კომენტარი

„ოცნების“ 6 ტყუილი ევროიტეგრაციაზე | სერგი კაპანაძე

29 ნოემბერი, 2024 •
„ოცნების“ 6 ტყუილი ევროიტეგრაციაზე | სერგი კაპანაძე

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სერგი კაპანაძე წერს, რომ „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით 6 ტყუილს ავრცელებს.

კაპანაძის განცხადებით, ეს ტყუილი გამოიხატება „ოცნების“ ლიდერების განცხადებებში, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო ბევრს ვერაფერს მოიგებს; თითქოს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ასოცირების ხელშეკრულების თუნდაც 100%-ით შესრულება საკმარისია და სხვა.

1. ასოცირების შესრულებას ვაგრძელებთ და მზად ვიქნებით 2028 წელსო. პირველ რიგში, ასოცირება სულ რომ 100%-ით შეასრულო, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეგ არ კმარა. გაწევრიანების ხელშეკრულება უნდა მოამზადო და შეთანხმდე და ამისთვის წინაპირობები შეასრულო (ახლა 9 პუნქტი, მერე კიდევ სხვა დაემატება). ამიტომ, ასოცირების და DCFTA-ს შესრულება არაფერ შუაში არაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან. გაახლოებს, მაგრამ სხვა პროცესია. ამასთან, გაწევრიანების პროცესზე უარის თქმით, პირდაპირ დაარღვიეს კონსტიტუცია. 78-ე მუხლი ამას ავალდებულებს სწორედ მთავრობას, რომ თავისი მმართველობის პერიოდში (2028-მდე) გაწევრიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს. თუ ამ პროცესს აჩერებ დე იურე, ესე იგი, არღვევ კონსტიტუციას. სრულიად ელემენტარული ჭეშმარიტებაა ეს.

2. ევროკავშირში თუ შევალთ, იზარალებს ქართული სოფლის მეურნეობა და ღვინოო. ბოდვა. ჩვენი ზომის ქვეყანას ევროკავშირი დაახლოებით 100-400 მილიონი ევროთი ეხმარება აგრარული სუბსიდიებით ყოველწლიურად. ერთ ჰექტარ ვენახზე 200-500 ევრო უწევს და 1 ლიტრ ღვინოზე 15-35 ევრო-ცენტი სუბსიდია. თუ რამით იხეირებს ქართული ეკონომიკა, განსაკუთრებით კი, მეღვინეობა, სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაა. რუსულ ბაზარს თუ დაკარგავს (ან რატომ დაკარგავს? ჩვენი გაწევრიანებისთვის, არავინ ვიცით, რუსეთთან როგორი სავაჭრო ურთიერთობები ექნება ევროკავშირს) ქართული ღვინო, სამაგიეროდ გაცილებით უფრო მსყიდველუნარიან ევროპულ ბაზარს მიიღებს, სადაც ევროკავშირისვე სუბსიდიებით იქნება კონკურენტული. როგორც უნგრული და ავსტრიული მეღვინეობა არ დაიკარგა, ისე იქნება ქართულიც. პირიქით, თუ რამე გააძლიერებს, ევროკავშირია. ჩვენს მართლა ჩაშვებულ მეღვინეობას რუსულმა ემბარგომ და რუსული ბაზრის დაკარგვამ უშველა 2005 წლიდან. მაგის გამო გაიზარდა სწორედ ხარისხი. ახლა ევროკავშირში გაწევრიანება ამ სექტორს საერთოდ დაუმარცხებელს გახდის.

3. ბევრ ვერაფერს მოგებას ვნახავთ ევროკავშირში გაწევრიანებისგანო: მარტო რეგიონული ფონდებით, ჩვენი ზომის ქვეყანამ რეგიონების გასავითარებლად წელიწადში შეიძლება 150-500 მილიონამდე დახმარება მიიღოს, რომელსაც მთლიანად რეგიონები გამოიყენებენ. სხვა მოგებაზე, რაც უკავშირდება წევრობას – ინვესტიციებს, საბანკო პროცენტების შემცირებას, ლეგალურ დასაქმებას ევროპაში და ა.შ., აღარც ვამბობ არაფერს. ამის გარდა, საქართველო რომ ევროპული ბაზრის წნეხს გაუძლებს, ეს სრულიად ნათელია უკვე ისედაც და არანაირი “ქართულ ბიზნესს ევროპული ჩაანაცვლებს” არ მოხდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ისედაც და არც ქართული ბიზნესი განადგურებულა და არც ქართული წარმოება (რა წარმოებაზეა საერთოდ საუბარი?). უფრო შორს რომ წავიდეთ, მარტო ადამიანების და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების პრინციპის გამო, უამრავ ქართველს ექნება საშუალება ევროპული სამსახურის მიღების, გინდა სპორტის კლუბებში და გინდა იურიდიულ ფირმებში. როგორი ელემენტარულია ეს ამბავი, ვერ წარმოიდგენთ

4. ევროკავშირში რომ შევალთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება მოგვიწევსო. კი ბატონო, მოგვიწევს ორმხრივი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება ჩინეთთან და ევროკავშირთან, მაგრამ ევროკავშირს აქვს თავისი შეთანხმებები კანადასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, იმ დროისთვის კი შეიძლება ბრაზილია/მექსიკა/ჩინეთიც ჰქონდეთ უკვე. რა სიბრიყვეა ამის არგუმენტად მოყვანა. ევროკავშირის 500- მილიონიანი მსყიდველუნარიანი ბაზრის გაცვლა ჩინურ ბაზარზე ცუდია? და განაცხადი რომ შეგქონდათ, მაშინ არ იცოდით ეს? თურქეთთან ევროკავშირს საბაჟო კავშირი აქვს, შესაბამისად, ჩვენი ხელშეკრულებით გვექნება თავისუფალი ვაჭრობა, თუ ევროკავშირის შეთანხმებით, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება.

5. უვიზო რეჟიმები უნდა გავაუქმოთ, როცა ევროკავშირში შევალთ, რადგან შენგენში ვიქნებით და ვეღარ გვექნება უვიზო მეზობლებთანო. ნუ, ეს ყველაზე საოცარი არგუმენტია. ჯერ ერთი, ევროკავშირის წევრობა და შენგენის წევრობა ერთი არაა. კვიპროსი ჯერაც არაა შენგენის წევრი და ბულგარეთი და რუმინეთი ამ კვირაში გახდნენ (გაწევრიანებიდან 17 წლის მერე). მეორე, სანამ შენგენში შეხვალ, შეგიძლია შენი სავიზო რეჟიმი შეინარჩუნო და ზოგადად, ამაზე ევროკავშირს შეგიძლია მარტივად მოელაპარაკო. ასე მაგალითად, კვიპროსი ევროკავშირის წევრია, ევროკავშირის პასპორტი აქვს, მაგრამ შენგენში არაა და თავისი სავიზო პოლიტიკა აქვს. მაგალითად, სომხებს უვიზოდ უშვებენ, მაშინ როცა ევროკავშირში ვიზები სჭირდებათ. ელემენტარული ცოდნის საკითხია. მაგრამ, ეს ყველაფერი ქოცებმა კიდეც რომ იცოდნენ, ისე მიეჩვივნენ ტყუილებს, რომ უკვე პროპაგანდის გარეშე აღარ შეუძლიათ. ნორმალური ხელისუფლება იმაზე იმუშავებდა, რომ ევროკავშირით გათვალისწინებული სიკეთეები აფხაზებზე და ოსებზე გაევრცელებინა, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით და არა იმაზე, რომ ამტკიცოს, დაგვღუპავს შენგენში შესვლაო.

6. დაბოლოს: ევროკავშირზე კი არ ვამბობთ უარს, მხოლოდ საბიუჯეტო დახმარებაზე და გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზეო. ესეც ტყუილია. ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნების შესრულებას და სანაცვლოდ მოლაპარაკებების დაწყებას, მერე სხვა პირობების შესრულებას და ა.შ. (უფრო კონკრეტულად პროცესი ასეთია – მოლაპარაკებების დაწყება, გაწევრიანების ხელშეკრულების თავების გახსნა და დახურვა, ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიკაცია, წევრობა). თუ ამ პროცესზე უარს ამბობ და საბიუჯეტო დახმარებაზეც უარს ამბობ, მაშინ ძალიან მარტივად შესაძლებელია (თან ყოველდღე რომ აგინებ ევროკავშირს), რომ უვიზო რეჟიმიც დავკარგოთ და სხვა პროგრამების ბენეფიციარიც აღარ ვიყოთ (მაგალითად, ერაზმუსი და ა.შ.) განა, ეს ავტომატურად მოხდება? არა, მაგრამ, ამისი შანსი დრამატულად გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი