გამოთვალეთ: გიღირთ თუ არა სესხის გადავადება

საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა.

საფინანსო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს.

ზოგიერთ ბანკში საწყის ეტაპზე თითქმის ყველა კლიენტი განიხილება, როგორც სესხზე შეღავათით მოსარგებლე, თუმცა ბანკებში აცხადებენ, რომ ყველა მათგანთან შედგება კომუნიკაცია და ყველას მიუვა სმს-შეტყობინება, რასაც კლიენტი დაეთანხმება, ან არა. ბანკიც შემდგომში შესაბამისად იმოქმედებს. თუ კლიენტს მიუვა შეტყობინება და არ უპასუხებს, ის ავტომატურად აღმოჩნდება სესხზე შეღავათით მოსარგებლეთა სიაში. ამიტომ, თუ არ გსურთ შეღავათით სარგებლობა, ამის შესახებ ბანკს უნდა აცნობოთ.

სესხებზე შეღავათების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს ბანკებმა: „თიბისიმ“, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთიმ“, „ვითიბიმ“ და „კრედომ“. ანალოგიური შეთავაზება აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“.

შეთავაზებებს კლიენტები ბანკებისგან ინდივიდუალურად, 16 მარტიდან მიიღებენ, ან თავად უნდა დაუკავშირდნენ ბანკს. საშეღავათო პერიოდი ეხება სამ თვეს, 2020 წლის ივნისამდე [მარტი, აპრილი, მაისი].

რას გვთავაზობს ბანკი?

მაგალითად, „ვითიბი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში სესხის გადავადებისას ბანკი არ გახდევინებთ ამ სამი თვის გადასახადს [არც ძირს და არც პროცენტს] და გადახდას იწყებთ ივნისიდან, ამასთან, გაგიხანგრძლივდებათ სესხის გადახდის ვადა სამი თვით [თუ სესხის დაფარვის დრო იყო, ვთქვათ, კონკრეტული წლის აგვისტო, სესხის დაფარვას დაასრულებთ იმავე წლის ნოემბერში].

თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური გადასახადი, რაც უკვე არსებული გრაფიკით აქვს დადგენილი მსესხებელს, მთელი გადახდის პერიოდში გაეზრდება.

რამდენით გაგეზრდებათ ყოველთვიური გადასახადი?

მაგალითად, თუ არსებული გრაფიკით, მარტის თვეში თქვენ გიწევთ, პირობითად, 1000 ლარის გადახდა, საიდანაც, ვთქვათ, 200 ლარი არის პროცენტი, სესხის გადავადების შემთხვევაში, მარტში, აპრილსა და მაისში არ იხდით არანაირ თანხას [არც ძირს და არც პროცენტს], თუმცა ამ სამ თვეზე გერიცხებათ პროცენტი – ჯამში, 600 ლარი.

როგორ გახდევინებს ბანკი ამ 600 ლარს? – ბანკი მთელ ამ თანხას გადაგინაწილებთ დანარჩენ თვეებზე.

მაგალითად, დარჩენილი გაქვთ 24 თვე სესხის დასაფარად. ამ შემთხვევაში ეს 600 ლარი გადანაწილდება ამ თვეებზე – შესაბამისად, ყოველთვიურად გადაიხდით 25 ლარით მეტს, ვიდრე გრაფიკით უნდა გადაგეხადათ.

ანუ, თუ ივნისში გრაფიკით უნდა გადაგეხადათ პროცენტი, ვთქვათ 140 ლარი, ივლისში 120 ლარი და ა.შ. სესხის გადავადებით გადაიხდით შესაბამისად – 165 ლარს, 145 ლარს და ა.შ.

ფაქტობრივად, ის მსესხებელი, რომელსაც მარტის თვეში გადასახდელი აქვს 1000 ლარი [საიდანაც 200 ლარი არის პროცენტი] და სესხს გადაავადებს, არ იხდის სამი თვის განმავლობაში არაფერს [ივნისამდე], იგი სესხს სრულად დაფარავს ასევე 3 თვით გვიან, მაგრამ მთლიანობაში ბანკს გადაუხდის 600 ლარით მეტს, ვიდრე უნდა გადაეხადა მთლიანი სესხის დაფარვის შემთხვევაში.

[სხვა მაგალითი რომ ავიღოთ, თუ ვთქვათ, მარტში გადასახდელი გაქვთ 700 ლარი, საიდანაც 120 ლარი არის პროცენტი, სესხის გადავადების შემთხვევაში მთლიანობაში ბანკს 360 ლარით მეტს გადაუხდით. შესაბამისად, კონკრეტული მსესხებლისთვის მისი სესხის ოდენობიდან და დაფარვის გრაფიკიდან გამომდინარე გამოითვლება – რამდენს გადაიხდის ზედმეტად და რამდენით გაეზრდება დარჩენილ თვეებში ყოველთვიური შენატანი].

შესაბამისად, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი, მისთვის გადავადება მომგებიანი შეთავაზება ვერ იქნება.

მაგრამ იმ მსესხებლისთვის, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე უკვე აღარ აქვს ან არ ექნება სტაბილური შემოსავალი დღეიდან მინიმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სესხის გადავადებას აზრი აქვს.

აღნიშნულ ბანკებში აცხადებენ, რომ ყოველთვიური გადასახადი გაიზრდება, თუმცა ის მიახლოებული იქნება მაქსიმალურად იმ გადასახადთან, რაც კლიენტს არსებული გრაფიკით უნდა გადაეხადა.

შედარებით განსხვავებული მიდგომები აქვთ „ვითიბი ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“.

„ვითიბი ბანკში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სესხის გადავადების შემთხვევაში კლიენტს ყოველთვიურ გადასახადს არ გაუზრდიან, თუმცა გახანგრძლივდება გადახდის დრო არა სამი, არამედ, ვთქვათ, 5 და მეტი თვით – სესხის ოდენობიდან გამომდინარე.

ანუ „ვითიბის“ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, 1000 ლარის გადახდა გიწევთ მარტში, საიდანაც 200 ლარი არის პროცენტი, გადავადების შემთხვევაში, გადახდას გააგრძელებთ ივნისიდან – არსებული გრაფიკის მიხედვით და არსებული ყოველთვიური გადასახადის ოდენობის გადახდით, თუმცა ამ 600 ლარს გადაიხდით დამატებით ერთ ან ორ თვეზე გადანაწილებით. ანუ, გადახდის პერიოდი გაგიხანგრძლივდებათ.

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, აქ განაცხადეს, რომ გადახდის გახანგრძლივება არ მოხდება და სამ თვეში გადასხდელი პროცენტი მომხმარებლებს დარჩენილ თვეებზე გადაუნაწილდებათ, ანუ ყოველთვიური გადასახადი გაეზრდებათ.

თუ, მაგალითად, საშეღავათო სამ თვეში გიწევდათ, ვთქვათ, ჯამში, 600 ლარის გადახდა და სესხის დაფარვის ვადა გქონდათ 2021 წლის დეკემბრამდე, ეს 600 ლარი ივლისის თვიდან გადანაწილდება ყოველ თვეზე 2021 წლის დეკემბრამდე და ამ გზით დაფარავთ თანხას.

სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს თავის მომხმარებელს „კრედო ბანკიც“ სთავაზობს. „კრედოში“ აცხადებენ, რომ შეთავაზება ეხება ყველა მომხმარებელს, რომლის ბიზნესსა თუ კერძო შემოსავლებზე ნეგატიური გავლენა იქონია კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა გარემოებამ. თუმცა შეღავათით სარგებლობის მსურველი ბანკს თავად უნდა დაუკავშირდეს და დეტალურ ინფორმაციას პირადად მიიღებს.

გადავადება ეხება სხვადასხვა კატეგორიის სესხებს სხვადასხვა ბანკში.

მაგალითად, თიბისი ბანკის“ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს: იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები, სასწრაფო სესხი, ავტოსესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი, ლომბარდი, სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგროსესხები.

ანალოგიურად მოხდება „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაშიც, თუმცა აქ საშეღავათო პერიოდი არ შეეხება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ შემდეგ პროექტებს: „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“.

თითქმის ყველა სესხს შეეხება საშეღავათო პერიოდი „ვითიბი ბანკშიც“, მიუხედავად იმისა, რა ვალუტაშია აღებული სესხი.

ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნია სასესხო ვალდებულებები, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს „ლიბერთი ბანკიც“. შეთავაზება ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც [პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული] და მომავალი 3 თვის განმავლობაში, სოციალური სარგოს ყველა მიმღებ პირს ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურების თანხები.

„ლიბერთი“ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს ტურიზმის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში მოქმედ მომხმარებლებს. ბანკში აცხადებენ, რომ დღეიდან, 16 მარტიდან, დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მომხმარებლებს ინდივიდუალურად მიაწოდებს.

კომპანია „კრისტალი“ სამთვიან საშეღავათო პერიოდს მისცემს ყველა მომხმარებელს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი მდგომარეობა. საშეღავათო პერიოდი მოქმედებს სესხის ძირზე და პროცენტზე.

შეღავათით სარგებლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „კრისტალის“ მოხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

„16 მარტიდან დაიწყო განაცხადების მიღება საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, 18 მარტიდან კი მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია და დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაიწყება – განაცხადეს „კრისტალში“ – საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა სესხის ძირითად თანხაზე, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ,სესხის დარჩენილ ვადაზე“

ხომ არ უნდა წარუდგინოს რაიმე ცნობა „კრისტალს“ მისმა მომხმარებელმა, რომ ის დაზარალდა? – კომპანიაში აცხადებენ, რომ – არა.

„არანაირი ცნობა. გვინდა ყველაფერი მაქსიმალურად დისტანციურად და მარტივად გავაკეთოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ფილიალებში რიგები. სესხის გაცემამდე  მომხმარებლების შემოსავლების ანალიზი კეთდება,  შესაბამისად,  მათი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჩვენ უკვე გვაქვს. ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი გარემოება,  ვთავაზობთ 3-თვიან საშეღავათო პერიოდის ამოქმედებას. თითეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, რადგანაც გავლენა ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა. მომხმარებელს შეუძლია ტელეფონის, მეილის ან ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთოს განაცხადი საშეღავათო პერიოდის ამოქმედებასთან დაკავშრებით. უახლოეს 2-3 სამუშაო დღეში კი მომსახურე საკრედიტო ექსპერტი გადაწყვეტილებას მიაწვდის“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „კრისტალში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com