ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რატომ ამოწმებს მკოიანის ძმის კომპანიას

18 სექტემბერი, 2020 • 952
საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რატომ ამოწმებს მკოიანის ძმის კომპანიას

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გასული დღეების განმავლობაში ენზელ მკოიანის განცხადებებსა და მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

გუშინ, 17 სექტემბერს,  ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და დოკუმენტების დალუქვის და გატანის ამსახველი კადრები გაავრცელა. მკოიანი, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარად დამოუკიდებლად აპირებს კენჭისყრას, აღნიშნულს მასზე წინასაარჩევნო ზეწოლას უკავშირებს.

როგორც საგამოძიებო სამსახური განმარტავს, გამოძიება მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე დაიწყო და სიმართლეს არ შეესაბამება, რომ  აღნიშნული ფაქტი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა. ასევე, არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას, განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას”, — აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას გულისხმობს.

sknews-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს ახალქალაქში, მერიის შენობის წინ, 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ გაზის კომპანიას ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ და მერიას დახმარებას სთხოვდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ აქცია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია, რადგან „ეს ჯი გაზ კომპანი“ მისი ძმისაა.

მაშინ, როცა საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კომპანიიდან საბუთებს იღებდა, ადგილზე მისული იყო ენზელ მკოიანი. მან დოკუმენტების ამოღება პირდაპირ დაუკავშირა მასზე ზეწოლას. მკოიანის თქმით, საგამოძიებო სამსახურის ქმედებების მიზანი მისი ძმის კომპანიის გაკოტრებაა, რის შემდეგაც შესაძლოა ათასობით ადამიანი გაზის გარეშე დარჩეს. როგორც მკოიანმა აღნიშნა, აღნიშნული ფაქტის შესახებ საელჩოებს შეატყობინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი