ახალი ამბები

რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება ემუქრება – გეგელია უკრაინელ მებრძოლზე

14 აგვისტო, 2020 • 1374
რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება ემუქრება – გეგელია უკრაინელ მებრძოლზე

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავის საარჩევნო ოლქში, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია, საქართველომ რუსეთს გადასცეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

სახალხო დამცველის 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ცნობით, რუსეთი საქართველოს უკრაინელი მებრძოლის, ვადიმ ალტმანის, ექსტრადიციას სთხოვს. სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, უარი უთხრას რუსეთს ექსტრადიციის მოთხოვნაზე.

გრიგოლ გეგელია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს: „უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მოქალაქე არის ჩაგვრის, წამების და პოლიტიკური რეპრესიის პოტენციური ობიექტი. განსაკუთრებით კი, პენიტენციურ სისტემაში, სადაც ტოტალურად ირღვევა ადამიანის უფლებები და სადაც დადასტურებით აქვს ადამიანთა წამებას ადგილი და კიდევ უფრო განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანები სხვადასხვა დროს იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტებში“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, — „ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში“.

ამის გათვალისწინებით, გრიგოლ გეგელია ამბობს: „შეგვიძლია გარანტირებულად ვთქვათ, რომ მისი უფლებები იქნება სასტიკად დარღვეული. ის იქნება წამების და ყველა სახის რეპრესიის მსხვერპლი“.

„საქართველოს და უკრაინას, ამ ორ მჭიდრო, დიდი მეგობრობის მქონე ერებს, ისტორიულად გვაქვს საერთო პრობლემა, — ჩვენი სახელმწიფოების სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა, წამება და მკვლელობა რუსეთის ფედერაციის მიერ. და ამ თვალსაზრისითაც დაუშვებლად მივიჩნევ, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა დააკმაყოფილოს“, – გვეუბნება გრიგოლ გეგელია.

„ამის გათვალისიწნებით, ვუერთდები ომბუდსმენის მოწოდებას და სახელმწიფოს მოვუწოდებ, ეს არ დაუშვას და არ შეარცხვინოს ზნეობრივი პოლიტიკა“, – ამბობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

ნახეთ ასევე:

რუსეთი საქართველოს უკრაინელი მებრძოლის ექსტრადიციას სთხოვს

სუმბაევის საქმის მოსალოდნელი გაგრძელება

მასალების გადაბეჭდვის წესი