ავტორი: გუნელ მევლუდი
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა მკაცრმა საკარანტინო რეჟიმმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.
თუკი აქამდე, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა საბაბით, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ან გადასახადების დამალვის ბრალდებებით აპატიმრებდნენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპოზიციონერთა დაკავების მთავარი ბრალდება “საკარანტინო რეჟიმის დარღვევის” დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაა.
აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი კარანტინის დროს თანაპარტიელებთან კომუნიკაციის გარეშე დარჩა. პარტიის ათამდე წარმომადგენელი [ისლამ ისლამზადე, არიფ ბაბევი, ალი იმანხანლი, ფაიგ ამირლი, ანარ მალიქოვი, ნიჯად აბდულა, რუსლან ამირლი, ფაიგ რაშიდოვი] ალი ქერიმლის სახლთან კარანტინის დროს დააპატიმრეს და თითოეულ მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15-დან 30 დღემდე პატიმრობა შეუფარდეს.
ამ ეტაპზე, ფაიქ რაშიდოვის გარდა, საპატიმრო ყველამ დატოვა.
ამჟამად, აზერბაიჯანის პარლამენტში საკარანტინო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებაზეა საუბარი. ზოგიერთი დეპუტატი მაღალი ჯარიმების დაწესების ინიციატივით გამოდის, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც აცხადებს, რომ ჯარიმა არ არის საკმარისი და საჭიროა პატიმრობის შემოღება.
აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენელები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებებით მმართველი პარტიის დეპუტატები ხელისუფლების რეპრესიების “ლეგალიზებას” ცდილობენ.
კარანტინის წესების დარღვევა ბაქოში – სპეცრაზმმა რამდენიმე პირი დააკავა
ქვეყანაში ამჟამად მოქმედი საკარანტინო რეჟიმი მოქალაქეებს უზღუდავს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილებას.
რუსტამ ისმაილბეილი სტუდენტური მოძრაობის “სტუდენტის მოთხოვნა” დამფუძნებელია, რომელიც აზერბაიჯანის განათლების სამინისტროსთან პირველი ივნისის საპროტესტო აქციის დროს 15 დღით დააპატიმრეს.
სტუდენტები ითხოვნდნენ, საკარანტინო პერიოდში ლექციების გაუქმების გამო სწავლის გადასახადისგან გაეთავისუფლებინათ.
მოძრაობის ლიდერის, რუსტამ ისმაილბეილის გარდა კიდევ ექვსი სტუდენტი დააკავეს, რომლებიც საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის 100-200 [დაახლოებით, 50-100 ევრო] აზერბაიჯანული მანათით დააჯარიმეს.
ქვეყანაში ბევრმა აქტივისტმა, ასევე ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან რუსტამ ისმაილბეილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს.
სტუდენტი საკუთარ დაკავებას უკავშირებს იქამდე სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.
“პირადად ჩემი, როგორც სტუდენტის, პრობლემები უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თითქმის ყველა აქციაში ვმონაწილეობდი, როდესაც უსამართლობას ვხედავდი. ვმონაწილეობდი ცხოველთა უფლებების დაცვის აქციებში [“ტოპლანის” – ცხოველთა თავშესაფრის წინააღმდეგ, რომელსაც უპატრონო ძაღლების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ]. ასევე, სკოლის მოსწავლე ელინა გაჯიევას [სკოლაში ბულინგის შედეგად სუიციდს მიმართა] სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში; 20 ოქტომბრისა და 9 თებერვლის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ აქციებში. აქტივისტ მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ 2019 წელს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ კი უნივერსიტეტიდან გამრიცხეს.
მაშინ საზოგადოების მხარდაჭერით მივაღწიე იმას, რომ უნივერსიტეტმა უკან დაიხია. ამ ამბის შემდეგ ვფიქრობდი, რომ სტუდენტების სხვა პრობლემებიც შეიძლება მოგვარდეს საზოგადოებაში მისი გახმიანების შედეგად. ეს განსაკუთრებით შეეხება სტუდენტებს პოლიტიკური ხედვებით. სწორედ ამ მიზეზით მეგობრებთან ერთად შევქმენით პროექტი “სტუდენტის მოთხოვნა”.
საკარანტინო რეჟიმის დროს გამართულ აქციაზე სტუდენტები კორონავირუსის გამო შეჩერებული სწავლისა და გამოცდების საფასურის გაუქმებას ითხოვდნენ.
“გარდა იმისა, რომ ლექციები გვიცდებოდა, შექმნილი ეკონომიკური ვითარების პირობებში ბევრმა ვერ შეძლო მოეგროვებინა სწავლის თანხა, რომელიც საკმაოდ მაღალია”.
პატიმრობის 15 დღე
“დაკავების პირველ დღეს იყო მუქარები, საუბრები იმაზე, რომ “ჭკუას მასწვლიან”, თუმცა ფიზიკურ დონეზე ეს მუქარა არ განუხორციელებიათ. მეტიც, სხვა დაკავებულებთან შედარებით, ბევრად რბილად მექცეოდნენ.
ეს დაკავება არ შეუშლის ხელს იმას, რომ მომავალშიც გავაგრძელო მსგავსი საქმიანობა”, – ამბობს სტუდენტი.
კარანტინის წესების დარღვევა ბაქოში – სპეცრაზმმა რამდენიმე პირი დააკავა