ახალი ამბები

რა წერია შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ახალ დასკვნაში

11 აგვისტო, 2020 • 1448
რა წერია შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ახალ დასკვნაში

11 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის ბრალდებაც წარუდგინეს, უწყებამ გამოაქვეყნა ახალი, კომპლექსური საექსპერტო დასკვნა, რომელიც საგამოძიებო უწყების დასმული 14 კითხივიდან პირველ 8-ს სცემს პასუხს.

როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, დანარჩენ 6 კითხვას მეორე ექსპერტიზა გასცემს პასუხს. „ნეტგაზეთი“ მოკლედ გთავაზობთ კითხვებსა და ექსპერტიზის გაცემულ პასუხებს:

1) გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს სწორი რელიეფის მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის გვერდულზე წაქცევა-დაცემით?

გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ექსპერტიზა გამორიცხავს მის სხეულზე დაზიანებების  უმრავლესობის სწორი რელიეფის (ზედაპირის) მქონე ასფალტირებულ გზაზე ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით ერთობლივად განვითარების შესაძლებლობას.

თუმცა ექსპერტიზა ამბობს, რომ ვერ გამორიცხავს ცალკე აღებული – მარჯვენა იდაყვზე და მარჯვენა წინამხარზე არსებული დაზიანებების და დუნდულებზე არსებული დაზიანებების (ერთად და ცალ-ცალკე) ან ცალკე სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებების (რომელიმე ცალკეული ლოკალიზაციის – ან შუბლის არეში მარცხნივ/თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე სისხლჩაქცევასთან ერთად/ან შუბლის მიდამოში მარჯვნივ, ან მარჯვნივ წარბის გარეთა კიდესთან, ან მარჯვენა თვალბუდის არეში გარდამავალი ცხვირის არეში მარჯვნივ, ან მარცხენა თვალბუდის არეში გარდამავალი ცხვირის არეში მარცხნივ, ან ზედა ტუჩის ქობაზე მარცხნივ გარდამავალი ლორწოვანზე, ან ქვედა ტუჩის ქობაზე მარცხნივ ქვედა ტუჩის ლორწოვანზე გარდამავალი უსწოროკიდეებიანი ზერელე ნასკდომით) – განვითარების შესაძლებლობას სწორი რელიეფის (ზედაპირის) მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით.

2-3: ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები რაიმე მკვრივ ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით? ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?

2-3: შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები (სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევები) არ წარმოადგენს დაზიანების მიმყენებელი საგნის (ან საგნების) სხეულთან დინამიური კონტაქტის კვალს. ამდენად, გამოირიცხება მათი განვითარების შესაძლებლობა ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით და/ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით.

4) ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალ ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?

ექსპერტიზა გამორიცხავს გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების, ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალი ბილიკის შემდგომ, მდინარეის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით ერთობლივად განვითარების შესაძლებლობას.

ექსპერტიზა ასევე გამორიცხავს ცალ-ცალკე ან/და ერთად აღებული დაზიანებების – სისხლნაჟღენთის (ზ. 32×8სმ) მუცლის წინა ზედაპირზე, ქვემო მესამედში/შესაბამისად მენჯის წინა კედელზე სისხლჩაქცევით/, ასევე სისხლნაჟღენთის (ზ. 4×1სმ) მარჯვნივ წელის მიდამოს  საპროექციოდ/შესაბამისად მარჯვნივ რეტროპერიტონეალურად რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევებით/, მარცხნივ რეტროპერიტონეალურად რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევების და ერთობლივად სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებების – ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალ ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით განვითარების შესაძლებლობას.

ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს ცალკე აღებული — მარჯვენა იდაყვზე და მარჯვენა წინამხარზე არსებული დაზიანებების და დუნდულებზე არსებული დაზიანებების (ერთად და ცალ-ცალკე) ან ცალკე სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებების (რომელიმე ცალკეული ლოკალიზაციის — ან შუბლის არეში მარცხნივ/თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე სისხლჩაქცევასთან ერთად/, ან შუბლის მიდამოში მარჯვნივ, ან მარჯვნივ წარბის გარეთა კიდესთან, ან მარჯვენა თვალბუდის არეში გარდამავალი ცხვირის არეში მარჯვნივ, ან მარცხენა თვალბუდის არეში, გარდამავალი ცხვირის არეში მარცხნივ, ან ზედა ტუჩის ქობაზე მარცხნივ გარდამავალი ლორწოვანზე, ან ქვედა ტუჩის ქობაზე მარცხნივ ქვედა ტუჩის ლორწოვანზე გარდამავალი უსწოროკიდეებიანი ზერელე ნასკდომით) – განვითარების შესაძლებლობას – ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალ ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით განვითარების შესაძლებლობას.

5) დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (ხელკეტისმაგვარი საგნის, ხელის, ფეხის, ქვის) დარტყმით? დამაზიანებელი საგნების რამდენჯერადი ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები?

გიორგი შაქარაშვილის გვამზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნის (საგნების) არაერთჯერადი ზემოქმედებით.

ექსპერტიზა გამორიცხავს სისხლნაჟღენთის მუცლის წინა ზედაპირზე, ქვემო მესამედში შესაბამისად მენჯის წინა კედელზე სისხლჩაქცევით განვითარების შესაძლებლობას ხელკეტის მაგვარი საგნის ზემოქმედებით (დარტყმით). ასევე გამორიცხულია ამ დაზიანების განვითარების შესაძლებლობა მუშტის (ერთჯერადი) ზემოქმედებით (დარტყმით). დაზიანება მაღალი ალბათობით შესაძლებელია განვითარებულიყო ფართე მატრავმირებელი ზედაპირის მქონე კვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორიცაა ფეხი, ქვა (დარტყმით). არ არის გამორიცხული აღნიშნულის განვითარება მუშტის არაერთჯერადი ზემოქმედებითაც (დარტყმით).

მარჯვნივ წელის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი და მის შესაბამისად მარჯვენამხრივი რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევა მაღალი ალბათობით შესაძლებელია განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნით, თუმცა არ არის გამორიცხული აღნიშნული დაზიანების განვითარება ფეხით, ქვის დარტყმით; ექსპერტიზა გამორიცხავს აღნიშნული დაზიანების განვითარების შესაძლებლობას ხელის დარტყმით.

მარცხენამხრივი რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევა შესაძლებელია განვითარებული იყოს ხელის, ფეხის, ქვის დარტყმით. ექსპერტიზა გამორიცხავს აღნიშნული დაზიანების განვითარების შესაძლებლობას ხელკეტის მსგავსი საგნით დარტყმით.

გიორგი შაქარაშვილის გვამზე არსებული ყველა სხვა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება ასევე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგია, როგორიცაა: ხელკეტის მაგვარი საგანი, ხელი, ფეხი, ქვა.

6) ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

7) ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

8) სახის და თავის არეში და ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

6-7-8: გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათიდან, ლოკალიზაციიდან და მათი მხარეობიდან გამომდინარე, ექსპერტიზა გამორიცხავს ცალკე აღებული სახის (თავის) არეში არსებული დაზიანებების, ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებების და ერთობლიობაში ყველა დაზიანების განვითარების შესაძლებლობას – დაახლოებით 15…/25 მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად.

ნახეთ ექსპერტიზის დასკვნა სრულად:


დარჩენილი 6 კითხვა, რაზეც შემდეგმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, არის:

  1. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოიწვევდა თუ არა მოძრაობის შეზღუდვას?
  2. თავზე არსებული დაზიანებები გამოიწვევდა თუ არა გონების დაკარგვას ან შეუზღუდავდა თუ არა მოძრაობას?
  3. რას ნიშნავს – დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? – ანუ, რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი?
  4. წყალში აღმოჩენისა და ასფიქსიის დაწყების მომენტში, გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული თუ ფიზიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში?
  5. გვამზე არსებული ნიშნებისა და სეზონის გათვალისწინებით (ივნისი), რა პერიოდის განმავლობაშ იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში?
  6. რით შეიძლება აიხსნას გვამური ლაქების განსხვავებული ფერი გიორგი შაქარაშვილის ზურგზე და გულმკერდის არეში?

მასალების გადაბეჭდვის წესი