ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.
ამის შესახებ მან „შაბათის ფორმულასთან“ ისაუბრა.
როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, ის უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.
„2 მარტს ვტოვებ მე საქართველოს. ვტოვებ იმიტომ, რომ მე, უბრალოდ, აქ არანაირი საშუალება არ მექნება არამარტო ჩემი თავი დავიცვა, არამედ ის ადამიანები დავიცვა, ვის ინტერესებსაც დღესაც ვიცავ“, – განაცხადა რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილი, რომელიც გახმაურებულ საქმეებზე მუშაობდა, მათ შორის ის იყო ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესა და „ციანიდის საქმეზე“, ამბობს, რომ მისი მოსყიდვა და მასზე ზეწოლა არაერთხელ უცდიათ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს ადვოკატთა იმ ჯგუფის განადგურებას, რომელიც აქციებზე დადის და იმ ადამიანების უფლებებს იცავს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას ითხოვენ.
როგორც რამიშვილი ამბობს, მის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით წარმოშობილი სამოქალაქო დავით ახლა „ქართულ ოცნებას“ შანსი ჩაუვარდა, რომ ადვოკატთა კორპუსის გაშავება მისგან დაიწყონ.
საუბარია სახლზე, რომელიც, რამიშვილის თქმით, მან 2019 წელს შეიძინა. „ფორმულას“ ცნობით, სახლის პირველი მეპატრონე გარდაცვლილია და რამიშვილს ბინის პირველი მფლობელის ნათესავები ედავებიან.
„ფორმულას“ ინფორმაციით, სამოქალაქო დავების განმხილველმა სასამართლოს პირველმა ინსტანციამ რამიშვილს ქონება ჩამოართვა და დავაში დევს დოკუმენტი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
„ერთ-ერთი ფაქტი იყო, როდესაც მე 2019 წელს კეთილსინდისიერად და პატიოსნად შევიძინე სახლი, გარკვეული წლების შემდეგ ამ სახლზე დაიწყეს ძიება, რომ აღმოეჩინათ ისეთი რამ, რაც მათ მისცემდა საშუალებას, რომ ჩემს წინააღმდეგ დამდგარიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა…
ეს არის ერთადერთი ხელწერილი და იურიდიული მომსახურების კონტრაქტი, სადაც თითქოსდა ხელმოწერა [სახლის პირველ მფლობელზე] ძალდატანებით და დაწოლით არის გაკეთებული. ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზა, მანამდე იყვნენ ერთ-ერთ კერძო ექსპერტთან მისული და იმ ექსპერტისგან ვიცი, რომ მან უარი უთხრა იმაზე, რაც მათ მოითხოვეს. ჩემთვის, როგორც ცნობილია, მოითხოვეს ის, რა პასუხიც მიიღეს სამხარაულისგან.
აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი „კოზირი“ გამოძიებისთვის, რომ ამაში მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ნახეს და მიშა რამიშვილმა თითქოს რაღაც გააყალბა. მაგრამ მე იმდენი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი მივაწოდე გამოძიებას, რომ უკვე ფიქრია იმის თაობაზე, როგორ რა გააკეთონ. მე პირადად ვიცი, რომ რაც არ უნდა დავუდო, სულ რომ მკვდარი გავაცოცხლო და მოვიყვანო [აზრი არ აქვს]. იმიტომ ვტოვებ მე საქართველოს, რომ ძლივს ჩაუვარდათ შანსი ადვოკატთა კორპუსის გაშავება ჩემით დაიწყონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.