ახალი ამბები

დაღესტნელ კაცს, რომელსაც რუსეთი ეძებს, საქართველოდან დეპორტაცია ემუქრება

30 ივლისი, 2020 • 2709
დაღესტნელ კაცს, რომელსაც რუსეთი ეძებს, საქართველოდან დეპორტაცია ემუქრება

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს 26 წლის დაღესტნელი კაცის, ბათირ მაგომედოვის რუსეთში დეპორტაციის გადაწყვეტილება. რუსეთში კი მასზე ძებნაა გამოცხადებული. ბათირ მაგომედოვი ბრალდებას მოგონილს უწოდებს და მისი ოჯახის წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით დევნას უკავშირებს.

მაგომედოვის ადვოკატი და ყოფილი სახალხო დამცველი „ნეტგაზეთთან“ საუბარში მიუთითებენ, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირების, მათ შორის ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლების, ფაქტობრივ გადაცემას — ექსტრადიციას თუ დეპორტაციას, — განურჩეველი სახე აქვს, ცალმხრივია და ეს პრაქტიკა შესაცვლელია.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათირ მაგომედოვის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ცნობით, 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გააძევოს რუსეთის მოქალაქე, 26 წლის ბათირ მაგომედოვი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფად მიიჩნევს.

მისივე ცნობით, 29 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. 20 ივლისიდან 30 დღის ვადაში მაგომედოვს, სავარაუდოდ, რუსეთში — იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა — გაძევება ელის.

ადვოკატის თანახმადვე, ბათირ მაგომედოვი საერთაშორისოდ ძებნილი პირი არ ყოფილა და რუსეთს საქართველოსგან მისი გადაცემა არ მოუთხოვია. მას არც რაიმე დანაშაულს ედავებიან საქართველოში. საქმის ვითარება შემდეგნაირია:

„ბათირ მაგომედოვი საქართველოში 2016 წელს დააკავეს თურქეთ-საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, გაასამართლეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმრო მან 2020 წლის მაისში დატოვა, რის შემდეგაც კვლავ დააპატიმრეს, — ამჯერად, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირი — და მოათავსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ის ახლაც იქ იმყოფება“, – უამბობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „ნეტგაზეთს“.

ნიკოლაიშვილი შიშობს, რომ თუკი მაგომედოვს საქართველოდან რუსეთში გააძევებენ, მას საზღვარზევე ელის დაკავება, რადგან რუსეთში, ფედერალურ დონეზე, მასზე ძებნაა გამოცხადებული.

მაგომედოვის ბრალდება

როგორც ადვოკატი გვეუბნება, ბათირ მაგომედოვს ბრალად ედება „უკანონო სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება“. თუმცა, ადვოკატის თანახმად, ის ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც ძარცვაში მონაწილეობას ედავებიან, მომხდარია მაშინ, როდესაც არა რუსეთში, არამედ თურქეთში იმყოფებოდა.

რუსულენოვანი გამოცემა Кавказский узел-ის თანახმად, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს, დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ კორესპონდენტს განუცხადა, რომ მაგომედოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2013 წლის 11 სექტემბერს აღძრეს;

ამავე წყაროს თანახმად, საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 222-ე მუხლებით, რაც არალეგალური შეიარაღებული ფორმირების შექმნას და იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს. ფედერალურ დონეზე ძებნა კი 2014 წელს გამოცხადდა. მას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ვებსაიტზე „ექსტრემისტულ ორგანიზაციაში ან ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა სიაში“ იძებნება 1994 წელს დაბადებული ბათირ მაგომედის ძე მაგომედოვი, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის მკვიდრი. ამ სიაში მისი ბრალდება დაზუსტებული არ არის.

Кавказский узел-ი ასევე წერს, რომ ესაუბრნენ მაგომედოვის მეზობელს, პირს, რომლის გვარსაც არ ასახელებენ. მასზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ მაგომედოვის ორი ბიძა, რომლებიც „ძალოვნების აზრით, მიწისქვეშა [მოძრაობაში] იყვნენ გაერთიანებულნი“, „გაუჩინარდა“ — ერთი, 15 წლის წინ, მეორე კი, ხუთი წლის წინ.

„გაუჩინარებები“ დაღესტანში

უფლებადამცველები და რეგიონზე მომუშავე მედიასაშუალებები წლებია მიუთითებენ რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, მათ შორის დაღესტანში, „გაუჩინარებების“ საეჭვო სიხშირესა და „ექსტრემიზმის“ იარლიყის სხვადასხვა მიზნით გამოყენებაზე.

როგორც გამოცემა OC Media წერს, წლების განმავლობაში დაღესტანში არაერთი ადამიანი „გაუჩინარდა“, ამ საქმეების საერთო დამახასიათებელი ნიშანი კი ასეთია: ძირითადად ახალგაზრდა კაცების რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ, ოჯახის წევრები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ისინი „კონტრტერორისტულ ოპერაციებში გაანეიტრალეს“.

მაგალითად, გამოცემას მოჰყავს მაგომედ სულეიმანოვი, რომელიც მაჰაჩყალიდან 2016 წლის 3 ივნისს გაუჩინარდა, ნათესავებმა მისი ბედის შესახებ 16 ივნისს გაიგეს, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან კონტრტერორისტულ ოპერაციაში დაიღუპა.

რუსეთის პრეზიდენტის „სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების საბჭოს“ 2018 წლის მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, დაღესტანში, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, 284 ადამიანი იყო დაკარგულად გამოცხადებული.

გაურკვეველი „გაუჩინარებების“ პრაქტიკა დაღესტანში არაერთხელ გაუპროტესტებიათ; არსებობს ორგანიზაცია „დედის გული“, რომელიც აერთიანებს „გაუჩინარებული“ ახალგაზრდების დედებს…

„შიშობს, რომ ბიძების ბედს გაიზიარებს“

„ნეტგაზეთთან“ საუბარში გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ბათირ მაგომედოვი შიშობს, თუკი რუსეთში აღმოჩნდება, მასაც იგივე ბედი ელის, რაც მის ბიძებს. ოჯახის წინააღმდეგ დევნას კი აღმსარებლობას უკავშირებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ვინაიდან მის ოჯახს დევნიდნენ პოლიტიკურად, რელიგიური ნიშნით, — ისინი მუსლიმები არიან, — ამიტომ მასაც ემუქრება საფრთხე. ის მუსლიმია და, როგორც განმარტავს, რელიგიის გამო მას „ექსტრემისტად“, საფრთხედ მიიჩნევენ“, – გვეუბნება ადვოკატი.

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) თანახმად, დაღესტნის სალაფიტური თემი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია, დიდი ხანია, დისკრიმინაციას განიცდის ხელისუფლების მხრიდან.

ICG წერს, რომ 2014 წლიდან დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „პროფილაქტიკური სიის“ წარმოება, სადაც 15,000-ზე მეტი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც „ექსტრემიზმთან“ აკავშირებენ. ამ სიაში შეყვანის კრიტერიუმები კი გასაიდუმლოებულია.

„სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტები“

როგორც ადვოკატი ნიკოლაიშვილი გვეუბნება, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში დაღესტანში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ არც ეს გაითვალისწინა:

„სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები, — რომლის თანახმადაც მას რუსეთში, დაღესტანში, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა ელის, განსაკუთრებით, როგორც ჩრდილოკავკასიელს, და სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს რისკები ზოგადია და არ უჩვენებს, თუ რა რისკის წინაშე დგას კონკრეტულად ეს პიროვნება“, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„არადა, ჩვენ ვიცით, თუ რა ხდება დაღესტანში ასეთი კატეგორიის ადამიანების მიმართ… ასეთ კატეგორიაში ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც თურქეთში არიან წასულები. თუკი ასეთი ადამიანები მალევე უკან არ ბრუნდებიან, რუსეთში ყველას მიიჩნევენ, რომ იბრძოდნენ სირიაში, მიუხედავად იმისა, აქვთ ამის მტკიცებულება თუ არა“. ადვოკატის თანახმად, მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა.

როგორც ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, მაგომედოვის ცოლ-შვილი მუქარის შემდეგ თურქეთიდან რუსეთში დაბრუნდა: „მის ცოლს შეუთვალეს, ერთ თვეში თუ არ დაბრუნდები, შენზეც ძებნას გამოვაცხადებთო, — როგორც გითხარით, ასეთი პრაქტიკაა, თუ თურქეთში წახვედი და გარკვეულ პერიოდში არ დაბრუნდი, ძებნას აცხადებენ [ყოველ მიზეზს გარეშე]… შესაბამისად, მისი ცოლ-შვილი, მათზეც ძებნა რომ არ გამოეცხადებინათ, ახლა დაღესტანში იმყოფებიან“…

„სამართლებრივი ბრძოლის გზა აღარ დაგვრჩა“

როგორც გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, დაცვის მხარემ სცადა, რომ — თუკი დეპორტაცია გარდაუვალი იყო — სასამართლო მაგომედოვის თურქეთში დეპორტაციაზე მაინც დაეყოლიებინათ, სადაც მას ნაკლები საფრთხე დაემუქრებოდა.

„თუმცა მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა [სასამართლოზე] განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის თურქეთიდან ლეგალურად შემოვიდოდა. ამიტომ ეს ვერსიაც არ გამოდის“, – ეუბნება ის „ნეტგაზეთს“.

ახლა ნიკოლაიშვილი იმასღა იმედოვნებს, რომ გაასაჩივრებს ლტოლივის სტატუსის მიღებაზე უარს:

„ფაქტობრივად, სამართლებრივი ბრძოლის გზა აღარ დარჩა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ის, რომ გავასაჩივროთ მისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმა. საქმე ისაა, რომ მას დაკავების შემდეგ, 2016 წელს, ლტოლვილის სტატუსზე უთხრეს უარი. თუმცა მაშინ ადვოკატი არ ჰყოლია და არ გაუსაჩივრებია ეს გადაწყვეტილება. ახლა ხელმეორედ შევიტანეთ მოთხოვნა სტატუსის მისაღებად, თუმცა ველით უარს იმ მოტივით, რომ რახან სახელმწიფოს ერთხელ უკვე აქვს მისთვის უარი ნათქვამი და მას ეს არ გაუსაჩივრებია, რეალურად არ ველით, რომ ამას ხელმეორედ განიხილავენ“, – ამბობს ნიკოლაიშვილი.

სხვა საქმეები

იმის მიუხედავად, რომ მაგომედოვის შემთხვევაში საქმე გაძევებას/დეპორტაციას ეხება და არა ექსტრადიციას [ექსტრადიცია კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე ხდება, გაძევება/დეპორტაციას კი სხვა საფუძველი აქვს], ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ასეთ კანონზომიერებას ამჩნევს:

„სამწუხაროდ, ძალიან „აქტიური“ თანამშრომლობა მიმდინარეობს საქართველოს მხრიდან… მე პრაქტიკულად არ შემხვედრია, — არც მე მყოლია დასაცავად და კოლეგებისგან რაც გამიგია, — რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მოითხოვა და საქართველომ არ გადასცა. თანაც, არ არის საუბარი მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებზე. მაგალითად, მე მყოლია სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვის მცხოვრებლები, რომლებსაც ეკონომიკურ დანაშაულს ედავებოდნენ. პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში თანხმობას აძლევს ქართული მხარე და მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი“.

გელა ნიკოლაიშვილის მოსაზრებით, სახელმწიფომ თითოეული შემთხვევა ყურადღებით უნდა განიხილოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს საკითხი: „ვიღაცაზე შეიძლება დათანხმება, ვიღაცაზე შეიძლება უარის თქმა, თავის შეკავება, მაგრამ ყველას ერთი ხელის მოსმით გადაცემა მე არ მიმაჩნია სწორად და სამართლებრივად დასაბუთებულად“.

„ნეტგაზეთს“ საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის არაერთი შემთხვევა აქვს გაშუქებული. მაგალითად:

  • რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი, რომელიც ეთნიკურად ჩეჩენია, 2019 წლის 19 სექტემბერს გადასცეს რუსეთს. მის ექსტრადიციას ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერა. მას ტერორიზმთან კავშირში ედავებოდნენ, რასაც იგი უარყოფდა.
  • 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველომ რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულთან და გამომძიებლის მკვლელობის გახმაურებულ საქმეებთან აკავშირებდნენ; სუმბაევის ადვოკატი საქართველოში თავიდანვე საუბრობდა რისკზე, რომ რუსეთს შესაძლოა დამატებითი ბრალდება წაეყენებინა სუმბაევისთვის და მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დამდგარიყო, თუმცა ის მაინც გადასცეს რუსეთს. რამდენიმე თვეში მას მართლაც წაუყენეს ახალი ბრალდება.

„მიუღებელი, ცალმხრივი პრაქტიკა“

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში საქმე დეპორტაციას ეხება და არა ექსტრადიციას, საქართველოს კიდევ უფრო მეტი სივრცე ჰქონდა იმისთვის, რათა რუსეთის ხელისუფლების ხელში არ ჩავარდნოდა. ამასთან, მისი თქმით, ეს პროცესი ცალმხრივია.

„ჩვენ ბოლო წლებში რამდენიმეჯერ ვნახეთ შემთხვევები, რომ რუსეთს პირველივე მოთხოვნაზე გადასცეს ადამიანები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხდა გადაცემა. რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“. ამ შემთხვევაში კი, რუსეთს მისი გადაცემა არც კი მოუთხოვია.

„როდესაც არსებობს რისკი, რომ ადამიანი გახდება წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არ ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლება, როდესაც გაუჩინარების შემთხვევებიც კი ფიქსირდება, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“ 29 ივლისს.

უჩა ნანუაშვილი ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებას: „ეს [გადაცემის] პრაქტიკა ისედაც მიუღებელია, მაგრამ როდესაც ანალოგიური ნაბიჯები არ იდგმება რუსეთის მხრიდან და ის საქართველოსთან თანამშრომლობს, ასეთი გადაწყვეტილებები სრულიად გაუგებარია“.

„ნეტგაზეთს“ იუსტიციის სამინისტროსგან რამდენიმე თვეა გამოთხოვილი აქვს საჯარო ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირთა ექსტრადიციის შესახებ — რამდენი მოთხოვნა გაუგზავნა ორმა სახელმწიფომ ერთმანეთს და ვინ რამდენ შემთხვევაში დააკმაყოფილა მოთხოვნა. ეს ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადა 10 სამუშაო დღეა.

„რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ გვაქვს“

ამ ცალმხრივობას ამჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც ამჟამად „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია, და „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამის მიზეზს შემდეგნაირად განმარტავს:

„ამ ცალმხრივობას განაპირობებს ის, რომ ზოგადად არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს სტრატეგია და მოქმედებების გეგმა რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ არ ვიცით, გრძელვადიან პერსპექტივაში რა უნდა ვაკეთოთ. მაქსიმუმ შემოვიფარგლებით განცხადებებით, რომლების ტონალობაც ცალკე კითხვნის ნიშნის ქვეშ არის დასაყენებელი“.

ვალერი ჩეჩელაშვილის თანახმად, საჭიროა, რომ შეიქმნას „სრულყოფილი, სისტემური, საერთაშორისო არენაზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კარგად შეთანხმებული მოქმედებების გეგმა, რომელსაც აქვს გრძელვადიანი, საშუალო და მოკლევადიანი ამოცანები და მიზნები“.


იმ ფონზე, როცა გერმანიის ფედერალური პროკურატურა ამ საქმეში ხელს რუსეთის სპეცსამსახურებს ადებს, საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ გაუკეთებია განცხადება ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქის, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მისამართით.

გირჩევთ ამ თემაზე:

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი