ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, მკოიანს კვლავ ემუქრებიან

4 სექტემბერი, 2020 •
ადვოკატის თქმით, მკოიანს კვლავ ემუქრებიან

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის წევრ ენზელ მკოიანს კვლავ ემუქრებიან. როგორც ადვოკატმა დღეს, 4 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 30 აგვისტოს დეპუტატობის კანდიდატს კვლავ დაუკავშირდნენ და 5 მლნ აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობლის “წართმევით” დაემუქრნენ. ადვოკატის თქმითვე, მკოიანს სატელეფონო საუბრისას ასევე უთხრეს, რომ ამ ყველაფრის უკან გავლენიანი ადამიანი დგას, რომელსაც ენზელ მკოიანის გარემოცვასთანაც აქვს კავშირი. ტარიელ მურმანიშვილი საგამოძიებო უწყების მუშაობით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ “გამოძიება არაფერს აკეთებს”.

“30 აგვისტოს ენზელ მკოიანს ღამის 23:19 წუთზე მობილურ ტელეფონზე,- იგივე ნომრიდან, რომლიდანაც დაემუქრნენ და ფული მოსთხოვეს,- ისევ კავკასიური აქცენტით, რუსულად ეუბნებიან- აბა, რას შვრები?! იხდი თუ არა ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას. საუბარია 5 მლნ აშშ დოლარზე. თუ არ გადაიხდი, ხომ იცი, რომ შენს უახლოეს ადამიანს წავიყვანთ, წაგართმევთ და მას ვეღარ ნახავთ. ეს ადამიანები პირდაპირ ეუბნებიან: ხომ ხედავ, ჩვენ არ ვხუმრობთ და შენი ძმის მანქანა ავაფეთქეთ. ერთი კვირის ვადას გაძლევთ: ან თანხას გადაიხდი, ან ახლობელს წაგართმევთ”, – აცხადებს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ უკავშირებენ მუქარის ფაქტებს ენზელ მკოიანის პოლიტიკურ საქმიანობას, ადვოკატი ასე პასუხობს: “ბოლო ზარის დროს მხოლოდ ამ ფულთან მიმართებაში იყო საუბარი, მაგრამ ეჭვები გვაქვს.. სავარაუდოდ, მაქეთ მიდის ჩვენი ეჭვები.”

ადვოკატმა ასევე თქვა, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელსაც ატვირთავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, თუ მისი ან მისი ახლობელის ლიკვიდაცია ან გატაცება მოხდება. ადვოკატის მტკიცებით, მკოიანი ამბობს, რომ ამ ჩანაწერში დაასახელებს იმ პიროვნებებსაც, ვისზეც ეჭვი აქვს.

გუშინ, 3 სექტმბერს, ცნობილი გახდა, რომ  მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

ენზელ მკოიანმა დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარ კანდიდატად სამველ მანუკიანი დაასახელა.

ენზელ მკოაინი 5 მოწვევის პარლამენტის წევრია. აქედან 2-ჯერ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, 2-ჯერ – “ნაციონალური მოძრაობის”, ხოლო ერთხელ – “ქართული ოცნების”.

მიმდინარე წლის აგვისტოში ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებდა, რომ ენზელ მკოიანს მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და პოლიტიკიდან ჩამოშორებას სთხოვდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის, მარდუნ მკოიანის ავტომობილი აფეთქდა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი 26 მარტს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას.

2020 წლის მარტში ახალქალაქში მოქმედ და ყოფილ დეპუტატებსა და მათ ნათესავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღები და სროლები ფიგურირებს.

საუბარია ენზელ მკოიანზე, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნების“ სახელით, და სამველ პეტროსიანზე, რომელიც ენმ-ის სახელით იყო წარსულში დეპუტატი, ამჟამად კი რაიონში “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი