ახალი ამბები

ნიკოლაძე: უფრო დეტალური გარემოებებისთვის სხვა ექსპერტიზების პასუხებია საჭირო

10 ივლისი, 2020 • 1329
ნიკოლაძე: უფრო დეტალური გარემოებებისთვის სხვა ექსპერტიზების პასუხებია საჭირო

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წარმომადგენლის, მირიან ნიკოლაძის თქმით, საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და მან ყველა კითხვას მაქსიმალურად გასცა პასუხი. ამასთან, მეტი კონკრეტიკისთვის, ნიკოლაძის თქმით, საჭიროა საქმეზე დანიშნული სხვა ექსპერტიზების პასუხი.

მათ შორის, შაქარაშვილის ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახალგაზრდის ჩანთაზე გენეტიკური ექსპერტიზაა დანიშნული:

“იმ ეტაპისთვის, რა პასუხიც შეეძლო გაეცა ექსპერტიზას, გაცემულია მაქსიმუმი. დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ კატეგორიულად გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით. რათა დადგინდეს კიდევ უფრო დეტალური გარემოებები, მოხდეს პერსონიფიცირება, გავიაროთ ყველა დეტალი ვერსიების დასადასტურებლად, ან გამოსარიცხად საჭიროა სხვა ექსპერტიზების პასუხები და შესაძლოა დამატებითი ექსპერტიზებიც. ჩანთასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ პასუხებს გენეტიკური ექსპერტიზის შემდეგ”, – ამბობს ნიკოლაძე.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე აღენიშნებოდა გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

რა შევიტყვეთ შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი