ახალი ამბები

რის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველი? – IRI-ის კვლევა

17 სექტემბერი, 2020 • 846
რის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველი? – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) აგვისტოს თვის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნა. 

შეკითხვაზე, თუ რა იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 33% თვლის, რომ ხმას კონკრეტულ პარტიაში გაწევრიანებული პერსონების და/ან კანდიდატების მიხედვით მისცემს, 23% პოლიტიკური ძალის შეფასებისთვის მნიშვნელობას ანიჭებს წარსულში გაკეთებული საქმეებს, 15%-ისთვის მთავარი კანდიდატის პოლიტიკურ პარტიასთან აფილაციაა, პლატფორმებს, პროგრამებსა და დაპირებებს 14-% ანიჭებს მნიშვნელობას, ხოლო მოსახლეობასთან შეხვედრებსა და წინასაარჩევნო კამპანიებს- 7%. მხოლოდ ერთი პროცენტი მიიჩნევს დებატებში კანდიდატის მონაწილეობას ხმის მიცემისთვის მთავარ მიზეზად. პასუხი არ აქვს 7%-ს. 

გარდა ამისა, კითხვაზე, თუ რა კომპონენტია ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამიდან ხმის მიცემისთვის, გამოკითხულთა 72% პასუხობს ეკონომიკურ პოლიტიკას. საინტერესოა, რომ ეს მონაცემი ივნისის თვის მონაცემთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. 56% მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობა და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკაა უმთავრესი კომპონენტი, განათლებას პასუხობს 17%, სასამართლო სისტემის რეფორმას უმთავრესად მიიჩნევს 13%, საგარეო პოლიტიკას -10%, რაც 5%-ით ნაკლებია ივნისის თვის მონაცემებზე. გარემოსდაცვით პოლიტიკას ძირეულად მიიჩნევს მხოლოდ 2%, სხვა პასუხი აქვს 1% პროცენტს, ხოლო 2%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე.

აღსანიშნავია, რომ რესპოდენტებს შეეძლოთ ორი შესაძლო პასუხის მონიშვნა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევას პერიოდულად ახორციელებს, წინა კვლევა 2020 წლის ივნისში ჩატარდა.  

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი