ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამოიყენეს თუ არა საქართველო სომხეთისთვის იარაღის მისაწოდებლად

13 აგვისტო, 2020 • 1286
გამოიყენეს თუ არა საქართველო სომხეთისთვის იარაღის მისაწოდებლად

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ სომხეთისთვის იარაღის გადაცემის დაკავშირებით ნახსენები არ არის საქართველო, რომელსაც აზერბაიჯანული მედიასაშუალება Haqqin.az ამ კონტექსტში ადებდა ხელს.

განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსაყვედურა სომხეთისთის იარაღის მიწოდების გამო.

პუტინი-ალიევის სატელეფონო საუბარი

აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 12 აგვისტოს, პუტინთან საუბრისას ალიევმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების ინტენსიფიკაციამ გამოიწვა სერიოზული შეშფოთება და კითხვის ნიშნები აზერბაიჯანის საზოგადოებაში“. ალიევის თანახმად, სატელეფონო საუბრის ძირითადი მიზანი სწორედ ამ საკითხის გარკვევა იყო.

ცნობის თანახმად, ალიევმა თქვა, რომ რუსეთიდან სომხეთში გაგზავნილი სამხედრო დანიშნულების ტვირთების მოცულობამ (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო შეტაკების პირველი დღიდან დღემდე) გადააჭარბა 400 ტონას და ამ ტვირთის გადაცემა მოხდა ყაზახეთის, თურქმენეთის და ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენებით.

აღნიშნულ პრესრელიზში ნახსენები არ არის საქართველო, რომელზეც აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიასაშუალება Haqqin.az წერდა, რომ სერბეთსა და რუსეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაში დაეხმარა.

Haqqin-ის ბრალდება

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Haqqin.az-მა 20 ივლისს სარედაქციო წერილში დაწერა, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთმა და სერბეთმა სომხეთს იარაღი მიაწოდეს.

გამოცემა Haqqin.az-მა 19 ივლისს გამოაქვენა სარედაქციო სვეტი, რომელშიც „სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასა“ და „სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით“ წერენ, რომ სერბეთმა და რუსეთმა სომხეთს საქართველოს გავლით იარაღი მიაწოდეს 12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე.

გამოცემა „სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით“ წერს, რომ სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების მსხვილი პარტია ჩაიტანეს.

რაც შეეხება რუსეთს — Haqqin წერს, რომ „სოციალურ ქსელებში“ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, იმავე პერიოდში სომხეთს რუსეთიდან, ასევე საქართველოს გავლით, მიაწოდეს ნაღმტყორცნებითა და გრადის დანადგარებით აღჭურვილი „კამაზის“ ფირმის ავტომობილები.

„ამ ფაქტებმა აზერბაიჯანული მხარის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია“, – წერია გამოცემის სარედაქციო სვეტში.

საქართველოს პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არა მხოლოდ უარყვეს, არამედ მას „დეზინფორმაცია“ უწოდეს და „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პუბლიკაცია „მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“.

მოგვიანებიოთ, 21 ივლისს, Haqqin.az-მა გაავრცელა ფოტოები, რომელზეც, მათ თანახმად, ჩანს აღნიშნული გადაზიდვის ფაქტი. თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოტოზე არის „ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე“.

გახარიამ 24 ივლისს განაცხადა, რომ „საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ჩვენს სტრატეგიულ პარნტნიორობას, ძმობას, არაფერი არ ემუქრება“.

გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაციას ცალკეული მედიასაშუალება ავრცელებდა და განაცხადა, რომ „ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როცა ეს [გახდება] ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საგანი“.

სერბეთის საკითხი

11 აგვისტოს ბაქოში სერბეთის და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ბაქოში ამ საკითხის განსახილველად ჩავიდა სერებთის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ამავე დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ნებოისა სტეფანოვიჩი.

როგორც აზერბაიჯანული მედია Apa წერს, შეხვედრა ეხებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდებას, რომლის თანახმადაც სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული სასაზღვრო დაპირისპირების დროს, ივლისში, სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენა „სერბეთში დამზადებული იარაღები“.

მანამდე, 7 აგვისტოს, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. Apa-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა „სინანული გამოხატა სომხეთის მიერ სერბული წარმოების იარაღის გამოყენების გამო აღნიშნული სამხედრო შეტაკებებისას“ და თქვა, რომ სიტუაციის გამოსაძიებლად ბაქოში სერბეთის მაღალი რანგის დელეგაცია ჩავიდოდა.

საქართველო არც ამ საუბრის/შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებებში ყოფილა ნახსენები.

Haqqin-ის შესახებ

Haqqin.az პროსახელისუფლებო გამოცემაა, რომელიც ყოფილი პოლიტიკური პატიმრის, ეინულა ფატულაევის დაფუძნებულია. „ნეტგაზეთი“ წარსულშიც წერდა გამოცემისა და მისი დამფუძნებლის შესახებ:

ფატულაევი პოლიტპატიმარი იყო — „სინდისის პატიმარი“ — 2005 წელს კრიტიკული რეპორტაჟების მომზადების გამო დააკავეს და წლების განმავლობაში იჯდა ციხეში.

2011 წელს, როდესაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მისი სრული ტრანსფორმაცია მოხდა — მის ობიექტივში ექცეოდა არა ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების ოპონენტები. ასე გრძელდება დღემდე.

2017 წლის გაზაფხულიდან, haqqin-ზე ფატულაევის გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის შემდეგ, სადაც თითქოსდა „თბილისის მიწისქვეშეთში მომუშავე ანტიაზერბაიჯანულ ქსელზე“ წერდა — ამ სტატიებში ნახსენებ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ერთი-მეორის მიყოლებით შეექმნათ პრობლემები:

  • აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და დააპატიმრეს;
  • მეჰმან გალანდაროვი ჩამომხრჩვალი იპოვეს, დაღუპვის ოფიციალურ ვერსიას სუიციდი სახელდება;
  • გოზალ ბაირამლი, მუხთარლის მსგავსად, „საზღვრის უკანონო კვეთის“ და „კონტრაბანდის შეტანის“ ბრალდებით დააპატიმრეს;

[ამ საკითხზე ვრცლად გირჩევთ: საქართველოდან ციხეში — აზერბაიჯანელი აქტივისტების ისტორიები]

გამოცემა „ევრაზიანეტის“ (Eurasianet) თანახმად, ეინულა ფატულაევის კრიტიკული პუბლიკაციები უძღოდა წინ 2013 წელს აზერბაიჯანიდან აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დაფუძნებული „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI-ს) გაძევებას.

როგორც „ევრაზიანეტი“ წერს, ბაქოში არაერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ფატულაევი ოპერირებს ილჰამ ალიევის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ფუად ალესკეროვის, უშუალო ზედამხედველობით და „Haqqin-ის თავდასხმები რეჟიმის ოპონენტებზე იქიდან არის ორკესტრირებული“, რასაც ფატულაევი უარყოფს.

განცხადების მიზეზი

ექსპერტი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების საკითხებში, საქარველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში გამორიცხავს, რომ Haqqin-ის ბრალდება სიმართლეს შეესაბამება და არ გამორიცხავს, რომ ეს ერთგვარი მესიჯი ყოფილიყო საქართველოსთვის, უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონოდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებულ დაპირისპირებაზე.

თუმცა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ახლანდელი პოზიციონირება ყარაბაღის/სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში სწორია და რეალურად ყველა მხარისთვის დადებითი უნდა იყოს.

„მე მაინც მგონია, რომ აზერბაიჯანისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც [ამ კონფლიქტში] უკავია. რაც უფრო გაწონასწრორებული, დაბალანსებული პოლიტიკა ექნება საქართველოს, მით უფრო კარგია რეგიონისთვის. აზერბაიჯანს არაფერს მისცემს საქართველოს მეტი მხარდაჭერა, რაც, პირიქით, გაართულებს ვითარებას“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, „საქართველო პოლიტიკურ, დიპლომატიურ დონეზე ცალსახად აზერბაიჯანის მხარესაა და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას“, მეორე მხრივ კი „საქართველო მიესალმება ნებისმიერ გადაწყვეტილებას მინსკის ჯგუფის ფარგლებში“.

ეუთოს მინსკის ჯგუფის (რომლის თანათავმდჯომარეები რუსეთი, საფრანგეთი და აშშ არიან) დავალებაა, მოიძიონ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზები.

„მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური უსაფრთხოება და ბალანსი. ამ ნიშას საქართველოს გარდა ვერავინ დაიკავებს, ეს არის უნიკალური როლი, ამიტომ ვურჩევდი აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც, გაუფრთხილდნენ ამ უნიკალურ როლს“, – უთხრა ზაქარეიშვილმა „ნეტგაზეთს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი