ახალი ამბებისაზოგადოება

სამშენებელო სამუშაოები ნამოხვანის ჩანჩქერთან [ფოტო]

22 სექტემბერი, 2020 • 2979
სამშენებელო სამუშაოები ნამოხვანის ჩანჩქერთან [ფოტო]

მდინარე რიონის ხეობაში, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ნამახვანი ჰესისთვის საჭირო კაშხალი უნდა აშენდეს, რამდენიმე დღეა კლდეს შლიან. ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, ახლოსაა ნამოხვანის ჩანჩქერთან, რომელსაც  ადგილობრივები სოფელ ნამოხვანის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევენ.

სამშენებლო სამუშაოების გამო პერიოდულად, რამდენიმე საათით იკეტება ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელი გზა და  მოსახლეობას ლოდინი უწევს.

მარიტა მუსელიანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც დღეს, 22 სექტემბერს ჩაკეტილი გზის გამო ლოდინი და შემდეგ ფეხით გადაადგილება მოუწია.

„დაახლოებით 12 საათი იქნებოდა ქუთაისიდან ტვიშისკენ რომ წავედი. ნამოხვანის ჩანჩქერამდე ორი კილომეტრით დაშორებით გზა პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. შეფერხებაა გზაზე და სამ საათამდე არ გაიხსნებაო. მე არ დავემორჩილე, მანქანით არ გამოგვატარეს და ამიტომ ფეხით წავედი.

ჩანჩქერის მიმდებარედ ტრაქტორით აქვთ მოსწორებული, ხეები სულ გაჩეხეს. ერთი კლდე იყო გამოშვერილი, რომლის თავიც მოხსნეს. რომ ვიკითხე რას აკეთებთთქო, მიპასუხეს გზასო. ვერ მიხვდები იქ გზა რანაირად ავა. როცა ფერდობს ანგრევენ, პერიოდულად საავტომობილო გზას კეტავენ, რომ ნაშალი გაიტანონ. თავიდან არ კადრულობდნენ, დროულად გაეწმინდათ გზა, მაგრამ ხალხი რომ აპროტესტებს, ახლა ცდილობენ მალე გახსნან ხოლმე,“ – გვიყვება მარიტა მუსელიანი.

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებნი 18 სექტემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ სამშენებლო მოედნის სიახლოვეს. თუმცა მათი პროტესტის მიუხედავად, კომპანია „ენკა რინიუებლზი“ თავის საქმიანობას აგრძელებს.

„ნეტგაზეთმა“ კომპანიას „ენკა რინიუებლზის“ წარმომადგენელს ჰკითხა, რა სამუშაოები  მიმდინარეობდა ამჟამად ნამახვანის ჩანჩქერის სიახლოვეს და ჰქონდა თუ არა კომპანიას ამის ნებართვა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარე ყველა სამუშაო მოსამზადებელი გახლავთ, მათ შორის, ნამოხვანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მიმდინარეობს ქვედა ნამახვანის ჰესის სადერივაციო გვირაბისთვის გათვალისწინებული ადგილის ზემოთ გზის დროებითი გადატანა. აღნიშნულ სამუშოებზე 2020 წლის 3 ივნისს გაცემულია ნებართვა #BS100014 სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. ეს სსიპ-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შედის. ნებართვა შეგიძლიათ გამოითხოვოთ აღნიშნული სტრუქტურისგან,“ – მოგვწერეს კომპანია „ენკა რინიუებლზიდან“.

მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ჩანჩქერის სრულად მოშლა. „ნეტგაზეთმა“  „ენკა რინიუებლზის“ წარმომადგენელს  ჰკითხა, კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დარჩებოდა თუ არა ნამახვანის ჩანჩქერი ძველი ფორმით. 

„მიმდინარე სამუშაოებს ნამოხვანის ჩანჩქერზე ზეგავლენა არ ექნება. თუმცაღა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩანჩქერი მდებარეობს ჰესის წყალსაცავისთვის განკუთვნილი არეალის საზღვრებში, როდესაც რეზერვუარისთვის წყლის დაგუბება დასრულდება, ის ადგილი, სადაც ჩანჩქერი მდებარეობს, წყლით დაიფარება,“ – მოგვწერეს პასუხად კომპანიიდან.

რა შენდება მდინარე რიონზე

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე დადებითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტრომ გასცა.

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვა შპს „ენკა რინიუებლზმა“ მიიღო.

დღეის მდგომარეობით ნამახვანის ჰესების კასკადს (433 მგვტ დადგმული სიმძლავრე და  1,500-მდე გგვტ.სთ წლიური გამომუშავება) საპროექტო კომპანია ENKA Renewables (“ენკა რინიუებლზ“) ახორციელებს, რომელშიც 90% – თურქულ ENKA-ს, ხოლო 10% ნორვეგიულ Clean Energy Group-ს ეკუთვნის.

საპროექტო კომპანია „ენკა რინიუებლზიდან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში „ენკა რინიუებლზმა“ ვალდებულება აიღო ააშენოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო მაგისტრალის ნამოხვანი-ტვიშის მონაკვეთი. გზის მონაკვეთის სიგრძე 20 კილომეტრამდე იქნება, მის ინფრასტრუქტურაში შევა რამდენიმე გვირაბი. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გზის მშენებლობა 200 მილიონ ლარზე მეტის დაჯდება.

ქვედა ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები და სეისმოლოგები. გარემოსდამცველები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ კომპანიას არ აქვს ჰესის მშენებლობვის ნებართვა, ხოლო სეისმოლოგების განმარტებით, ჰესის სეისმურად აქტიურ რეგიონში შენდება და ის 5 ბალიან  მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

მთავარი ფოტო: ფეისბუქ გვერდიდან “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი