კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოსახლეობა 5.9 მგვტ-იანი „ლოპოტაჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და ინვესტორის მცდელობის ფონზე, სამუშაოები დაიწყოს, საპროტესტო აქციას მართავს.
აქტივისტი, ლაფანყურელი უჩა ქორეულაშვილი „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ სოფელში წუხელ გაიგეს, რომ კომპანია პარასკევ დილას აპირებდა ადგილზე ტექნიკის შეყვანას, რის გამოც ადგილობრივების ნაწილი სოფლის შესასვლელთან ღამის პირველი საათიდან შეიკრიბა.
„დილის 8 საათზე მოვიდნენ ესენი [კომპანიის წარმომადგენლები]. შეპარვა სცადეს… რა თქმა უნდა, ვერ შევიდნენ [ხეობაში]. ვერც შევლენ“, – აცხადებს იგი.
აქტივისტის თქმით, ადგილზე 100-ზე მეტი მოქალაქეა მობილიზებული; მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც.
„10 მეტრის იქეთ ისინი დგანან, 10 მეტრის აქეთ ჩვენ. ამათ ჩვენთან კომუნიკაცია არ უნდათ; ჩვენ კი პროტესტით ვპასუხობთ, ფაქტობრივად, პიკეტირებული გვაქვს შესასვლელი. ველოდებით, როდის მოსწყინდებათ, როგორც წინა შემთხვევაში, და როდის მიბრძანდებიან“, – გვეუბნება უჩა ქორეულაშვილი.
„ჰგონიათ, რომ სოფელში არსებობენ ადამიანები, ვინც დაუწყებენ ქვების სროლას, ასეთი ხალხი არ ცხოვრობს აქ, ყოველთვის ცივილიზებულად ვუდგებოდით“, – ამბობს აქტივისტი.
სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობაზე საუბარი მრავალი წელია, მიმდინარეობს. კომპანიამ გასულ წელს, ნოემბრის ბოლოს ასევე სცადა ტერიტირიაზე ჰესის მშენებლობის დაწყება, თუმცა მოსახლეობის პროტესტის ფონზე, მშენებლობა არ დაწყებულა.
ინვესტორი
ლაფანყურში 5.9 მგვტ სიმძლავრის, მოდინებითი ჰიდროელექტროსადგურის აშენება კომპანია „ართანა ლოპოტას“ სურს.
კომპანიას, თავის მხრივ, ორი კომპანია ფლობს: ქართული „დეკა“ და იტალიური „იდროენერგია“.
„ართანა ლოპოტას“ დირექტორი ბიძინა იმნაძეა, რომელსაც „დეკაში“ 40%-იანი წილი აქვს.
„დეკას“ სხვა მესაკუთრეები კი გიორგი კალანდაძე (40%), „ჰიდრო ენერჯის ინვესტი“ (12%), შპს „გროს ენერჯი“ (5.37%) და „ფონდი კურაციო“ (2%) არიან.
ინვესტორი აცხადებდა, რომ „ყველა საჭირო კვლევა ჩატარებულია“.
13 ნოემბერს გამოცემა BMG-სთან ინტერვიუში ბიძინა იმნაძემ განაცხადა, რომ კომპანიის „პირველი და კრიტიკული ამოცანაა „ლოპოტაჰესის“ მშენებლობის დაწყება, წარმატებით განვითარება და დასრულება“.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ სათანადო კვლევები ჩატარებულია. მაგალითად, უჩა ქორეულაშვილის თქმით, „წყალთან დაკავშირებით გვაინტერესებდა, რამდენი წყლის მასა იყო კონკრეტულ სეზონებზე, იყო თუ არა იმდენი რაოდენობა, რომ 5.9 მგვტ-იან ჰესს ემუშავა“.
აქტივისტის ცნობით, დაახლოებით სამი თვის წინ, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ჩანდა მზაობა, რომ ამ კვლევებს ჩავატარებთ მოსახლეობასთან ერთად, – რახან არ გჯერათ, რომ ეს კვლევები ჩატარებულიაო“; შემდეგ უთხრეს, რომ 2 კვირაში დაუკავშირდებოდნენ, რა თანმიმდევრობით ჩატარდებოდა კვლევები, „მაგრამ 3 თვე გავიდა და არავინ დაგვკავშირებია“.