ახალი ამბები

გია შარვაშიძეს თსუ-ის რექტორობა კიდევ ერთი ვადით სურს

31 ივლისი, 2020 • 1672
გია შარვაშიძეს თსუ-ის რექტორობა კიდევ ერთი ვადით სურს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი გია შარვაშიძე  რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში კვლავ მონაწილეობს.

შარვაშიძის გარდა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძეც მონაწილეობენ.

აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ 2020 წლის 4 აგვისტო განისაზღვრა. რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება 2020 წლის 4 აგვისტოს zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
აღნიშნულ თანამდებობას გია შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს.
მიმდინარე წლის იანვარში მოქმედი რექტორი გია შარვაშიძე პლაგიატში დაადანაშაულეს. საუბარია 140-გვერდიან ტექსტზე, რომელსაც ჰქვია „სტრუქტრული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“. დისერტაციაში გვერდები ემთხვევა სხვა ტექსტს, კერძოდ კი, განათლების სამინისტროს 2012 წლის დადგენილებას. ეს დადგენილება კი, თავის მხრივ, ეფუძნება 2002 წელს გამოცემულ ბროშურას, რომლის სახელწოდებაც არის „საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითიდადი მიმართულებები“. აღნიშნული დოკუმენტი ამ სახით 2012 წელს გახდა პარლამენტის დადგენილება.

დავა სწორედ ამ დოკუმენტთან თანხვედრას ეხება. შარვაშიძეს აღნიშნული ტექსტი („საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითიდადი მიმართულებები“) ბიბლიოგრაფიაში მოხსენებული არ აქვს. თუმცა, კრიტიკის საპირისპიროდ, სხვა არგუმენტებთან ერთად, ამბობს, რომ თავად იყო იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც დოკუმენტის შექმნაზე მუშაობდა.

რექტორის სადავო დისერტაციის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა “თავისუფლების მონიტორმა” და ისაუბრა დოკუმენტში პლაგიატის არსებობის შესახებ.

აღნიშნულის შემდეგ იაგო კაჭკაჭიშვილმა სადავო დისერტაციასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებას უწევს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში.

სწორედ ილიაუნი არის გაუქმებული სულხან-საბას უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა: „გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ.) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს.

აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

ამ ინფორმაციას თავად შარვაშიძე და თსუ უარყოფენ. რექტორი ამბობს, რომ შესაძლოა საქმე  გვქონდეს ტექნიკურ ხარვეზთან, თუმცა, არა – პლაგიატთან. უნივერსიტეტი კი დასძენს, რომ მისი მოკვლევის მიხედვით, შარვაშიძის დისერტაციაში თანხვედრა მხოლოდ 8%-ია, პლაგიატის ნიშნები კი არ არის.

გარდა ამისა, თსუ ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტექსტი, რომელიც შარვაშიძემ დისერტაციაში გამოიყენა, იურიდიული და, შესაბამისად, საჯარო დოკუმენტია. მისი ავტორის მითითება კი აკადემიურ ნაშრომში საჭირო არ იყო.

ვრცლად:

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი