ახალი ამბები

მკვლელობაზე ბრალი 2 კვირაში უნდა წარუდგინონ – ნიკოლაძე

10 ივლისი, 2020 • 1661
მკვლელობაზე ბრალი 2 კვირაში უნდა წარუდგინონ – ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წარმომადგენლის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გამოძიებას ორკვირიანი ვადა აქვს საქმის ფიგურანტებისთვის ახალგაზრდის მკვლელობის ნაწილში ბრალის წარსადგენად. აღნიშნული, ნიკოლაძის თქმით, იქიდან გამომდინარეობს, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, რომლებიც გამოძიებას შემჭიდროებულ ვადებს აძლევს:

“გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს ჰქონდათ შეხვედრები როგორც შსს-ს ასევე გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. ჩამოყალიბდნენ, რომ გამოძიების ვადაში უნდა მოხდეს ამ პირებისთვის წარდგენა კონკრეტული მუხლების. არასრულწლოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ვადა იყო 40-დღიანი და დარჩენილია არაუმეტეს ორი კვირისა. შესაბამისად, ამ ვადაში უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა ყველა იმ პირისთვის”, – ამბობს ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ასევე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოჯახის ხედვა შემდეგია: გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

თავდაპირველად ნიკოლაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილი „მოკლეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს“, თუმცა ჟურნალისტების დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ თქვა, რომ მის ახლობელს „მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაზიანებები, და შემდეგ გადააგდეს წყალში“.

„ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია გენერალური პოკურატურის და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო“, – განაცხადა მან. მისი თქმით, ამ ეტაპზე მკაცრ პასუხისგებაში უნდა მიეცეს ტოიოტა ქამრიში მყოფი 6-ვე პირი.

10 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა ამავე ექსპერტიზის მიხედვით, ფეხბურთელს სხეულზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბლაგვი, მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

რა შევიტყვეთ შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი