ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია, მართავს.
პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი
ოპოზიციის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ პირველად, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ თავად ლუკაშენკოც შეუერთდა და თქვა, რომ უმრავლესობა მის მხარესაა.
ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე, ბელარუსის დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეკრებისთვის ხალხი საგანგებოდ, რეგიონებიდან ჩამოჰყავდათ. სხვა ცნობების თანახმად, საჯარო მოხელეებს დემონსტრაციაზე დასწრება აიძულეს მათი სამსახურების შენარჩუნების სანაცვლოდ.
“რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიუროს თანახმად, ლუკაშენკომ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ახლა სიტუაცია რომც დამშვიდდეს, მისი მოწინააღმდეგეები მოგვიანებით მაინც გამოვლენ გარეთ “ვირთხებივით”.
“ამ აქციით თქვენ აჩვენეთ, ვინ არის სახლის პატრონი. მათ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი, უმრავლესობის აზრი”, – თქვა მან. მანვე გამორიცხა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.
Reuters-ის თანახმად, შეკრებას რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეებს, ძირითადად, ხელში ეჭირათ ბელარუსის ამჟამინდელი დროშები, საპირისპიროდ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებისა, რომლებიც პირველი რესპუბლიკის დროშებით მართავენ დემონსტრაციებს.
პარალელურად, მინსკსა და სხვა ქალაქებში იკრიბებიან ოპოზიციის მხარდამჭერები, აქციაზე, სახელწოდებით “მარში თვისუფლებისთვის”. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი პროტესტი 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რომელსაც დემონსტრანტები არ ენდობიან და მის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.
შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციებისაკენ მოწოდება ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაახმიანა. ტიხანოვსკაია არჩევნების შემდე ვილნიუსში იმყოფება. ის არ სცნობს ოფიციალურ შედეგებს.
პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.
ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია, მართავს.
პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი