ახალი ამბები

ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს საქართველოდან რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება – ბრძანება გაცემულია

17 სექტემბერი, 2019 • 4796
ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს საქართველოდან რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება – ბრძანება გაცემულია

რუსეთის ეთნიკურად ჩეჩენ მოქალაქეს, რამზან ახიადოვს, რომელიც 2017 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, რუსეთში, კერძოდ კი, ჩეჩნეთში ექსტრადაცია ემუქრება. მისი ადვოკატის თანახმად, რუსეთის ფედერაცია მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს, თუმცა ახიადოვი ბრალდებას მოგონილს უწოდებს; ამბობს, რომ სამშობლოში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და იქ არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.

„ნეტგაზეთს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ექსტრადიციის შესახებ ბრძანება უკვე გამოცემულია. ადვოკატის თანახმად, საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა 20 სექტემბერს იწურება. ადვოკატის თანახმადვე, ის ამჟამად რუსთავის ერთ-ერთ საპატიმროში იმყოფება.

ახიადოვის საქმე

ახიადოვის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი „ნეტგაზეთს“ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნაამბობზე დაყრდნობით მოუთხრობს:

რამზან ახიადოვმა, რომელიც წლების განმავლობაში საჯარო მოხელედ მუშაობდა, დაახლოებით 2014-15 წლებში დატოვა ჩეჩნეთი და ოჯახთან, ცოლთან და შვილებთან ერთად  თურქეთში  გადავიდა. იქ მუშაობდა კიდეც, რისი დამადასტურებელი საბუთიც, ადვოკატის თქმით, ქართულ სასამართლოებზეც წარადგინეს.

2017 წლიდან თურქეთში შექმნილი პრობლემების გამო, რის შესახებ საუბარიც საჯაროდ არ სურს, მას საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა მოუწია. 39 წლის ახიადოვი ქუთაისში ცხოვრობდა.

ადვოკატის თანახმადვე, 2018 წლის დეკემბერში ქუთაისის საპატრულო პოლიციამ მანქანის არასწორად პარკირების გამო გააჩერა. დაჯარიმებისას კი აღმოაჩინეს, რომ ახიადოვი რუსეთის ფედერაციის მიერ ინტერპოლის საშუალებით იყო ძებნილი. ახიადოვის თანახმად, მან თვითონაც არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ბრალი ჰქონდა წაყენებული ან იძებნებოდა. იგი დააკავეს და 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდეს.

როდესაც საქმეში ადვოკატი ჩაერთო, მიგრაციის დეპარტამენტს მიმართეს თხოვნით, ახიადოვისთვის თავშესაფარი/ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ, თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა.

როგორც ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, ეს გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, შემდეგ კი- სააპელაციოში, თუმცა ორივე ინსტანციამ ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო, საჩივარი არ დააკმაყოფილა, რითაც, ფაქტობრივად, მათაც უარი უთხრეს თავშესაფარზე. ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში არ საჩივრდება.

„ჯერ მიგრაციის დეპარტამენტმა გაიზიარა არგუმენტი, შემდეგ კი- სასამართლოებმა, რომ რუსეთში არ ირღვევა ადამიანის უფლებები ისე, რომ ამან ხელი შეუშალოს რამზახ ახიადოვის ექსტრადირებასო“, — ამბობს ადვოკატი. „ნეტგაზეთი“ შეეცდება გაარკვიოს, რა არგუმენტით ეთქვა მას თავშესაფარზე/ლტოლვილის სტატუსზე უარი.

ამავე დროს, ადვოკატის თანახმად, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ახიადოვის რუსეთში ექსტრადიციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. აქაც, მისი თქმით, მათი არგუმენტი ის იყო, რომ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გამხდარიყო.

საბოლოოდ, როგორც ადვოკატი ამბობს, ახიადოვის მეუღლემ მიიღო შეტყობინება, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერა ხელის მისი რუსეთში ექსტრადირების ბრძანებას. „ნეტგაზეთს“ 17 სექტემბერს, საღამოს, იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ახიადოვის ექსტრადაციის ბრძანება უკვე გამოცემულია.

„ის თანახმა იყო, რომ საქართველოში გამართულიყო პროცესი. ის თავს დამნაშავედ არაფერში არ ცნობს და ამბობს, რომ „შეკერილი“ იყო ბრალდება… მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს“, — ამბობს ადვოკატი.

„მართალია, რომ საქართველო რუსეთის გამოძიებაში ვერ ჩაერევა, აქაური სასამართლო არ ამოწმებს [არ ადგენს ბრალეულობას], მაგრამ ვალდებულება მაინც ეკისრებოდა ჩვენს სახელმწიფოს, რომ დასაბუთებული ვარაუდით დადგენილიყო პირის დანაშაულებრიობა, რაც არ დგინდებოდა“, — ამბობს ადვოკატი.

„ამბობდა, იქ [რუსეთში, ჩეჩნეთში] თუ მოვხვდები, ჩათვალეთ, რომ ჩემი საქმე დამთავრებულიაო… აქ იმედები გაუცრუვდა. არ ეგონა, თუ საქართველო რუსეთს გადასცემდა“, — გვითხრა ადვოკატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი