგურებლად იყენებენ.

„გლობესის“ ცნობით, შეთანხმება აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის ბოლო პერიოდში კვლავ გაფართოების ფონზე გაფორმდა. გამოცემა ერთი კვირის წინაც წერდა, რომ ისრაელის კომპანია „არი არმსმა“ აზერბაიჯანში M4 ტიპის იარაღის საწარმოებლად ქარხანა აამუშავა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ 235 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი სწორედ მას ეხება.

გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანი მანამდეც იყენებდა ისრაელში წარმოებულ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის Hermes 900-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს, Barak MX-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და Spike-ის ტიპის რაკეტებს.