ახალი ამბები

არიან თუ არა მზად სკოლები კლასებში სწავლის განსაახლებლად? – ინტერვიუ დირექტორთან

5 აგვისტო, 2020 •
არიან თუ არა მზად სკოლები კლასებში სწავლის განსაახლებლად? – ინტერვიუ დირექტორთან

ავტორი: თორნიკე ბერაძე

ვაღიაროთ, რომ დისტანციური სწავლება ჩავარდა” – ამბობს თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი ელზა ბადაშვილი. მის სკოლაში 1 100 მოსწავლე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულზე შეწყვეტილი სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, სკოლებს ჯერ კიდევ არ აქვთ დეტალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კლასში 20 ან მეტი ბავშვი ვერ განთავსდება, დეტალურ რეკომენდაციებზე კი განათლების სამინისტროსთან ერთად ახლა მუშაობენ. 

რა პრობლემები წარმოაჩინა კორონავირუსის პანდემიის დროს ონლაინ სწავლებაზე დაუგეგმავმა გადასვლამ სკოლებში? რამდენად არიან მზად მასწავლებლები და მოსწავლეები იგივე რეჟიმში სწავლის გასაგრძელებლად? როგორ ემზადებიან სკოლები სასწავლო პროცესის განსაახლებლად და რა სახის რეკომენდაციებს ელოდებიან სამინისტროსგან? ამ საკითხებზე ნეტგაზეთი თბილისის 136-ე სკოლის დირექტორს, ელზა ბადაშვილს ესაუბრა.

ელზა ბადაშვილი ასევე არის “საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი. ასოციაციის წევრები არიან როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეებიც. 

ნეტგაზეთი: როგორ ჩაიარა პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესმა?

ელზა ბადაშვილი: დისტანციურმა სწავლებამ ჩაიარა ძალიან მძიმედ და ძალიან ცუდად. განსაკუთრებით დასწრება იყო ძალიან ცუდი. პირველ პრობლემა იყო ის, რომ პედაგოგები არ იყვნენ მზად ონლაინ პროგრამაში მუშაობისთვის, ამის არც გამოცდილება ჰქონდათ და არც ცოდნა. თან, ჩაკეტილი ვიყავით, ადგილზე ვერ მოვდიოდით, რომ გვესწავლებინა და დისტანციურად ტრენინგებით, ონლაინ ჩართვებით და დახმარებით გაიგეს, როგორ უნდა ემუშავა ამ პროგრამას. დიდ ნაწილზე ვსაუბრობ, თორემ არიან პედაგოგები, რომლებიც ფლობენ ან სწრაფად სწავლობენ, მაგრამ პედაგოგების უმრავლეს ნაწილს გაუჭირდა. თვითნ “თიმსის” პროგრამა ძალიან კარგია, როგორც ამბობენ, მაგრამ აქვს ისეთი ფუნქციები, თუ არ იცი მათი გამოყენება, რა აზრი აქვს, გინდა კარგი იყოს, გინდ – ცუდი. გარდა ამისა, მოსწავლეთა 30%-ზე მეტი არ ესწრებოდა დისტანციურ გაკვეთილებს და თუ ესწრებოდნენ, უმრავლესობას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზები, ცუდი ინტერნეტი, ხმა. ბავშვებიც არ იყვნენ მზად. ზოგს მიკროფონი არ ჰქონდა, ზოგს – ვიდეოთვალი. ამ  დროს მაღაზიებიც დაკეტილი იყო, ონლაინ გამოწერაც შეგვიზღუდეს. 

როგორ შეიცვალა მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ამ პერიოდში?

ყველა მოსწავლე შევაფასეთ. ის ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ დაესწრნენ და ასევე ისინიც, რომლებიც ნაწილობრივ დაესწრნენ. მთელ სკოლაში, ალბათ, 10% არ იყო მოსწავლეებისა, რომლებიც მუდმივად ესწრებოდნენ ონლაინ სასწავლო პროცესს.

ცხრილით თუ კვირაში მათემატიკის 5 გაკვეთილი გვაქვს, დისტანციურად ტარდებოდა ერთი, ზოგ სკოლაში – ორი. ეს გაკვეთილი არ იყო 45-წუთიანი, იყო 20-წუთიანი, 30-წუთიანი, ზოგ სკოლაში, უფრო კერძოებში, 45-წუთიანი. აქედან გამომდინარე, მასალის მეხუთედის გავლაც ვერ მოესწრებოდა. უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ დისტანციური სწავლება ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს უნდა თქვას, რომ გაამართლა ამან და ახლაც უნდათ გადავიდნენ ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე. დისტანციური სწავლის პროცესი ჩავარდა.

მოსწავლეები შევაფასეთ ისე, რომ სოციალური უთანასწორობა გაგვეთვალისწინებინა. სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის  ოჯახები იყვნენ, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ ინტერნეტი, ან ნოკიას ტიპის მობილური, რომელიც ინტერნეტს ვერ იჭერდა. გადავწყვიტეთ, ყველა შეგვეფასებინა და გადაგვეყანა კლასიდან კლასში, იმ იმედით, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან გაგვეგრძელებინა ნორმალური სასწავლო პროცესი.

ახლა წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაცია გვქონდა: შექმნეს “ტელესკოლის” ფორმატი და მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, ვინც ვერ ჩაერთვებოდა ამ ონლაინ პლატფორმებზე, “ტელესკოლაში” უყურებდა გაკვეთილებს და ჩვენ ეს უნდა შეგვეფასებინა. როგორ უნდა შეაფასო, როცა ბავშვი სოფელში ზის, “ტელესკოლას” უყურებს თუ არა. სასწავლო პროცესი დამთავრდა, ბავშვთან შეხება არ გვქონია, როგორ უნდა შეაფასო? ფიქტიურად დაიწერა ნიშნები, შევაფასეთ, გადავიყვანეთ კლასიდან კლასში, მიმდინარე ნიშნები რაც ჰქონდათ პირველ სემესტრში და ნიშნები, რაც ჰქონდათ 28 თებერვლის ჩათვლით, აი, ამ ნიშნების გათვალისწინებით გამოვუყვანეთ სემესტრული და წლიური ქულა. აქედან გამომდინარე, ეს შეფასება რაც არის, არის ძალიან პირობითი, ამ გამოუვალ მდგომარეობაში ეს გამოსავალი ვიპოვეთ.

როგორ აფასებენ მშობლები  დისტანციურ სწავლებას?

გვყავს მშობლების კატეგორია, რომელსაც შეუძლია ბავშვთან ერთად დაჯდეს და იმეცადინოს, მერე კი დაეხმაროს. თავიდან ხალისით ჩაერთვნენ (დაწყებით კლასებზე ვსაუბრობ), მაგრამ შემდეგ უკვე ერთი სული ჰქონდათ, როდის დამთავრდებოდა ყველაფერი, დაიღალნენ. მშობლებს უხდებოდათ ბავშვებთან ერთად მეცადინეობა იმიტომ, რომ ის, რასაც იქ ვერ გაიგებდა, თავად უნდა აეხსნა, რადგან ონლაინ სწავლებისას უკუკავშირი ძალიან რთულია. მოსწავლე რომ ამოხსნიდა მათემატიკაში მაგალითს, უღებდა სურათს და გვიგზავნიდა. სურათზე გადაღებული კი არა, ისე არის რთული მათი ნაწერისა და კალიგრაფიის წაკითხვა. ქართულშიც ასე წერდნენ და უგზავნიდნენ მასწავლებელს, ეს უკუკავშირი ძალიან რთული იყო. მე რომელ მშობელსაც ვიცნობ, ერთი სული აქვს, რომ დაიწყოს ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იმიტომ, რომ ვერანაირი ონლაინ გაკვეთილები სკოლას ვერ შეცვლის. 

რა ინსტრუქციები და მითითებები მიიღეთ განათლების სამინისტროსგან ახალი სასწავლო წლისთვის?

ჩვენ როდესაც გვაინტერესებდა, დროულად მოეწოდებინათ ინფორმაცია, რათა მოვემზადოთ მომდევნო სასწავლო წლისთვის, არანაირი პასუხი არ გვქონდა. მე თან ვარ “საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი და ჩვენს ასოციაციაში შემოდიან როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეებიც. მივწერეთ წერილი სამინისტროს, მოვითხოვეთ რამდენიმე პუნქტი , რომელიც შეასრულა სამინისტრომ – თვითონ სკოლამ გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელოს სწავლება. ჩვენ რეგიონში გვაქვს სკოლები, სადაც ზოგან 10 ბავშვია, ზოგან – 35 ზოგან – 70 და სულაც არ არის მათი დაკეტვა საჭირო.

შემდგომ იყო ამათი [განათლების სამინისტროს] ნელი რეაგირება. მწვანე ზონები გვქონდა კახეთში, გურიაში. იყო რეგიონები, სადაც ერთი ადამიანიც არ დაინფიცირებულა. რომ დავინახეთ, ასეთი სიტუაცია იყო, ამ სკოლებში უნდა განახლებულიყო სწავლება, მით უმეტეს, სოფლებში. ეს ბავშვები არ დადიოდნენ სკოლაში, მაგრამ ძირითადად მაინც ერთად იყვნენ.

სადაც ნამდვილად არ იყო ინტერნეტი და ნამდვილად არ მიდიოდა ნორმალურად სწავლება, იმ სკოლებში სრულიად შესაძლებელი იყო სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. ახლაც ვფიქრობ, რომ თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს ეს. არის სკოლები, სადაც 2 000 ბავშვი სწავლებოს, აქვთ 2 და 3 ცვლა. არ ვიცი, ისინი როგორ იმუშავებენ, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ, მაგრამ არის კერძო სკოლები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ამის გაკეთება, ისედაც მცირერიცხოვანი კონტიგენტი ჰყავთ. თავისუფლად შეუძლიათ სასწავლო პროცესი დაიწყონ, რა თქმა უნდა, რეკომედაციების გათვალისწინებით. სკოლებს გვთხოვეს, მიგვეწოდებინა ჩვენი პროექტი, როგორ შეიძლებოდა სკოლის განტვირთვა, მივაწოდეს ეს, მაგრამ მას შემდეგ არანაირი რეკომენდაცია არ არის. უკვე მთელი თვის განმავლობაში გვეუბნებიან, რომ ძალიან მალე გამოაქვეყნებენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სასკოლო რეკომენდაციას, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. 

ეს რეკომენდაციები სწრაფად უნდა გამოქვეყნდეს. შენობები ხომ მოსაწესრიგებელია იმ ყველაფრისთვის, რასაც დაწერენ რეკომენდაციებში? მაგალითად, ხელის სადეზინფექციო სადღაც ხომ უნდა დამონტაჟდეს? ანუ ძალიან ბევრი კრიტერიუმები იქნება შესასრულებელი, რომელსაც დრო დასჭირდება და რაღა დარჩა, თვე-ნახევარიც აღარ რჩება სწავლის დაწყებამდე და არანაირი რეკომენდაცია არ გვაქვს. 

თუ სამინისტრო  ფიქრობს, რომ მეორე ტალღა იქნება და უნდა, რაღაც შერეული რეჟიმით გავაგრძელოთ მუშაობა, აუცილებელია პედაგოგებს უფასოდ ჩაუტარდეთ “თიმსის” პროგრამის გამოყენების და მისი ფუნქციების შესახებ ტრენინგები. ეს ტრენინგები, რა თქმა უნდა, უფასო უნდა იყოს. მე უკვე დავინახე, რომ ზოგიერთმა ორგანიზაციამ დაიწყო ფასიანი ტრენინგების რეკლამირება, ანუ ისევ ამ საწყალ მასწავლებლებზე ფულის კეთება. თუ სახელმწიფო ამას ფიქრობს, ვალდებულია დაატრენინგოს მასწავლებლები. 

როგორ შეძლებს 136-ე სკოლა სწავლის განახლებას?

136-ე სკოლაში 1 100 მოსწავლეა და ვართ 1 ცვლაში. გააჩნია, რა რეკომენდაციბი მოვა, რამდენ კვადრატულზე რამდენი მოსწავლე უნდა იყოს, ამაზე მეტი არ შეიძლება, შეიძლება მერე ვიფიქროთ კლასების გაყოფაზე. ამ შემთხვევაში სხვანაირი ცხრილი უნდა შევადგინოთ. თუ გვეტყვიან, 60 კვადრატულ მეტრში დასვით 25-30 ბავშვი, მაშინ არ გვჭირდება კლასების გაყოფა. ამ ცხრილის შედგენას ეს ინფორმაცია სჭირდება და ეს ერთ დღეში არ დგება. ზოგადად, საგაკვეთილო ცხრილის შედგენა რთულია და დიდი დრო სჭირდება. ველოდებით ყოველდღე.

არის თუ არა სკოლაში საკმარისი რესურსი, რათა ბავშვები სკოლაში დაეტიონ თუნდაც მეორე ცვლის შემოღებით?

თუ გვითხრეს, შეამცირეთ მოსწავლეთა რაოდნობა, კლასი გაიყოფა ორად. ამ შემთხვევაში, მაგალითისთვის, პირველი ნახევარი მოვა პირველ ცვლაში და მეორე ნახევარი – მეორე ცვლაში. მაგრამ გაკვეთლები არ გაორმაგდება. 5 გაკვეთილი თუ არის მათემატიკაში, პირველ ნაწილს ჩაუტარდება 2.5 გაკვეთილი, მეორე ნაწილს – 2.5. მაგრამ დისტანციურად კვირაში 20-30 წუთიიანი გაკვეთილის 1-2-ჯერ ჩატარებას ნამდვილად სჯობს, კვირაში სამჯერ კლასში ჩაუტარდეთ გაკვეთილი. ეს იმიტომ ხდება, რომ მასწავლებლებს საათები არ გაუორმაგდეთ. მასწავლებლების საათების გაორმაგება წარმოუდგენელია. რომ მოვითხოვოთ და გავყოთ კლასები, ამასთანავე, მასწავლებლები გაკვეთილს რამდენ საათსაც ატარებს, ის გაუორმაგდება, რაც უნდა აუნაზღაურო. ეს წარმოუდგენელი მოთხოვნაა. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმა, რა გესახებათ საუკეთესო გამოსავლად სკოლის რესურსებიდან გამომდინარე?

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს არის და ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, რომ ხალხი უკვე აღარ ერიდება აღარაფერს, მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ამ ჰიგიენური პირობების დაცვით. შეიძლება სადღაც საჭირო იყოს პირბადე, სადღაც არ იყოს საჭირო. 

სპორტის გაკვეთილები უნდა ამოვარდეს, სხვანაირი კონტაქტია ბავშვებთან, სასადილოები ვერ იმუშავებენ იმიტომ, რომ იქ ვერანაირად შეინარჩუნებ დისტანციას, დასვენებებზე ვერ შევინარჩუნებთ დისტანციას. ამიტომ დასვენებები უნდა გადავიდეს საკლასო ოთახში. როცა მარტო საკლასო ოთახის მართვა იქნება დღის წესრიგში და აღარც ბუფეტი იქნება, დღეში გაკვეთლების რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუ კლასის ყოველკვირეული დატვირთვა არის 30 საათი კვირაში, რაღაც გაკვეთლები ფიზიკურად უნდა შევამციროთ იმიტომ, რომ როცა ბავშვს 3-4 გაკვეთილი ჩაუტარდება, არ ექნება შესვენება და ბუფეტში შესვლის შესაძლებლობა, ვერ დაისვენებს, მოშივდება. სწორედ ამიტომ, მალე უნდა გავუშვათ სახლში. მე ეს წინადადება მაქვს და მგონია, რომ ყველაზე ოპტიმალურია. 

შენიშვნა: ინტერვიუ ელზა ბადაშვილშთან ნეტგაზეთმა ჩაწერა 4 აგვისტოს. 5 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში 15 სექტემბრიდან განახლდება, ოღონდ, გარკვეული რეკომენდაციების დაცვით. რეკომენდაციები ჯერ უცნობია, რადგან სახელმწიფო უწყებები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი