ახალი ამბები

პროკურატურა: შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია, წყალში დახრჩობით

10 ივლისი, 2020 • 1516
პროკურატურა: შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია, წყალში დახრჩობით

საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად წყალში დახრჩობით გამოწვეულ ასფიქსიას ასახელებს. უწყება აღნიშნულ განცხადებას საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდობით ავრცელებს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხედარს აღენიშნება სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები:

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სიცოცხლის დროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე, მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს”, – წერია პროკრუატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით:

“საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპერტიზის დასკვნა სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი