ახალი ამბები

“ლოგიკური იქნება, ერთმანეთს ამ პოზიციებით დავცილდეთ” – ვოლსკი ოქრიაშვილზე

21 ივლისი, 2020 • 2077
“ლოგიკური იქნება, ერთმანეთს ამ პოზიციებით დავცილდეთ” – ვოლსკი ოქრიაშვილზე

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატად მმართველმა გუნდმა გოგი მეშველიანი დაასახელა.

კახა ოქრიაშვილი სამომავლო გეგმებზე განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. დიდი ალბათობით, ის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

ოქრიაშვილი მანამდე აცხადებდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე კვლავ მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და შეთავაზების შემთხვევაში, პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმაზე უარს იტყოდა.

„მე 16 წელია დეპუტატი ვარ და ყოველთვის მაჟორიტარი ვიყავი. ამიტომ არ მაქვს უფლება, მხარი დავუჭირო მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმებას. შეიძლება ამ ბრძოლაში მარტოც დავრჩე. ვისურვებდი, რომ საპრეზიდენტო მმართველობა დაბრუნდეს და ორპალატიანი პარლამენტი გვქონდეს მომავალში. 2020 წლის არჩევნებზე ვაპირებ, ისევ კენჭი ვიყარო მაჟორიტარული წესით. რომც შემომთავაზონ სიაში ჩასმა, უარს ვიტყვი. უარს ვამბობ, საქართველოს პარლამენტში პროპორციული წესით ვიყო არჩეული“, – აცხადებდა ოქრიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქრიაშვილი “ოცნების” მჟორიტარობის კანდიდატებს შორის “ორმხრივი გადაწყვეტილებით” ვერ მოხვდა, ვინაიდან “თვითონ სურდა, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ყოფილიყო”.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ოქრიაშილთან პრინციპული აზრთ ასხვადასხვაობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჰქონდა.

“კახა ოქრიაშვილის, როგორც პიროვნების მიმართ, არავითარი პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა იმ გუნდს, რომელმაც საკმაოდ დიდი ენერგია და რესურსი დახარჯა იმისთვის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსისთვის მიგვეღწია და სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიისთვის კიდევ ერთი საფუძველი შეგვექმნა. ამ ნაწილში მას გააჩნია რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ლოგიკური იქნება, რომ ერთმანეთს ამ პოზიციებით დავცილდეთ”, – ამბობს ვოლსკი.

მისი აზრით, ოქრიაშვილს დმანისის მაჟორიტარულ ოლქში “გარკვეული შანსები აქვს”, მაგრამ “ქართული ოცნების” კანდიდატი აჯობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი