ლუკა სირაძის დედის, ელიკო ჩხიტუნიძის თქმით, მისი შვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გარდა პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე სხვა პოლიციელებმაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი აქვს, რომ 15 წლის მოზარდს ხელი დაარტყა. ამის შესახებ ჩხიტუნიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ჩხიტუნიძის თქმით, მისი შვილის გამოკითხვისას სხვადასხვა პოლიციელების მხრიდან ისმოდა გინება, რაზეც პოლიციის უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი გამოვიდა, რომელმაც სირაძე საკუთარ კაბინეტში მშობლის გარეშე შეიყვანა. დაახლოებით 7 წუთის შემდეგ კი სირაძე ოთახიდან ნამტირალევი გამოვიდა, რაზეც ჩხიტუნიძემ ჰკითხა, სცემეს თუ არა მას, სირაძემ ცემის ფაქტი უარყო, თუმცა განაცხადა, რომ პოლიციის უფროსის მოადგილე მას “კაპეზეთი დაემუქრა”.
“7 წუთის მერე გამოვდა, სახე ჰქონდა ალეწილი, თვალები წყლიანი, ტიროდა, დედი, გცემეს- მექთი? და არ მომეწონა სახე, ნადვილად ვიტყვი, რომ იმ ბავშვს გარტყმული ჰქონდა სახეში , მაგრამ ბავშვმა არ თქვა. შეაშინეს, ეტყობა, შეეშინდა. რა ხდება, დედი, დაგარტყა-მეთქი, ვკითხე და არა, კაპეზეთი დამემუქრაო”.
“ყველაფერმა ერთად იმოქმედა მასზე [ლუკა სირაძეზე], და მიაღწიეს იმას, რომ გატყდა ბავშვი, ყველანაირი სიძლიერე წაერთვა”, – განაცხადა ჩხიტუნიძემ ჟურნალისტთან საუბრისას.
ჩხიტუნიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტი დატოვა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა ჩოლოიანმა ამ თხოვნაზე სირაძეს უთხრა, რომ მას არ ეტყობოდა ცუდად ყოფნა და თავად იცოდა, როდის უნდა გამოეძახა სასწრაფო დახმარება. ამის შემდეგ სირაძემ სოციალური სამსახურის გამოძახება ითხოვა, თუმცა ჩოლოიანმა ამაზეც უარი უთხრა იმ არგუმენტით, რომ მას გვერდით ჰყავდა დედა.
“შემდეგ მე მკითხა ლუკამ, დე, რა ვქნაო? მე ვუთხარი, თუ შენი გაკეთებულია, დაწერე, ხომ არ მოგკლავენ ამის გამო-მეთქი… ამაზე დათანხდა, დავწერ აღიარებით ჩვენებასო. ამ დროს უკვე ხუთსაათნახევარი იყო გასული. იმ ღამეს დაწერა ვერ მოვასწარით. გვითხრეს, წავსულიყავით და მეორე დღის 11 საათზე მოვსულიყავით. როგორც დაგვიბარეს, ისე მივედით, დაიწყო წერა ლუკამ, თუმცა საქმე ტელეფონზე მიდგა, ლუკა ამბობდა, რომ მისი გაგზავნილი არ იყო ის ტექსტები, რაც მათ ჰქონდათ. ანუ არ შედგა, ვერ დაწერა აღიარებითი ჩვენება. დღესაც არ ვიცი, რა მესიჯზე ეუბნებოდა”, – უთხრა ჩხიტუნიძემ “ფორმულას”.
ამის შემდეგ კი, როგორც ჩხიტუნიძე იხსენებს, ჩოლოიანმა ისინი გარეთ გამოაგდო, რადგან მხოლოდ იმის აღიარება, რომ კედლებზე წარწერები სირაძემ გააკეთა, საკმარისი არ აღმოჩნდა ჩოლოიანისთვის და უფრო მეტს ითხოვდა. ამის შემდეგ ლუკა სირაძე და დედამისი სახლში დაბრუნდნენ, ცოტა ხანში კი, როგორც ჩხიტუნიძე ამბობს, მოზარდი სახლიდან გავიდა და დაიაბარა, რომ იმ ღამით არ დაბრუნდებოდა.
“გავეკიდე, გავედი გარეთ, დაწევით ვერ დავეწეოდი, აზრი არ ჰქონდა. მე ვუთხარი, მაინც დაგაწერინებენ ამ ახსნა-განმარტებით ბარათს და გეხვეწები, არსად არ წახვიდე- მეთქი და გაიქცა… ისევ ჩოლოიანს დავურეკე, მეთქი რა უთხრა იმ კაცმა ასეთი, იქნებ დამეხმარო-თქო, ვუთხარი, რაზეც მიპასუხა – შენ შვილს [ლუკა სირაძის ძმას] დაურეკე გორში, ჩამოვიდეს და ის მოგეხმაროსო”, – იხსენებს ჩხიტუნიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ჩათვლიდა ლუკა სირაძის დედა, რომ სამართლიანობას მიაღწია და ვინც დააშავა, დაისაჯა, ჩხიტუნიძემ უპასუხა, რომ ჩოლოიანის და კიდევ 3 პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, ამისთვის კი დახმარებას საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთოხვს. გარდა ამისა, მისი თქმით, პასუხი სკოლის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხოთ.
15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამენიმე დღით ადრე თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ მას წარედგინა. გარდა ამისა, საქმის გამომძიებელი ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის განცხადებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები გამოვლინდა, თუმცა სხვა პოლიციელებთან მიმართებაში ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.
ინსპექტორის აპარატის განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩოლოიანს გენერალური პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.
“მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით.
მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”, – ნათქვამია ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.
სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 19 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა.
ჩოლოიანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და მას არ აღიარებს.