ახალი ამბები

როგორც კი აღდგება ფრენები, განვაახლებთ რეისების შესრულებას – Wizz Air

1 ივლისი, 2020 • 1092
როგორც კი აღდგება ფრენები, განვაახლებთ რეისების შესრულებას – Wizz Air

ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს, რომ აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს  და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. ავიაკომპანია გამოხატავს მზაობას, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

“Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, – ნათქვამია კომპანიის მიერ დღევანდელ, პირველი ივლისის განცხადებაში.

ამ განცხადებაში საუბარი არ არის ქუთაისის ბაზის დროებით გაუქმებაზე. როგორც ავიაკომპანიის პიარში ამბობენ, კომპანია აღნიშნულ საკითხზე განცხადებას დამატებით გაავრცელებს უახლოეს მოამავალში.

Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ.

ბაზის დაარსების შედეგად ავიაკომპანიამ საქართველოში 200-მდე ადამიანი დაასაქმა, მათ შორის, ბორტგამცილებლები და პილოტები, გარდა ამისა, საქართველოში ბაზირებული თვითმფრინავით მნიშვნელოვნად გაზარდა ავიარეისების რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით.

თუ ავიაკომპანია საქართველოში ბაზას გააუქმებს, ეს ნიშნავს როგორც სამუშაო ადგილების გაუქმებას, ასევე ფრენების სიხშირისა და მიმართულებების შემცირებას.

“მნიშვნელობა არ აქვს, “ვიზეარის” თვითმფრინავი ქუთაისში დადგება თუ სხვაგან” – თურნავა

მასალების გადაბეჭდვის წესი