ახალი ამბები

„ზეწოლა და მოსყიდვა“ – ოქრიაშვილი დმანისის საკრებულოსა და რამაზანოვზე

10 დეკემბერი, 2021 • 954
„ზეწოლა და მოსყიდვა“ – ოქრიაშვილი დმანისის საკრებულოსა და რამაზანოვზე

პარლამენტის წევრი, პარტია „პროგრესის“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ეხმაურება დმანისის საკრებულოში რამიზ რამაზანოვთან დაკავშირებულ მოვლენებს და ზეწოლასა და მოსყიდვაზე საუბრობს.

ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დმანისში ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებულად აგრესიულ, ძალადობრივ გარემოში ჩატარდა:

„გვახსოვს ცემის, დაჭრის, სასტიკი მოპყრობის კადრები, მაგრამ მიუხედავად ამ ძალადობისა და გაყალბებისა, 2021 წლის დმანისის რეფერენდუმის შედეგად, 30-კაციან საკრებულოში 15 ოპოზიციონერი და „ქართული ოცნების“ 15 წევრი გავიდა“.

მოქმედი კანონმდებლობით, როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, თუ ახლად არჩეული საკრებულო ორჯერ ვერ შეიკრიბება 16-კაციანი კვორუმით, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

პირველ, 3 დეკემბრის სხდომას არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაესწრო, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.

„მეორე სხდომაზეც იგივე რომ მომხდარიყო, დმანისში რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდებოდა“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი განცხადებითვე, „ქართულ ოცნებას“ „ისე პანიკურად ეშინია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საქართველოს მასშტაბით, ეს დმანისშიც არ დაუშვა ნებისმიერ ფასად, რადგან იცის, რომ მისი რეიტინგი განახევრებულია – დმანისში და მთელ საქართველოში“.

„ამიტომ ხელისუფლებამ მიმართა ჩვეულ ძალადობა-მოსყიდვის მეთოდს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომაზე არ მივიდა, ჯერ სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლა დაჭერის მუქარით, შემდეგ კი, რადგან სხდომაზე მივიდა და საკუთარ გუნდს უღალატა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშნა. მეტი მტკიცებულება რად გვინდა – ეს იყო ზეწოლაც და მოსყიდვაც მმართველი გუნდის მხრიდან“, – ვკითხულობთ ოქრიაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.

იგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რადგან „ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში დღეს არსებული რაოდენობრივი მოცემულობა, როცა მერი და უმრავლესობა მოძალადე ხელისუფლების ხელშია, არ ასახავს ხალხის რეალურ განწყობას, რითაც დარღვეულია დემოკრატიის მთავარი პრინციპი – ხალხის პოლიტიკური განწყობა თანხვედრაში უნდა იყოს ყველა სახელისუფლო შტოს წარმომადგენლობასთან.

მას ასევე მიაჩნია, რომ „გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები და ახალი კონფიგურაცია ხელისუფლებაში“.

„ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ დმანისში არ წავიდა ხელახალ არჩევნებზე და საქმე გვაქვს სისხლის სამართლის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან, ცხადყოფს, თუ რა პანიკაშია ხელისუფლება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მკვლელობისა და მოსყიდვის ფონზეც კი ვერ გადასცდებიან 25 %-ს“, – აცხადებს იგი და დასძენს: „ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს“.


რამიზ რამაზანოვი, დმანისის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი, რომელიც ენმ-ს წარმოადგენდა მაჟორიტარულ ოლქში, დღეს საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

იგი დამოუკიდებელი წევრის სტატუსით მივიდა და ენმ-ის ბოიკოტს არ შეუერთდა.

„არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ასე გადავწყვიტე მე პირადად… მე გადავწყვიტე, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, უპასუხა:

„იმიტომ, რომ საჭიროა ეს ჩემი ხალხისთვის. 1000-მა კაცმა რომ ხმა მომცა, ამ ხალხის წინაშე ვალდებული ვარ“.

დამატებითი კითხვაზე, – წინა სხდომაზე ასე არ ფიქრობდა და დღეს რატომ გაემიჯნა ოპოზიციის ბოიკოტს, განაცხადა:

„ასეა საჭირო… ადამიანი ხომ რაღაცას ფიქრობს, ბოლო გადაწყვეტილება ასეთი მივიღე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი