„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველომ რუსეთს არ უნდა გადასცეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
სახალხო დამცველის 13 აგვისტოს გამოქვენებული ცნობით, რუსეთი საქართველოს უკრაინელი მებრძოლის, ვადიმ ალტმანის, ექსტრადიციას სთხოვს. სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, უარი უთხრას რუსეთს ექსტრადიციის მოთხოვნაზე.
სერგი კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „საქართველომ თითქმის ყველა შემთხვევაში, — გარკვეული გამონაკლისების გარდა, — თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეების გადაცემისგან, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ეპყრობა ხოლმე რუსეთი ამ ადამიანებს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ან ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან, ან იბრძოდნენ ოკუპანტის წინააღმდეგ“.
„ამიტომ, ძალიან ცალსახაა, რომ საქართველომ რუსეთს არ უნდა გადასცეს ეს ადამიანი“, – ამბობს იგი.
სერგი კაპანაძე იხსენებს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც საქართველომ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა, მათ შორის ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქეების გადაცემის შესახებ, და აცხადებს:
„ყველა შემთხვევა იყო არასწორი და დარღვევა საერთაშორისო სამართლის. ადამიანები, რომლებზეც მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაექვემდებარებიან წამებას, ან ცუდ პირობებში მოხვდებიან ციხეში. წინა პრაქტიკიდან, — საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ადგილობრივი, რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებიდან, — გამომდინარე, ასეთი ადამიანების გადაცემა არის სრულიად მიზანშეუწონელი“, – ამბობს იგი.
საუბარია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ვადიმ ალტმანზე, რომლის ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთმა საქართველოს 2020 წლის 30 იანვარს მიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ექსტრადიციის შუამდგომლობის დოკუმენტების მიხედვით, ალტმანს ბრალი ედება სხვადასხვა დანაშაულში (კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოტიკული დანაშაული).
“საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი არის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი. ასევე, მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში”, – იუწყება სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურისადმი მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პენიტენციურ სისტემაზე და ვარაუდობს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ვადიმ ალტმანი წამების მსხვერპლი გახდება:
“რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პროუკრაინულ განცხადებებს ავრცელებს. წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან”.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას.
ნახეთ ასევე:
რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება ემუქრება – გეგელია უკრაინელ მებრძოლზე