ახალი ამბებისაზოგადოება

რა ვუთხრათ ბავშვებს 200 ლარის შესახებ?

14 აგვისტო, 2020 • 3169
რა ვუთხრათ ბავშვებს  200 ლარის შესახებ?

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, ის ზუსტი ინსტრუქცია, რომლითაც ბავშვები და ოჯახები აღნიშნული თანხის მიღებას შეძლებენ. თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თანხის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყება. 

დახმარების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ,  ზოგ მშობელს გაუჩნდა კითხვა – როგორ უნდა ესაუბროს ბავშვს 200-ლარიან დახმარებაზე. როგორ აუხსნას, თუ რას ნიშნავს ეს და საერთოდ, საჭიროა კი ბავშვთან ამ საკითხის განხილვა?

ნეტგაზეთი ამ საკითხზე ბავშვთა ფსიქოლოგს, მაია ცირამუას ესაუბრა. მან გვითხრა, რომ, მართალია, ბევრი მშობლისთვის ეს საუბარი, შესაძლოა, ერთგვარი თავსატეხი გახდეს, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა სიტყვები ისე შეარჩიოს, რომ ბავშვი პოლიტიკურ დისკუსიებში არ ჩართოს.


როგორ უნდა ვესაუბროთ და ავუხსნათ ბავშვებს, რა არის და რას ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება?

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი. ფოტო: სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლიტიზებულია. მიმდინარე მოვლენებს მეც ვადევნებ თვალს და შემიძლია ვთქვა, რომ იმისდა მიხედვით, თუ ვინ რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ არის პოზიტიურად განწყობილი – ამ ფაქტის აღქმა განსხვავდება. მეტიც, მე ბავშვებთან მუშაობისას მოვისმინე მათი მოსაზრებები და მინდა ვთქვა, რომ ეს მოსაზრებებიც ასევე პოლიტიზებულია.

ალბათ, ეს გამომდინარეობს იმ სივრციდან, სადაც ისინი იზრდებიან, იმ დამოკიდებულებებისგან, რომელსაც ამ სივრცეში ისმენენ ბავშვები.

მაგალითად, როდესაც ჩნდება მოსაზრება, რომ ეს თანხა წინასაარჩევნოდ გამიზნულია ამომრჩევლის „მოსყიდვისთვის“ და მმართველი პარტიის მიერ ამომრჩეველთან „ქულების დაწერისთვის“ – ასეთი ტიპის ინფორმაციის ბავშვისთვის მიწოდება მაინცდამაინც არ არის სახარბიელო, რადგან ამით ბავშვებს პოლიტიკურ პროცესში ჩავრთავთ, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. კერძოდ:

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ბავშვებთან ურთიერთობისას, ბავშვებს შორის დაპირისპირება შემიმჩნევია, რომელიც გამოწვეულია იმით, თუ რომელი მშობელი ვისი ამომრჩეველია. ამიტომ მგონია, რომ  ოჯახის მიერ ამა თუ იმ მოვლენის შეფასება, შესაძლოა, გახდეს ბავშვებში დაპირისპირების მიზეზი.

დიდი თავსატეხია, რა უნდა ვუთხრათ ამ დროს ბავშვებს. ალბათ, არც არსებობს მზა რეცეპტი.. მაგრამ მე მომინდებოდა ბავშვის დაცვა იმ შეხედულებების ჩამოყალიბებისგან, რომ სახელმწიფომ შეიძლება გიყიდოს, მოგისყიდოს, რომ ფული არის მოსყიდვის ერთგვარი საშალება და ა.შ. 

ამ ინფორმაციის მიღმა, რომ გარკვეული ქვეტექსტია, როდესაც ჩვენ ბავშვს ასეთ ინფორმაციას ვაწვდით, ეს საბოლოოდ აისახება მის ფასეულობებზე, სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებაზე და სხვა.

მგონია, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა, თუ ამ ყველაფერს დავუკავშირდებდით ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელზეც Covid 19-მა ზეგავლენა იქონია და, შესაბამისად, ოჯახებს სხვადასხვა ტიპის ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ. ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ ბავშვებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ერთგვარი საჩუქარი ან/და დახმარება ბავშვებისთვის სასწავლო ნივთების საყიდლად და, ზოგადად, სასკოლოდ მომზადებისთვის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვიღაცისთვის ეს ფული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიღაცისთვის კი- ზედმეტი გართობისთვის. შესაბამისად, სოციალური უთანასწორობის თემაც წამოიწევა და ესეც შეიძლება გახდეს ბავშვებს შორის განხილვის საგანი – ვინ რა შეიძინა, ვინ რაში გამოიყენა ეს ფული და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, რას და როგორ ვეტყვით ბავშვებს, რომ ამან გარკვეული დაპირისპირება არ გამოიწვიოს და არ უბიძგოს, რომ სხვადასხვა მატერიალური შესაძლებლობის მქონე ბავშვები ჩაგვრის ობიექტები გახდნენ თანატოლებში.

ალბათ, რაც უფრო დიდია ბავშვი, მშობელს ამ თემაზე საუბრისას უფრო მეტად შეუძლია საკითხის გავრცობა..

რა თქმა უნდა, შეუძლია. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ ბავშვები ტყუილში ვაცხოვროთ და ზღაპრები მოვუყვეთ. მათ უნდა იცოდნენ, სად ცხოვრობენ, რა ხდება მათ ქვეყანაში. თუმცა, მეორე მხრივ, არის ამ პოლიტიკურ პროცესებში ბავშვების ჩათრევის ძალიან დიდი რისკი, ამიტომ, როგორც ვთქვი, ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნება ის, რომ მშობელმა ეს ყველაფერი დაუკავშიროს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

ყველას შეუძლია ეს თემა თავისებურად აუხსნას ბავშვს, მაგრამ ყველაზე სახიფათოა, თუ ამ პოლიტიკურ ვნებათაღელვაში მოხდება ბავშვების ჩათრევა და ბავშვებისთვის სახელმწიფო იქნება სიმბოლო ადამიანების მოსყიდვის. გულდასაწყვეტი იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც იზრდებიან ამ ქვეყანაში, ასეთი სახელმწიფოს ასეთი მერკანტილური აღქმა ექნებათ.

ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ეს თანხა მიზნობრივად უნდა დახარჯულიყო. არა ყველა ბავშვს – არამედ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ ან სოციალურ შემწეობას იღებდნენ. ეს იქნებოდა უფრო სამართლიანი და უფრო გასაგები, თუნდაც ბავშვებისთვისაც.

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო ბავშვებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება ან ამ თემაზე საუბარი. პარალელურად კი, არიან ბავშვები, რომლებიც იღებენ ინფორმაციის სოციალური ქსელებიდან ან ერთმანეთთან საუბრის დროს. ამის ფონზე, თუ არის გამოსავალი ართქმა?

მე ვარ იმის მომხრე, რომ ბავშვმა იცოდეს იმის შესახებ, რაც მას ეკუთვნის. სახელმწიფომ მას ეს ფული გამოუყო, რატომ უნდა დავუმალოთ?

თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ბავშვებისთვის საზიანო მესიჯები არ გაჟღერდეს და მათ არასწორი ფასეულობები არ ჩამოვუყალიბოთ.

ამას უნდა ვუფრთხილდეთ, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მომავალ მოქალაქეებს ვზრდით და მათ სწორი ღირებულებები უნდა ჩამოვუყალიბოთ. ამიტომ მე მგონია, რომ ყველაზე მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის იქნება ის, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ბავშვების პოლიტიზება არ მოხდეს. ვინაიდან ეს უკანასკნელი ბავშვთა სივრცეებში ხდება განხილვის, განსჯისა და ზოგჯერ, დაპირისპირების საგანი.

დამალვას რაც შეეხება, შეიძლება ვერც დამალო და შვილმა ტყუილში გამოგიჭიროს. ის ბავშვი სკოლაში რომ მივა ან თუნდაც ონლაინ კომუნიკაცია ექნება თანატოლთან, შეიძლება მისგან გაიგოს და გაუჩნდეს კითხვა „მას თუ მისცეს,  მე რატომ არ მომცეს“, ან „რატომ მომატყუა ჩემმა მშობელმა“. ამიტომ დამალვა არ მგონია აქედან სწორი გამოსავალი.

საფიქრალია ისიც, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფულიც – მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ბავშვის სურვილისამებრ მოხდეს. ალბათ, ესეც უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის შეთანხმების საგანი, რათა ბავშვებმა არ მიიღონ ის მესიჯი, რომ მშობელი მათ გარეშე განკარგავს მათ ცხოვრებას.

ცხადია, შეიძლება მშობელს უნდოდეს, მაგალითად, პერანგის ყიდვა, ბავშვს კი- სათამაშოსი. თუმცა ესეც შეიძლება გახდეს ბავშვთან განხილვის საგანი – აუცილებელია, რომ მისი აზრიც მოვისმინოთ, ჩავრთოთ დისკუსიაში. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად „ბავშვის ჭკუაზე“ უნდა ვიაროთ და მივანდოთ ყველაფერი, მაგრამ მათთან ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი