ახალი ამბები

გეჯაძის აზრით, ოქმის ჩანაწერი, რომ შაქარაშვილის ცხედარს “გვამური გაშეშება აღენიშნებოდა ყველა ჯგუფის კუნთში”, შეცდომაა

20 ივლისი, 2020 • 1197
გეჯაძის აზრით, ოქმის ჩანაწერი, რომ შაქარაშვილის ცხედარს “გვამური გაშეშება აღენიშნებოდა ყველა ჯგუფის კუნთში”, შეცდომაა

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განაცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის გამოკვლევის ყველა ოქმში მითითებულია, რომ გვამს აღენიშნება ლპობითი პროცესები და ეს 22 ივნისს, სხეულის დათვალიერების ოქმშიცაა მითითებული. გეჯაძე იმ საექსპერტიზო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც შაქარაშვილს ოჯახს ჰყავს ჩართული ამ საქმის გამოძიებაში.

გეჯაძის თქმით, ცხედრის დათვალიერების პირველად ოქმში ასევე წერია, რომ ცხედარს გვამური გაშეშება აღენიშნება ყველა ჯგუფის კუნთში, რაც, სავარაუდოდ, შეცდომაა:

“ოქმში რატომ ჩაიწერა [გვამურ გაშეშებაზე], ამას თვითონ გაარკვევს სამხარაული და გამოძიება. ფაქტი ერთია, რომ ოქმის მიხედვით, ჰქონდა გვამური გაშეშება გამოხატული ყველა ჯგუფის კუნთებში. ამ ოქმში ასევე წერია, გვამი და მისი ტანსაცმელი სველია და მოსვრილია მორუხო ფერის შლამში მისი სახე, გულმკერდი და ორივე ზედა კიდური დაფარულია მომღვრიო მომწვანო-მორუხო ფერის ლპობითი ბადით”, – ამბობს გეჯაძე.

მისი თქმით, გვამური გაშეშება გამოხატული ვერ იქნებოდა ყველგან, მაშინ, როცა სხეულზე ლპობითი პროცესებია დაწყებული და საქმე შეცდომასთან გვაქვს.

აღნიშნულ საკითხზე გუშინ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმოშინამ ისაუბრა და თქვა, რომ  შეუძლებელია გვამური გაშეშება, რის შესახებაც ცხედრის დათვალიერების ოქმში წერია, ცხედარს 84 საათის მანძილზე ჰქონდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალგაზრდა მისი ცხედრის პოვნიდან 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ შაქარაშვილი 19 ივნისისს არ გარდაცვლილა.

აღნიშნულის საპასუხოდ გეჯაძე აღნიშნავს, რომ ექსპერტს გვამის დათვალიერების ოქმი არასწორად უთარგმნეს, ან/და მან ცხედრის შავ-თეთრი ფოტოები ნახა, სადაც ლპობითი ბადე არ არის გამოკვეთილი. შესაბაისად, გეჯაძე მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის სიკვდილის პერიოდთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს:

“გვამური გაშეშება ვერ იქნება გამოხატული, როდესაც სახეზეა უკვე ლპობითი პროცესები. ამ ქალბატონს, ალბათ, არასწორად უთარგმნეს და შეცდომაში შეიყვანეს. ის ქალბატონი ამბობს, რომ ლპობით პროცესებს ადგილი არ ჰქონია, ამ დროს [გვამის დათვალიერების ოქმში] წერია, რომ ლპობითი პროცესებია. იგივე წერია სამხარულის ექსპერტიზის გამოკვლევის პროცესში და ფერად ფოტოსურათებში. შეიძლება მას შავ-თეთრი სურათები ჰქონდა, სადაც ლპობითი ბადე არ ჩანს, მაგრამ გვამის გამოკვლევის დასკვნაში და შემდგომ ოქმებში ყველგან წერია, რომ აღენიშნება ლპობითი ბადე”, – ამბობს გეჯაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი