ახალი ამბები

“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

31 მარტი, 2020 • 2611
“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

ახალქალაქში მოქმედ და ყოფილ დეპუტატებსა და მათ ნათესავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღები და სროლები ფიგურირებს. საუბარია ენზელ მკოიანზე, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია “ქართული ოცნების” სახელით, და სამველ პეტროსიანზე, რომელიც ენმ-ის სახელით იყო წარსულში დეპუტატი, ამჟამად კი რაიონში პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს.

მომხდარის გამო დაკავებულია 2 პირი. აღნიშნულ საქმეს პროკურატურა განცხადებითაც გამოეხმაურა.

რას ამბობს პროკურატურა

პროკურატურის მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ ,,გოლდთან“ ს.პ.-მ (სამხრეთის კარიბჭის ცნობით, საუბარია სამველ პეტროსიანზე) და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

“სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა. ს.პ.-ს და ა.მ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რას ამბობს ენზელ მკოიანი

პროკურატურის განცხადებაში ამაზე საუბარი არ არის, თუმცა ენზელ მკოიანი ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს თავადაც ისროლა იარაღიდან, ოღონდ- ჰაერში და თავის დაცვის მიზნით. მკოიანი აცხადებს, რომ პეტროსიანი მის მოკვლას აპირებდა და იარაღიდან მას ესროლა.

მკოიანის ვერსიის მიხედვით, 25 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, მოვლენები ასე განვითარდა ახალქალაქში: სამველ პეტროსიანმა, რომელიც არის 66 წლის, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ენზელ მკოიანის ძმისშვილს, 12 -ე კლასის მოსწავლეს ა.მ-ს. ამ საკითხზე იმავე დღეს, 15 საათზე, გეორგი პეტროსიანი, სამველის შვილი, მომხრებთან ერთად სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან “მხოლოდ სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ” ა.მ-ს ბიძაშვილს, კარაპერტ მკოიანს, რომელსაც ახლდა თავისი ნათესავები.

“დაპირისპირება მოხდა გეორგი პეტროსიანის კაფე “გოლდის“ და მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლის მიმდებარედ გზაზე, სიტყვიერი კონფლიქტის განმუხტვის მიზნთ. ხმაურზე სახლიდან გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელმაც მოუწოდა თავის ახლობლებს და მეორე, დაპირისპირებულ მხარეს, რომ დაშლილიყვნენ, მის მოწოდებაზე მკოიანების თანმხლები პირები წამოვიდნენ ენზელ მკოიანის მხარეს და მისი საცხოვრებელი სახლისაკენ ენძელ მკოიანთან ერთად. სიტუაცია უკვე განმუხტული იყო, როდესაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა სამველ პეტროსიანი, გეორგი პეტროსიანის მამა, რომელიც არის ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. გაბრაზებული სასწრაფოდ გადმოვიდა ავტომანქანიდან, წავიდა თავისი შვილის მიმართულებით, დაუძახა შვილს, შედი სახლში, ამათ მე გავუსწორდები, შემობრუნდა ენძელ მკოიანის მხარეს, სასწრაფოდ ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტური იარაღი TT, დამიზნებით სამჯერ ესროლა მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს, რომელიც სხეულის მოძრაობებით ცდილობდა მათ არიდებას. ერთმა ტყვიამ ყურთან ახლოს ჩაუარა, გაიგო მისი ზუზუნის ხმა, ერთი კი მის ფეხებთან მოხვდა ასფალტს, სამი გასროლის შემდეგ სამველ პეტროსიანის ხელში მყოფმა პისტოლეტმა ვეღარ გაისროლა, „გაიჭედა“ ტყვია, ამასობაში ენზელ მკოიანმა ამოიღო თან მქონი, მასზე გაფორმებული იარაღი თავდაცვის მიზნით, რომ შეშინებოდა სამველ პეტროსიანს, მოახდინა ჰაერში ორი გასროლა. ამასობაში იქ მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა განაიარაღეს სამველ პეტროსიანი, რითაც ამოიწურა კონფლიქტი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დეპუტატ მკოიანის ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეოსთან ერთად.

რას ამბობს სამველ პეტროსიანი

სამველ პეტროსიანი ენზელ მკოიანს ადანაშაულებს მკლვლელობის მცდელობაში. დეტალებზე, რომელიც შემთხვევას უძღოდა წინ, მისი ვერსიის თანახმად, სამველ პეტროსიანმა სააგენტო jnews-თან ისაუბრა. ინტერვიუს თარგმანი სამხრეთის კარიბჭემ გამოაქვეყნა.

როგორც სამველ პეტროსიანი ამბობს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლად მივიდა.

„ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს, რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ მე და ჩემამდე ვინც ისროდა“, – ამბობს სამველ პეტროსიანი სამხრეთის კარიბჭის ცნობით. ინციდენტის დაწყებას კი ასე იხსენებს, – „ინციდენტი არა მკოიანების სახლთან, არამედ ჩვენს კაფესთან ახლოს, მეტიც, კარებთან დაიწყო. ენზელის შვილი 3–4 ადამიანთან ერთად მოვიდა მეგობრულად, ჩემს შვილთან სასაუბროდ. ისინი საუბრობდნენ კონფლიქტის გარეშე. უნდოდათ ურთიერთობების გამოსწორება. ამ მომენტში მოვიდა ძმა (იგულისხმება ენზელ მკოიანის ძმა), ხალხით სავსე 5–6 მანქანით და მოულოდნელად დაესხნენ თავს გეორგს [იგულისხმება სამველ პეტროსიანის შვილი]. ყველაფერი ასე დაიწყო“.

გამოცემის თანახმად, პეტროსიანი ინტერვიუში ჰყვება, რომ ჰაერში მანაც რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიგონა, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ.

„მე ვისროლე ჰაერში, არ ვიცი, ვინ ისროლა პირველმა. მე გავედი ინციდენტის დასასრულს და ჰაერში გავისროლე, რადგან ისინი მოშორებოდნენ ჩემს შვილს. ისინი იძახდნენ – მოკალით პეტროსიანი და მისი შვილიო“, – თქვა ყოფილმა დეპუტატმა.

სამხრეთის კარიბჭის ცნობით, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი ახალციხის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხეს.  სროლის საქმეზე კი შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი