ახალი ამბები

შაქარაშვილის დაზიანებები წყალში გადაადგილებით ვერ განვითარდებოდა – ექსპერტი

10 ივლისი, 2020 • 1662
შაქარაშვილის დაზიანებები წყალში გადაადგილებით ვერ განვითარდებოდა – ექსპერტი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ოჯახის მიერ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვლილს სხეულზე სიცოცხლის დროს მიღებული დაზიანებები აღენიშნება.

ექსპერტი განმარტავს, რომ ამ დაზიანებებს, რომელიც შაქარაშვილს ბლაგვი საგნით მიაყენეს, თავად ახალგაზრდა ვერ მიიღებდა წყალში გადაადგილებისას და რაიმე საგნებზე შეჯახებისას.

გეჯაძემ დღეს ჟურნალისტებთან დაადასტურა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი და თქვა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი „ცალსახად, ასფიქსიაა წყალში დახრჩობით“. მისივე თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ შაქარაშვილის თირკმელში აღმოაჩინეს სპეციფიკური ნიშანი – პლანქტონი. მისივე თქმით, მართალია, დახრჩობის შესახებ საფუძვლიანი ვარაუდი ექსპერტებს მანამდეც ჰქონდათ, თუმცა დარწმუნებით ამაზე საუბრი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამასთანავე, გეჯაძე დასძენს, რომ გარდაცვალებისას შაქარაშვილი, პრაქტიკულად, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მის ორგანიზმში ალჰოკოლი მინიმალური დოზით ფიქსირდებოდა.

„პირველადი გამოკვლევებითაც სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატებოდა ძირითადად სისხლნაჟღენთების არსებობაში და, ამავდროულად, ადგილი ჰქონდა მასიურ სისხლჩაქცევას, რომელსაც ჰქვია ჰემატომა.

ცხედარს გარეგანი დათვარიელებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება, რომელიც იყო კონცენტრირებული, ძირითადად, სახის მიდამოში, მენჯისა და მუცლის პროექციაში“, – განმარტავს ექსპერტი.

გეჯაძე ყვება, რომ სისხლჩაქცევები და სისხლნაჟღენთები ბლაგვი საგნით მიღებული ე.წ. ტლანქი ტრავმის შედეგია. შაქარაშვილს მსგავსი ჰემატომები აღენიშნება როგორც სახეზე, ასევე, მუცლისა და წელის არეში. მათ შორის, ერთ-ერთი კანქვეშა სისლნაჟღენთი საზარდულთან 32-35 სანტიმეტრამდე დიამეტრისაა.

„ცალსახად ვადასტურებ, რომ ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა საკმაო ძალით ზემოქმედება“,- ამატებს გეჯაძე.

გეჯაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ იმის დასადგენად, თუ რომელი დაზიანება კონკრეტულად რა საგნითაა მიყენებული  – დიდი ალბათობით, კომისიური ექსპერტიზა დაინიშნება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით იხელმძღვანელებს – „არ არის გამორიცხული, რომ მოგვიწიოს რელიეფის შესწავლაც“.

„ფაქტია, რომ ეს დაზიანებები, ერთობლიობაში აღებული, წყალში გადაადგილებით და რაიმე საგნებთან შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“,  – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, თეორიულად, მსგავსი დაზიანებების გამომწვევი, შესაძლოა, იყოს ნებისმიერი მკვირი ბლაგვი საგანი – მათ შორის, ქვა, რკინის ხელჯოხი, ხის ხელჯოხი ან ფეხი – „ეს არის მკვრივი ბლაგვი საგანი, რომელთა ძლიერი ზემოქმედებით შესაძლებელია დაზიანებების განვითარება“.


საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად წყალში დახრჩობით გამოწვეულ ასფიქსიას ასახელებს. უწყება აღნიშნულ განცხადებას ავრცელებს საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხედარს აღენიშნება სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. თუმცა ამავე განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია, ამ მუხლით წაუყენეს თუ არა ვინმეს ბრალი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს კონკრეტული ბრალდებულები ამ მიმართლებით. უწყებაში განმარტავენ, რომ ექსპერტიზის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ შაქარაშვილს სიცოცხლეში აქვს მიყენებული დაზიანებები, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქმეს ახალი მუხლი დაემატოს, დანარჩენი დეტალების გამოსარკვევად გამოძიება გრძელდება.

ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა – აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას, “თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და, შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი