ახალი ამბებისაზოგადოება

“ბევრს ვფიქრობთ, რა იყო ჩვენი გათავისუფლების მიზეზი” – სოცმუშაკები

4 თებერვალი, 2020 •
“ბევრს ვფიქრობთ, რა იყო ჩვენი გათავისუფლების მიზეზი” – სოცმუშაკები

„ვამატებთ სოციალურ მუშაკებს ყველა სამინისტროს ფარლგებში და ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, რომ წელს პირველად გვეყოლება ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სოცმუშაკები“, – განაცხადა სოფო კილაძემ პარლამენტში სოცმუშაკებთან შეხვედრის დროს, 17 იანვარს.

29 იანვარს კი საქართველოს მასშტაბით ათობით სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ წერილი მიუვიდა, რომლის მიხედვითაც მათ პირველი თებერვლიდან საკუთარი საქმიანობა შეწყვიტეს. მანამდე კი, მათივე თქმით, შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მათთვის არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუწოდებია.

სოფიო კილაძის, არჩილ თალაკვაძისა და თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში გამართულ შეხვედრასა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ის სოციალური მუშაკებიც, რომელთაც გათავისუფლების შესახებ წერილი 29 იანვარს მიუვიდათ.

წერილი გათავისუფლების შესახებ

იმერეთის უფროსი სოციალური მუშაკი, მზევინარ ღაჭავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სამინისტრომ არცერთ სოციალურ მუშაკს არ განუმარტა, კონკრეტულად რა მიზეზით ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ერთადერთი მიზეზი, რაც სამინისტროს მიერ სოცმუშაკებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, არის მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებები და დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, თუმცა აღნიშნული არგუმენტი დამაკმაყოფილებელი არ არის გათავისუფლებული სოცმუშაკებისთვის:

წერილი
“გატყობინებთ, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11.12.2019 წ. N5461-Iს) მოთხოვნების გათვალისწინებით და „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის N04-1429/ო ბრძანებით დაწყებული და მიმდინარე ორგანიზაციული (სტრუქტურული/ფუნქციური) ცვლილებების ფარგლებში, რომელიც იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებს და დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თქვენთან შეწყდება შრომითი ურთიერთობა 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან”, – წერილს ხელს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი წოწკოლაური აწერს.

“აღნიშნული წერილი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ყველა გათავისუფლებული სოცმუშაკი მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაგვიშვეს სამსახურებიდან, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ”, – ამბობს მზევინარ ღაჭავა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში 17 წელი მუშაობდა და გათავისუფლებამდე 6 თვით ადრე, 2019 წლის პირველ აგვისტოს კარიერული წარმატებისთვის დააწინაურეს კიდეც.

ღაჭავას მსგავსად 29 იანვარს გათავისუფლების შესახებ წერილი მიიღო სოცმომსახურების სააგენტოს ხონის რაიონის განყოფილების სოციალურმა მუშაკმა, თინათინ გორდაძემაც, რომელმაც სოციალური მომსახურების სასერტიფიკაციო კურსი გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე დაასრულა. სასერტიფიკაციო კურსის ორგანიზატორი კი სოციალური მომსახურების სააგენტო იყო. როგორც გორდაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, აღნიშნული კურსი სახელმწიფოს, ჯამში, ხუთიდან ექვსი ათას ლარამდე დაუჯდა და ის ემსახურებოდა სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას [ზუსტი თანხების დასადგენად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია]. მისივე თქმით, აღნიშნული კურსი იმერეთის რაიონში გათავისუფლებული შვიდი სოციალური მუშაკიდან ხუთმა გაიარა, დანარჩენებს კი ეს მანამდე ჰქონდათ გავლილი.

“ძალიან ბევრს ვფიქრობთ, თუ რა იყო ჩვენი გათავისუფლების მიზეზი, სიტყვით არავინ გვეუბნება, განმარტებას არავინ არ გვაძლევს, თუ რის გამო მოხდა ჩვენი სამსახურიდან დათხოვნა. ჩვენ ვარაუდებით და ეჭვებით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს იყო პირადი ინტერესების გამო მიღებული გადაწყვეტილება, სხვა მიზეზს ჩვენ ვერ ვპოულობთ იმიტომ, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების კუთხით ჩვენი შემოწმება არ მომხდარა”, – ამბობს გორდაძე “ნეტგაზეთთან საუბრისას.

ღაჭავას მსგავსად, გათავისუფლების მიზეზი ბუნდოვანია გორდაძისთვისაც, რომელიც მიიჩნევს, რომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები უთანასწორო პირობებში აღმოჩნდნენ:

“ეს იყო ნამდვილად დაუმსახურებელი, ჩვენ მიზეზიც კი არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეგვარჩიეს და უთანასწორო პირობებში რატომ აღმოვჩნდით. მიზეზიც კი არ ვიცით, რა მიზნებით მოხდა ჩვენი ჩამოცილება ამ პროცესებიდან”, – ამბობს გორდაძე.

სამინისტროს განმარტება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოხდა სოციალური სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლებიც შეეხებოდა მეურვეობისა და მზრუნველობის, ასევე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით, გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, სწორედ ეს ფაქტი გახდა რეორგანიზაციის და, შესაბამისად, 30-მდე სოცმუშაკის გათავისუფლების მიზეზიც. ანუ სოცმუშაკების დიდი ნაწილი ახალ სააგენტოში გადაიყვანეს, ხოლო რამდენიმე ათეული – გაათავისუფლეს.

29 იანვარს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ისინი შეძლებენ მუშაობას “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთ დამხარების სააგენტოში”.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის მარტიდან რეორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარეობდა გასაუბრებები სოცმუშაკებთან, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი განმარტება, თუ რატომ გაათავისუფლეს კონკრეტული ადამიანები.

“მათი [გათავისუფლებული სოცმუშაკების] არგადანიშვნა მოხდა იმის გამო, რომ განისაზღვრა კრიტიკული უმცირესობა თავის ლოკაციებიდან გამომდინარე და ისე გადაინიშნა ხალხი. დანარჩენ შემთხვევაში იყო შექმნილი რეორგანიზაციის კომისია, რომელიც ესაუბრებოდა თანამშრომლებს და ესაუბრებოდა ზოგადი უნარ-ჩვევების კუთხით, აქ კომპეტენციაზე არ არის საუბარი, ზოგადი უნარ-ჩვევებით განსაზღვრა კომისიამ ეს უმცირესობა და მათზე დადო დადებითი რეკომენდაციები, ხოლო ვისზეც თავი შეიკავა და რეკომენდაცია არ მისცა, მათ მიეცათ ორთვიანი კომპენსაცია”, – განაცხადა წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინ, 3 თებერვალს.

თუმცა, როგორც სოციალურმა მუშაკმა მზევინარ ღაჭავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, მათ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონიათ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა გასაუბრება, რომლის გამოც სოცმუშაკები სპეციალურად თბილისში დაიბარეს:

“მე სულ ორი შეკითხვა დამისვეს. ეს ორი შეკითხვა ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩვენი გათავისუფლების განმსაზღვრელი. მაგალითად, მკითხეს, თუ როგორ ვახორციელებდი სოციალური მუშაკებისა და მათი ბენეფიციარების ურთიერთობის მონიტორინგს, თუ არ მქონდა პირდაპირი წვდომა ბენეფიციარებთან და ვერ ვნახულობდი მათ პირდაპირ განცხადებებს, რაზეც ვუპასუხე, რომ ამის განხორციელება რთული იყო, თუმცა ასეთი იყო ჩვენი განაწესი და ძალიან კარგი იქნებოდა ამის ცვლილება. მეორე შეკითხვა კი დამისვეს იმერეთში არსებულ ინკლუზიურ ბავშვთა სახლის არსებობის საჭიროებაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ამის საჭიროებას ნამდვილად ვხედავდი. მეტი კითხვა ჩემთვის არ დაუსვამთ”, – განმარტავს ღაჭავა.

ღაჭავას განმარტებით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რას ემსახურებოდა აღნიშნული გასაუბრება:

“ჩვენ გვეგონა, რომ ამ გასაუბრებას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, არავის განუმარტავს გასაუბრების მიზეზი, ვერც ეჭვს შევიტანდით, რადგან ვიცოდით, რომ მთლიანად სააგენტოდან გარკვეული კადრების გათავისუფლება იგეგემებოდა, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, თუ ეს სოციალურ მუშაკებს შეეხებოდათ. ისედაც ცოტანი ვართ და გვაკლდა კადრები. სამინისტროც 50 ახალი კადრის დამატებას გეგმავდა, ამიტომ ვერ ვიფიქრებდით, რომ დამატების ნაცვლად შეამცირებდნენ კადრებს”, – განმარტავს ღაჭავა.

მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განმარტებით კი, ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდა:

“სოციალური მომსახურების სააგენტოში აღარ არსებობს მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქცია, კანონის თანახმად, ეს ფუნქცია გადატანილია ტრეფიკინგის სააგენტოში, შესაბამისად, მოხდა კომისიის მიერ გასაუბრებები, განისაზღვრა კრიტიკული უმცირესობები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადასულიყვნენ ტრეფიკინგის სამსახურში, რათა შენარჩუნებულიყო უწყვეტობა მეურვეობა-მზრუნველობის კუთხით, დანარჩენ შემთხვევაში გამოცხადდება ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი და კონკურსში ჩაერთვება, შესაბამისად, ტრეფიკინგის სამსახური. კანონის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, კანონის შესაბამისად უნდა გაგვეფრთხილებინა სამი დღით ადრე, მიგვეცა ორთვიანი კომპენსაცია, რათა მათ ღირსეულად მიეღოთ მონაწილეობა, საბოლოო ჯამში, ვაკანტური ადგილების შესავსებად”, – განმარტა წოწკოლაურმა.

რაც შეეხება გათავისუფლებულ სოცმუშაკებს, წოწკოლაურის განცხადებით, მათ ექნებათ შანსი, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელსაც “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო” ჩაატარებს.

მისი თქმით, ტრეფიკინგის სამსახურში პირდაპირი წესით გადავიდა სოცმომსახურების სააგენტოდან 205 სოციალური მუშაკი, რომლებიც კომისიამ კრიტიკულ უმცირესობად მიიჩნია. გარდა ამისა, იგეგმება 70-ზე მეტი სოცმუშაკის დამატება.

გათავისუფლებული სოცმუშაკის, მზევინარ ღაჭავას თქმით კი, გათავისუფლებული სოციალური მუშაკები პროტესტის ნიშნად არ გეგმავენ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

გათავისუფლებული სოცმუშაკების არგუმენტები

სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლის, დავით ომსარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ სოციალური მუშაკები კონკრეტული მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. როგორც ომსარაშვილი ამბობს, შესაძლოა, აღნიშნული შემცირება სახლემწიფოს მხრიდან საკუთარი კადრების დასაქმების მცდელობას უკავშირდებოდეს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მათი დათხოვნის რეალური მიზეზი გასულ წელს სოცმუშაკების გაფიცვები და მათ მიერ გამართული აქციები იყოს.

ომსარაშვილმა 30 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სოცმუშაკების გათავისუფლების არაკანონიერების დასამტკიცებლად მოიყვანა არგუმენტი “შვილად აყვანის და მინდობითი აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში გასული წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებიდან, რომლის მიხედვითაც, სოციალური მუშაკების რაოდენობა არ უნდა შემცირებულიყო და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაზრდილიყო კიდეც:

“კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებებით დასაქმებული პირების შემცირებას, არც შესაბამისი ბენიფიციარი პირების მიმართ არ ახდენს რაიმე ფინანსურ გავლენას, რამდენადაც იცვლება მოცემული ფუნქციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ამჟამად ეს კანონპროექტი უკვე კანონადაა ქცეული.

დავით ომსარაშვილის თქმით, განმარტებითი ბარათის სწორედ ეს ნაწილი იძლეოდა იმის გარანტიას, რომ რეორგანიზაციის შედეგად სოცმუშაკთა რაოდენობა არ შემცირდებოდა. გარდა ამისა, “სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული სოცმუშაკები ავტომატურად, კონკურსის გარეშე გადაინაცვლებდნენ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში”.

სოციალური მუშაკების პროფკავშირების წარმომადგენლის, ქეთი ხუციშვილის განმარტებით კი, ქვეყანაში სოციალური მუშაკების სიმცირეა და თითოეულ სოცმუშაკს თვის განმავლობაში 100-150 შემთხვევაზე უწევს მუშაობა, “რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საქმეთა გონივრულ რაოდენობას”.

“სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლისთვის უნდა უზრუნველეყო 50 სოციალური მუშაკის დამატება. თუმცა ახალი კადრების დამატება თავისთავად გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, სოციალური მუშაკის სამუშაოს გადატვირთულობის და შრომის დაბალი სტანდარტების გამო.

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რატომ დაითხოვეს სამსახურიდან 40-მდე კვალიფიციური და გამოცდილი სოციალური მუშაკი. ასევე გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ადამიანები და რა გახდა მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

სოცმუშაკთა მოთხოვნები და გეგმები

არასამთავრობო ორგანიზაციები- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალურ მუშაკთა პროფკავშირები- 30 იანვარს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ:

  • დაასაბუთოს რეორგანიზაციის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების საჭიროება და განმარტოს გათავისუფლების კრიტერიუმები;
    უზრუნვლეყოს რეორგანიზაციის პროცესის გამჭვირვალობა და მასში სოციალური მუშაკებისა და პროფესიული კავშირების ჩრთულობა;
  • რეპორგანიზაციის პროცესი წარიმართოს 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა სააგენტოში მოხდეს უკონკურსოდ;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმოს ამ სფეროს რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები, მათ შორის ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით;

ომსიაშვილის თქმით, მათ გამოითხოვეს დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ გაათავისუფლეს 40-მდე სოცმუშაკი სამსახურიდან და იმ შემთხვევაში, თუ ამომწურავ და დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ მიიღებენ, ისინი დაიწყებენ სამართლებრივ დავას;

გარდა ამისა, სოციალური მუშაკების პროფკავშირების წარმოამდგენლის, ქეთი ხუციშვილის თქმით, სამომავლოდ, შესაძლოა, სოციალური მუშაკებისა და მათი მხარდამჭერების აქციები დაიგეგმოს, თუმცა ამ ეტაპზე ხუციშვილმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

“ნეტგაზეთი” ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებისა და მათი სამომავლო გეგმების გასარკვევად. ჩვენ მათ მივმართეთ წერილობითი კითხვებით, თუ ვინ ჩაატარა გასაუბრება და რა მიზნით, ასევე, იცოდნენ თუ არა თანამშრომლებმა გასაუბრების რეალური მიზეზი, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ გათავისუფლებული სოცმუშაკების ბენეფიციარებზე აღნიშნული 2 თვის განმავლობაში. ჯერჯერობით აღნიშნულ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი