ახალი ამბები

კიდევ ერთი ოპოზიციონერი ემხრობა ეკლესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების არჩევნებამდე მიღებას

2 სექტემბერი, 2024 •
კიდევ ერთი ოპოზიციონერი ემხრობა ეკლესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების არჩევნებამდე მიღებას

„ქართულ ოცნების“ წამოწყებულ ინიციატივას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, მხარს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი უჭერს.

კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს კონსტიტუციაში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღონ.

„გურიაში „ქოცებმა“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება სჭირდებათ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში განსაზღვრონ საქართველოს ეკლესიის მაღალი როლი შემდეგი ფორმით: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

რამდენიმე კითხვა „რუსულ ოცნებას“: ვინ არის ამის წინააღმდეგი? რატომ დასჭირდათ 12 წელი იმის აღმოსაჩენად, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს? რატომ გაახსენდათ ეს ამ არჩევნების წინ? ახსოვთ თუ არა „რუს ქოცებს“, რომ ვითომ ერთმორწმუნე რუსებმა დაგვიხოცეს პატრიარქები და გაგვიუქმეს ავტოკეფალია?

ხვალ, 3 სექტემბერს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება და რატომ უნდა გადავდოთ ეს კარგი საქმე – მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი ამ პოსტულატს და არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში.

„ქოცებო“, ეს ტრიუკები აღარ გაგივათ. ვადა გაუვიდა თქვენს პოლიტიკურ აფერისტობას – ჩათვალეთ, უკვე ოპოზიციაში ხართ!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ემხრობა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“(„ლელოს“, „მოქალაქეების“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ერთობა).

კახა ოქრიაშვილის მსგავსად, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად კენჭისყრა არჩევნებამდე გაიმართოს.

„ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს.

ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.


საქართველოს კონსტიტუცია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში ისედაც აღიარებს. მეტიც, არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც თავად მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია სახელმწიფოსთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმად.

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის “ქართულ ოცნებას” მინიმუმ 113 მანდატი ესაჭიროება 150-დან, რაც მანდატების 75%-ია. ასეთი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” არც ერთ არჩევნებში არ ჰქონია . გარდა ამ საკითხისა, “ოცნება” მოსახლეობას ჰპირდება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი