ახალი ამბებიეკონომიკა

გიდი პროფესიას (ვერ) იცვლის – რა ელის ტურიზმს?

14 ივლისი, 2020 • 2777
გიდი პროფესიას (ვერ) იცვლის – რა ელის ტურიზმს?

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები მეხუთე თვეა შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე არიან დარჩენილი, ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ჩაკეტილი საზღვრები და ტურისტების არარსებობაა. სფეროს ექსპერტების განმარტებით, ეს მდგომარეობა საზიანოა როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ვერ ახერხებენ, გარკვეულ შემთხვევებში კი, ამ სფეროში მომუშავე ბიზნესები შესაძლოა გაკოტრდნენ და ბაზარზე დაბრუნება ვეღარ შეძლონ, ხოლო დასაქმებულებმა სექტორი დატოვონ და სხვა სფეროებში სცადონ ბედი ან უმუშევრად დარჩნენ.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები პროფესიას (ვერ) იცვლიან

ტურიზმიდან მიღებული თანხა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა 26 წლის ხატია ციხელაშვილისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო ტურისტების მიღება აიკრძალა, ხატია ფინანსურ ვალდებულებებთან და ყოვლედღიურ ხარჯებთან ერთად შემოსავლის გარეშე დარჩა.

იმისთვის, რომ 6-წლიანი ფინანსური დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, გადაწყვიტა საკუთარი ჰობი – პირსინგების კეთება შემოსავლის ძირითად წყაროდ ექცია. როგორც თავად გვიყვება, ეს საქმე ყოველთვის აინტერესებდა, თუმცა ჯერ კიდევ ზამთარში ვერ იფიქრებდა, რომ ეს მის მთავარ პროფესიად იქცეოდა.

ხატიას თქმით, მას გაუმართლა, რადგან ისეთი ჰობი აღმოაჩნდა, რომლის წყალობითაც თვითიზოლაციისას დაგროვილი ვალების გასტუმრებას შეძლებს ისე, რომ არ მოუწევს დაელოდოს საზღვრების გახსნას და ტურისტული სექტორის კვლავ ამუშავებას, რომელსაც  შორეულ პერსპექტივაში ხედავს.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/3356939227677444/

ახალი სამსახურის მოძებნის თვალსაზრისით, ხატიასგან განსხვავებით, არ გაუმართლა 50 წლის გიორგი თეთრაძეს, რომელიც 6 წლის განმავლობაში გიდად მუშაობდა და მის გამომუშავებულ თანხაზე, ამ პერიოდის განმავლობაში, ოჯახის ორი წევრი იყო დამოკიდებული, თუმცა ამჟამად თავად გახდა საკუთარი დების პენსიაზე დამოკიდებული.

თეთრაძის თქმით, ეს თანხა მისი ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად საკმარისი არ არის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ მის წამლებსა და მკურნალობაზე იხარჯება.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას გიორგი თეთრაძემ განმარტა, რომ მისი ასაკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ერთადერთი გზა, რაც მას აქვს დარჩენილი, საზღვრების გახსნის მოლოდინია, მაშინაც კი, თუ მისი საქმიანობა ძველ რიტმს ვერ დაუბრუნდა, ნებისმიერი სახის შემოსავალი მისთვის შეღავათი იქნება.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/699133620866932/

ტურიზმის ექსპერტის და კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის, ვატო ასათაშვილის განმარტებით, ტურიზმში პირდაპირ თუ ირიბად 800 ათასამდე პირია დასაქმებული, მათ შორის არიან ადამიანები და ბიზნესები, ვინც უშუალოდ ამ სექტორში საქმიანობენ და არიან ისეთებიც, ვინც მიბმულნი არიან ამ სფეროებზე, მაგალითად, სხვადასხვა კვების ობიექტები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირების და სხვა.

“დღეს მომსახურების სფეროში მომუშავე დიდმა ბიზნესებმა მუშაობა დაიწყეს, თუმცა დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე პერსონალს სრულად არავინ ამუშავებს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. წლის ბოლოსთვის კი მომსახურე პერსონალის დაახლოებით 75%-ს დაკარგული ექნება სამუშაო ადგილი. ზოგი პირდაპირ დაკარგავს სამუშაოს, ზოგი შეინარჩუნებს, თუმცა მათი შემოსავალი შემცირდება”, – განმარტა ასათაშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესების შესამსუბუქებლად აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, როგორც შუამავლის, როლი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.

სახელმწიფო გეგმა

  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარტის თვეში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობამ ბიზნესს საგადასახოდო შეღავათები შესთავაზა. კონკრეტულად, ტურიზმის სექტორის ნაწილს მთავრობამ ოთხი თვით, პირველ ნოემბრამდე საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადა.
  • ამასთან, მომხმარებლებს სესხებზე შეღავათები შესთავაზა რამდენიმე ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამაც. შეღავათის მიხედვით, მარტიდან მოყოლებული, სამი თვის განმავლობაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ არ გადაეხადათ სესხის ძირი და პროცენტი, თუმცა ამ პერიოდის გავლის შემდეგ მათ მოუწევდათ დაგროვილი პროცენტის გადახდა. აღნიშნული შეღავათები გარკვეულმა საფინანსო ორგანიზაციებმა სექტემბრის თვემდე გადაავადეს.
  • ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით უმუშევრებისთვისა და თვითდასაქმებულებისთვის გამოიყო თანხები, უფრო კონკრეტულად, მათ, ვინც პანდემიისას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, მთავრობამ ყოველთვიურად, 6 თვის მანძილზე 200 -ლარიანი დახმარება შესთავაზა, თვითდასაქმებულებს კი ერთჯერადად – 300 ლარი.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობა სესხებს დაუსუბსიდირებდა სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც 20 მილიონ ლარზე ნაკლები იქნებოდა, 5 მილიონის სესხის ფარგლებში კი პროცენტის 80%-ს სუბსიდირება მოხდებოდა. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ იმავე მთავრობის სხდომაზე დააკონკრეტა, რომ სესხის სუბსიდირების ეს პროგრამა სასტუმროების 95%-ს ფარავს და  6 თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა.
  • რაც შეეხება გიდებს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მოხდებოდა მათი იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია და ხელს შეუწყობდნენ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, მთავრობა დაიწყებდა გიდების დასაქმების პროგრამას და მათ შესთვაზებდა ალტერნატიულ შესაძლებლობებს, როგორიცაა მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი პროექტები, მიკროგრანტები და ა.შ. თუმცა იმ გიდის ინფორმაციით, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, აღნიშნული პროგრამა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ტურიზმის ექსპერტის, ვატო ასათაშვილის განმარტებით, ეს შეღავათები სასარგებლო იყო ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმარისი არ არის.

მოლოდინები 2020 წლისთვის

ანალიტიკურმა ცენტრმა, გალტ ენდ თაგარტიმ (Galt & Taggart) 2020 წლის ივნისში კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შუალდური სცენარის მიხედვით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო პირველი ივლისიდან საზღვრებს რამდენიმე ქვეყანას გაუხსნიდა, სექტემბერში კი სხვა ქვეყნებთან, მათ შორის მეზობლებთან განაახლებდა მიმოსვლას, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 65%-ით შემცირდებოდა, ტურიზმის სექტორში შემოსავლები კი წინა წელთან შედარებით 63%-ით დაიკლებდა (2.1 მილიარდი დოლარი).

ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ანუ, თუ საქართველო საზღვრებს რამდენიმე ქვეყნისთვის პირველი ივლისიდან გახსნიდა, სექტემბრიდან კი ვიზიტორები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობიდან შეძლებდნენ შემოსვლას, ქვეყნის ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 55%-ით შემცირდებოდა, შემოსული შემოსავლები კი- 50%-ით.

მესამე, პესიმისტური სცენარის თანახმად, რომლის მიხედვითაც საქართველო საზღვრებს პირველი ივლისიდან რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნიდა, სექტემრიდან კი ასევე მცირე რაოდენობის ქვეყნისთვის, წლის ბოლოსთვის შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 77%-ით, შემოსავლების რაოდენობა კი 76%-ით დაიკლებდა.

თუმცა აღნიშნული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, მთავრობის მიერ დაანონსებული საზღვრების გახსნამ პირველი ივლისიდან ერთი თვით გადაიწია. მთავრობამ უპირობოდ (კარანტინის გარეშე) საზღვრები მხოლოდ 5 ევროპულ ქვეყანას გაუხსნა (გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი).

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ამ ცვლილებამ მათი მდგომარეობა გაართულა, რადგან არ იციან, რა იქნება მომავალში, არ არიან დარწმუნებული, რომ საზღვრები ნამდვილად პირველ აგვისტოს გაიხსნება, რის გამოც ვერ აწარმოებენ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან და ტურისტებთან, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ.

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ამ ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ საზღვრების არგახსნასთან დაკავშირებით მთავრობამ მხოლოდ 25 ივნისის განაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ქვეყანაში ჩამოსვლის მსურველმა ტურისტებმა დაჯავშნეს სასტუროები, შეუთანხმდნენ გიდებს და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ხშირ შემთხვევაში კი, თანხები ავანსის სახით წინასწარ გადარიცხეს.

ასათაშვილის თქმით, ამ მოლოდინებმა კიდევ უფრო დააზარალა ტურიზმის სექტორი:

“ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ საზღვრები პირველ ივლისსს გაიხსნებოდა, შესაბამისად, სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მოლოდინზე დაყრდნობით შეიმუშავეს. ტურისტებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდოდნენ, აიღეს შვებულებები, გამოყვეს თანხები და მას შემდეგე, რაც საზღვრების გახსნის თარიღი შეიცვალა, დიდი ალბათობით ეს რესურსი სხვაგან დასასვენებლად მიმართეს, რითაც ქვეყანამ დაკარგა კიდევ ერთი თვე და შემოსვლის მსურველი ტურისტები”, – განმარტა ასითაშვილმა.

თუმცა მთავრობას საერთაშორისო ფრენების გადავადებასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტი აქვს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, პანდემიის გამო ადამიანებში მოგზაურობის სურვილი ისედაც მცირეა, შესაბამისად, “ამ ეტაპზე მთავრობას საზღვრის გახსნა არ უღირს”. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის კიდევ ერთთვიანი ლოდინი და ანალიზი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საზღვრების გახსნა. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, ივლისის თვეში ტურისტების რაოდენობის 98% ვერ აღდგება, ვირუსის გავრცელებას კი 500 ადამიანიც ეყოფა.

მოლოდინები კორონავირუსის შემდეგ

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის ბოლოსთვის კარგ შეთხვევაში ტურისტების რაოდენობის 60%-იანი კლება იქნება, ცუდ შემთხვევაში კი- 80%-იანი. ტურიზმის ექსპერტის, ვატო ასათაშვილის თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხავდასხვა ქვეყნებში, ასევე, ხელისუფლებების მიდგომაზე.

“საქართველოში გვაქვს ქაოტური მენეჯმენტი, ამ პერიოდის განმავლობაში ტურიზმის მიმართულებით იდგმება ერთმანეთისგან გამომრიცხავი ნაბიჯები, ამასთან, ახლოვდება არჩევნები, რაც მდგომარეობის დესტაბილიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და ბიზნესის კუთხით იქნება არასტაბილური გარემო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი შესაძლოა მძიმე კრიზისი 2021 წლის დასაწყისისთვისაც გაგრძელდეს.

ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ 2021 წლისთვის საქართველო მინუს 60%-იან ნიშნულზეც ვერ ავა და ეს კრიზისიც გრძელვადიანი იქნება, ბევრად უფრო გრძელვადიანი, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი”, – განმარტა ასათაშვილმა.

ილიაუნის ბიზნესსკოლის ტურიზმის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის თქმით, საზღვრების ჩაკეტვამ გავლენა არა მხოლოდ ტურიზმის სფეროზე, არამედ ამ სექტორზე დამოკიდებულ სხვა ბიზნესებზეც მოახდინა, რომელთა დიდი ნაწილისთვის ამ პერიოდში დაკარგულმა შემოსავალმა შესაძლოა მათი გაკოტრება გამოიწვიოს და სამომავლოდ ბაზარზე დაბრუნება ვეღარ მოახერხონ.

“პოსტკოვიდ მდგომარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესის რეაბილიტაცია, თუმცა ძალიან ბევრი ამ ეტაპამდე ვერ მიაღწევს, თუ დღეს, ამ კრიზისის ფონზე, უბრალოდ გაკოტრდება. განსაკუთრებით ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, ვისაც უკვე გამოლეული აქვს ფინანსური რესურსი და არ ექნებათ იმისი რესურსი, რომ მომავალში ოპერირება აღადგინონ. ამ ყველაფრით არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესი, არამედ თვითდასაქმებულებიც დაზარალდებიან”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” სიდამონიძემ.

მისი განმარტებით, იმ ეტაპისთვის, როდესაც ტურისტების ნაკადი კვლავ მოიმატებს და ნელ-ნელა ეს სექტორი ძველ რიტმს დაუბრუნდება, შესაძლოა ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესების დაახლოებით 80%-მა ვეღარ შეძლოს ბაზარზე დაბრუნება. სიდამონიძის განმარტებით, ამ პროცესების შესამსუბუქებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები.

პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად კი სიდამონიძე ამ სფეროში დასაქმებული ბიზნესებისთვის საბანკო ვალდებულებების შესამცირებლად სახელმწიფოს შუამდგომლობას და პანდემიის გადავლის შემდეგ საგადასახადო შეღავათებს ხედავს.

შესაძლო გამოსავალი

საბანკო სექტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია, რომლის ხელმძღვანელის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ბანკებმა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების და კომპანიების სესხების 2021 წლის ივლისამდე გადავადება მოახერხონ, საჭიროა მათთვის 136 მილიონი დოლარის გადახდა. ამ თანხის შეგროვების საშუალება დღევანდელი მდგომარეობით ტურიზმის სექტორში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ გააჩნიათ, რისთვისაც საჭიროა საერთაშორისო დონორების მოძიება. როგორც ალავერდაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, წინააღმდეღმდეგ შემთხვევაში, ამ სექტორში მომუშავე ადამიანები გაკოტრდებიან და მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ ძველ საქმიანობას ვეღარ დაუბრუნდებიან.

ამ მიმართულებით სახელმწიფოს ჩართულობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ტურიზმის სფეროს ექსპერტი, ვატო ასათაშვილი, რომლის განამრტებითაც, ტურიზმის სექტორში მოღვაწე პირებისა და კომპანიების გაკოტრება გავლენას მოახდენს როგორც უშუალოდ ამ სფეროზე, ასევე, საბანკო სექტორზეც.

“იმ შემთხვევაში, თუ საბანკო სექტორს არ დაუკომპენსირდება ის თანხა, რომლის გადახდასაც ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები ვერ ახერხებენ, ეს სფერო სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან შუამავლის”, – განმარტა ასათაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ერთი მხრივ, შესაძლოა, ბანკმა ტურიზმის სექტორში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებით მოითხოვოს კონპენსაცია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო უკვე კრიზისშია, მათი ქონების ღირებულებაც დაიკლებს. შესაბამისად, იქნება ჯაჭვი, საიდანაც გამოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების დახმარებაა.

იმის გასარკვევად, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, “ნეტგაზეთი” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ჩვენ უწყებას ვკითხეთ, მუშაობს თუ არა სახელმწიფო ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსური ვალდებულებების პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენად რეალურია ამ სექტორის წარმომადგენელთა ეჭვები პირველ აგვისტოს საზღვრების არგახსნასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა მოლაპარაკებები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის საბანკო ვალდებულებებზე გაკეთდეს შეღავათები, თუ მიმდინარეობს ან იგეგმება პიარ კამპანია უცხოელი ტურისტების მოსაზიდად და აქვთ თუ არა დაანგარიშებული შესაძლო ზარალი, რომელიც ამ სფეროს როგორც ახლო ,ასევე შორეულ პერსპექტივაში მიადგება. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი