ნეტგაზეთი | ენზელ მკოიანი დამოუკიდებლად იყრის კენჭს ენზელ მკოიანი დამოუკიდებლად იყრის კენჭს – Netgazeti
RU | GE  

ენზელ მკოიანი დამოუკიდებლად იყრის კენჭს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში განუცხადეს.

ენზელ მკოიანმა დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარ კანდიდატად სამველ მანუკიანი დაასახელა.

ენზელ მკოაინი 5 მოწვევის პარლამენტის წევრია. აქედან 2-ჯერ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, 2-ჯერ – “ნაციონალური მოძრაობის”, ხოლო ერთხელ – “ქართული ოცნების”.

მიმდინარე წლის აგვისტოში ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებდა, რომ ენზელ მკოიანს მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და პოლიტიკიდან ჩამოშორებას სთხოვდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის, მარდუნ მკოიანის ავტომობილი აფეთქდა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი 26 მარტს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას.

2020 წლის მარტში ახალქალაქში მოქმედ და ყოფილ დეპუტატებსა და მათ ნათესავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღები და სროლები ფიგურირებს.

საუბარია ენზელ მკოიანზე, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნების“ სახელით, და სამველ პეტროსიანზე, რომელიც ენმ-ის სახელით იყო წარსულში დეპუტატი, ამჟამად კი რაიონში “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს.

“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.