ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს

10 აგვისტო, 2020 • 2129
კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, ბიზნესმენ და ყოფილ პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელთან ერთად, ახალი პარტია დააარსა.

„ნეტგაზეთს“ ახალი პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ პარტიის სახელმწოდებაა „პროგრესი და თავისუფლება“ . ის ცესკოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირდა.

კახა ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან ერთად, პარტიის დამაარსებელია ცეზარ ჩოჩელის ძმა, ლაშა ჩოჩელი.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა … გუნდს“.

ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენია, რომელიც 2004-08 წლებში პარლამენტარი იყო. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იყრიდა კენჭრს მცხეთის დამოუკიდებელ მაჟორიტარად, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძესთან მეორე ტურში დამარცხდა — 60 ხმით.

მასალების გადაბეჭდვის წესი