ახალი ამბებისამართალი

მკოიანს თქმით, მოკვლით ემუქრებიან, 5 მლნ-ს და პოლიტიკიდან ჩამოშორებას სთხოვენ

10 აგვისტო, 2020 • 1599
მკოიანს თქმით, მოკვლით ემუქრებიან, 5 მლნ-ს და პოლიტიკიდან ჩამოშორებას სთხოვენ

“ქართული ოცნების” ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის თქმით, მკოიანს ემუქრებიან მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და 5 მილიონი დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ. ამის შესახებ მკოიანის ადვოკატმა დღეს, 10 აგვისტოს, “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ადვოკატი ამბობს, მკოიანს პოლიტიკიდან ჩამოშორებაც მოსთხოვეს. მისი თქმით, მუქარის შემცველი ზარი მკოიანმა ორჯერ, სავარაუდოდ, რუსეთიდან მიიღო და პირი, ვინც მკოიანს დაემუქრა, კავკასიური აქცენტით რუსულ ენაზე საუბრობდა.

“საქმე შეეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს. პირველი ფაქტი 2020 წლის 20 ივლისს, საღამოს საათები იქნებოდა, როდესაც მას მისსავე მობილურ ტელეფონზე მესენჯერის საშუალებით დაურეკეს. იქიდან მოსაუბრე პიროვნება მას ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, კავკასიური აქცენტით, რომელმაც განუცხადა, რომ ჩამოსცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არსად არ განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. რამდენიმე დღის შემდეგ, 24 ივლისს, საღამო საათებში, მეორე ზარი უკვე “ვოთსაფის”  მეშვეობით განხორციელდა, პიროვნება ისევ რუსულ ენაზე საუბრობდა. მას [მკოიანს] მიაჩნია, რომ შემოსული ზარი ინდექსის მიხედვით მოსკოვიდან იყო. მას ისევ რუსულად და კავკასიური აქცენტით ესაუბრებოდნენ, ისინი გადავიდნენ ფულის გამოძალვაზე”, — განაცხადა მურმანიშვილმა.

როგორც ადვოკატი ამბობს, მკოიანმა მას უთხრა, რომ “კრიმინალისთვის დამახასიათებელი ჟარგონებით” ესაუბრებოდნენ.

“მათ მკოიანმა ჰკითხა, თქვენ ვინ ხართ, რატომ უნდა გადაგიხადოთ, ან რას იზამთ, რომ არ გადაგიხადოთ? იქიდან წამოვიდა მუქარა, ორი პიროვნება ესაუბრებოდა მას. ერთი ეუბნებოდა, 15 წელი ციხეში ვიჯექი, ახალი გამოსული ვარ და თუ ჩვენ მიერ მოწოდებულ ანგარიშის ნომრებზე მითითებულ ქვეყნებში 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავ, ჩვენ მოგკლავთ და კიდევ 20 წლით წავალთ ციხეშიო, ვიცით, სად დადიხარ და მოძრაობო. როგორც ბატონი ენზელი ამბობს, ორივე საუბრობდა კრიმინალისთვის დამახასიათებელი ჟარგონებით. ამან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეშფოთება და შეშინება გამოიწვია”, — განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მკოიანი და მისი ოჯახის წევრები “დასტრესილები” არიან და მათზე “ფსიქოლოგიური ზეწოლა” მიმდინარეობდა.

როგორც ადვოკატი ამბობს, აღნიშნულის გამო პროკურატურას მიმართეს, თუმცა მკოიანის საქმე რეგიონულ პოლიციას გადაეცა და ახლა მკოიანი ითხოვს, რომ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცეს.

“გენერალურ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე. რატომღაც ეს ჩვენი განცხადება სამცხე-ჯავახეთის რეგიონული პოლიციის განყოფილებაშია. მაგრამ ბატონი ენზელის სურვილი არის, რომ ეს პარლამენტის მოქმედ წევრზე განხორციელებული მუქარაა და ასეთ შემთხვევაში რეგიონულმა პოლიციამ ეს არ უნდა გამოიძიოს, ჩვენ გვსურს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა წამოიღოს”, — განაცხადა მურმანიშვილმა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დიდი ოდენობის ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს.

ახალქალაქში  ენზელ მკოიანზსა და სამველ პეტროსიანს, რომელიც ენმ-ის სახელით იყო წარსულში დეპუტატი, ამჟამად კი რაიონში პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს, დაპირისპირება მარტში მოხდა.  დაპირისპირებაში ცეცხლსასროლი იარაღები და სროლები ფიგურირებს. მომხდარის გამო დაკავებულია 2 პირი. აღნიშნულ საქმეს პროკურატურა განცხადებითაც გამოეხმაურა.

“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი