ახალი ამბებისამართალი

რა შევიტყვეთ შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნიდან

10 ივლისი, 2020 • 2792
რა შევიტყვეთ შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნიდან

დღეს, 10 ივლისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა ამავე ექსპერტიზის მიხედვით, ფეხბურთელს სხეულზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბლაგვი, მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

[gray_box]რამ გამოიწვია შაქარაშვილის სიკვდილი[/gray_box]

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. აღნიშნულს ექსპერტიზა გვამიდან აღებული თირკმლის ცენტრიფუგატში დიატომური და ფოტოპლანქტონის არსებობით, ასევე, გვამის გამოკვლევის დროს ნანახი მიკრო და მიკრომორფოლოგიური სურათით ადასტურებს.

[gray_box]რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს[/gray_box]

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია დაზიანებებზე, რომელიც ექსპერტის თქმით, შაქარაშვილს სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი ბლაგვი საგნითაა მიყენებული.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით შუბლის/თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე სისხლჩაქცევასთან ერთად, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, კანის ზერელე ნასკდომით ქვედა ტუჩის მიდამოში, სისხლანაჟთენთების სახით, მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, ასევე სისხლჩაქცევების სახით ორივე თვალის ქუთუთოს ლორწოვანსა და სკლერაში, მუცლის მარცხენა გვერდითი მიდამოდან მარცხენა საზარდულის, ბოქვენის და მარჯვენა საზარდულის მიდამოში გარდამავალი სისლნაჟღენთი და, შესაბამისად, მცირე მენჯის ღრუს წინა კედელზე რბილ სქოვილებში სისხლჩაქცევები იმბიბიციის სახით, ასევე, სისხლნაჟღენთები მარჯვნივ წელის მიდამოს საპროექციოდ და ორივე დუნდულოს მიდამოებში, რეტროპერიტონეალურად ორმხრივ რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევებით.

ამასთან, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ დაზიანებები რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით არის მიყენებული და ცალკე აღებული ეს დაზიანებები მსუბუქი ხარისხისაა და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ არის.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ შაქარაშვილის გვამს მარჯვენა წინამხრის მიდამოში კანის დეფექტი აღენიშნება სისხლჩაქცევების გარეშე, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში. ამასთან, ექსპერტიზის მიხედვით, გვამს არ აღენიშნება რაიმე სახის ჭრილობა:

[gray_box]რა აჩვენა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ[/gray_box]

გარდა ამისა, ცხედარს ჩაუტარდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაც, რომელიც გარდაცვლილის სისხლში სხვადასხვა ნივთიერებების არსებობას იკვლევს.

დოკუმენტის მიხედვით, შაქარაშვილის ორგანიზმში ექსპერტიზამ 0,85 პრომილი ეთილის სპირტის შემცევლობა აღმოაჩინა. შედარებისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვისას თუ მძღოლს ეთილის სპირტის შემცველობა ორგანიზმში 0.3 პრომილეზე ნაკლები აქვს, მას არ დააჯარიმებენ. საქმეში ოჯახის მიერ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიუროს, ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ შაქარაშვილი თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ორგანიზმში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები:

იხილეთ ექსპერტის დასკვნა სრულად:

:

[gray_box]ახალი მუხლი[/gray_box]

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. თუმცა ამავე განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია, ამ მუხლით წაუყენეს თუ არა ვინმეს ბრალი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს კონკრეტული ბრალდებულები ამ მიმართლებით. უწყებაში განმარტავენ, რომ ექსპერტიზის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ შაქარაშვილს სიცოცხლეში აქვს მიყენებული დაზიანებები, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქმეს ახალი მუხლი დაემატოს, დანარჩენი დეტალების გამოსარკვევად გამოძიება გრძელდება.

ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა – აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური პროკურატურის მიერ ექსპერტიზის გასაჯაროების შემდეგ აცხადებს, რომ ახლა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ და რა საგნით მიაყენა შაქარაშვილს დაზიანებები, რომელზეც დასკვნაშია საუბარი.

გელხაური იმ მოქალაქეს იცავს, რომელიც მეორე ტოიტა ქემრში, ანუ არაგვის ხიდთან, ინციდენტის ადგილას მეორედ მისულ ავტომობილში იმყოფებოდა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ელოდება თუ არა ის ბრალდებულებისთვის ბრალის დამძიმებას, რამდენადაც საქმეს დამატებითი კვალიფიკაცია დაემატა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაზე, გელხაური აცხადებს, რომ ეს კითხვაც პროკურატურას ეხება:

“ეს რომ დადგინდა, რომ ნამდვილად აქვს დაზიანებები მიყენებული, გასაგებია. თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის მიერ იქნა მიყენებული. გამოძიებას უნდა ვკითხოთ, ვინ მიაყენა ის დაზიანებები, ან რითი მიადგა ის დაზიანებები. იქ “ქამრის” მერე, სხვა მანქანებიც იყო”, – ამბობს გელხაური.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ გარდაცვლილი მოკლულია. მისი ბიძა, მირიან ნიკოლაძე ფიქრობს, რომ მას ჯერ დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გადააგდეს მდინარეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი