ახალი ამბები

ტურიზმში ჩართულ კომპანიებს 4 თვით გადაუვადდება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები

13 მარტი, 2020 • 1678
ტურიზმში ჩართულ კომპანიებს 4 თვით გადაუვადდება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობა ბიზნესს საგადასახოდო შეღავათებს სთავაზობს.

კონკრეტულად, ტურიზმის სექტორის ნაწილს მთავრობა ოთხი თვით საშემოსავლო და ქონების გადასახადს გადაუვადებს. როგორც დღეს, 13 მარტს, გამართულ სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე შეასუსტოს:

“ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსის გავლენა გლობალურად ეკონომიკაზე საკმაოდ სერიოზული იქნება. მთავრობა სრულად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნესსა და ეკონომიკას მივეხმაროთ, რათა ეკონომიკაზე დარტყმა შევარბილოთ. რა თქმა უნდა, პირველი დარტყმა მიადგება კომერციული სექტორს და ამ სფეროს ძირითადი მამოძრავებელი ძალა ბოლო წლებში ტურიზმი იყო.

ამიტომ, ჩვენი ძირითადი მიზანია, ამ სექტორს მაქსიმალურად მივეხმაროთ. მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მსგავს კომპანიებს მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს. გუშინ შეხვედრა გვქონდა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც საჭიროება ექნება, საბანკო სექტორმა უზრუნველყოფს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში”, – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, რესტრუქტურიზაციის პირობებში ტურიზმის სექტორს, დაახლოებით, 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი დარჩება. გარდა ამისა, მთავრობა ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს 4 თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს გადაუვადებს.  პრემიერის თქმით,გადავადება 18 ათას კომპანიასა და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხება.

“ამ ეტაპზე ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები და საექსკურსიო კომპანიები, ოთხი თვით გადაუვადდებათ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი,” – ამბობს გახარია.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა გეგმით გათვალისწინებული დასაბრუნებელი 600 მლნ დღგ-ს ნაცვლად, ბიზნესს დამატებითი ღირებულების გადასახადის გაორმაგებულ ოდენობას დაუბრუნებს. პრემიერის მტკიცებით, ამ რაოდენობის დღგ-ის დაბრუნებით, ჯამში, ეკონომიკას განსაკარგად 1.2 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსი უბრუნდება.

“მთავრობას ასევე ესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას ასევე სჭირდება დახმარება სხვა ინსტრუმენტებითაც ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, კაპიტალურ დანახარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებული იქნება 300 მლნ ლარი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი