ახალი ამბები

აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტვ-ში საინფორმაციოს მთავარ პროდიუსერად ინიშნება

29 ივნისი, 2020 • 2558
აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტვ-ში საინფორმაციოს მთავარ პროდიუსერად ინიშნება

აკაკი გოგიჩაიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდამდე ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსპიკერი იყო, აჭარის ტელევიზიაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერის პოზიციაზე იწყებს მუშაობს.

ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თავად აკაკი გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. როგორც მან გვითხრა, სამსახური მას აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა შესთავაზა. გოგიჩაიშვილი და ხუზმიაშვილი „იბერიაზე“, არხის დახურვამდე, ერთად მუშაობდნენ.

აჭარის მაუწყებელში მეორე წელია, მნიშვნელოვანი ცვლილებები ვითარდება. ცვლილებები დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო, რომლის მმართველობის პერიოდშიც მაუწყებელმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. მისი იმპიჩმენტის ინიციატორები მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში “ქართული ოცნების” კვოტით არჩეული მრჩევლები იყვნენ. კაპანაძის შემცვლელის, გიორგი კოხრეიძის მოსვლის შემდეგ, არხიდან საინფორმაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი არაერთი კადრი გაათავისუფლეს, ზოგიერთს კი პოზიცია შეუცვალეს.

ცვლილებებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი და საქართველოში არსებული მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის პროცესს. თვეების განმავლობაში არხის დასაცავად არაერთი აქცია ჩატარდა და კამპანია დაიგეგმა.

მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პირობებში აკაკი გოგიჩაიშვილის ცოლი, ნინო ხაჟომია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთ რედაქტორად დაინიშნა, თუმცა მან მალე დატოვა პოსტი, შემდეგ კი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ონლაინრედაქტორი გახდა.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რას ფიქრობს ბოლო წელს მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენებზე, აკაკი გოგიჩაიშილი ამბობს, რომ სიტუაციას მხოლოდ მედიიდან იცნობს ზედაპირულად და მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია აქვს:

„ვიცი, რომ ერთი მხარე ამბობდა, რომ მიკერძოებას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრიდან იყო საუბარი, რომ, თუ არ ვცდები, კონკრეტული გადაცდომები იყო. და მეტი ინფორმაცია არ ვიცი, გარდა იმისა, რაც ზერელედ მომისმენია“.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ამას დადებითად აფასებს და გვეუბნება: „მე გარედან მისული ადამიანი ვარ, რომელსაც არანაირი წინასწარი დამოკიდებულება იქ არსებული, — მიმდინარე თუ დასრულებული, არც კი ვიცი, — კონფლიქტის და მის მონაწილეებთან მიმართებით არ გამაჩნია“.

„თუ მომიწევს [ვითარებაში] გარკვევა, გავერკვევი, მაგრამ იმედია, რომ ჩემი მოვალეობიდან გამომდინარე, არანაირი შეხება ურთიერთობებთან და მხარეებთან პოზიციის დასაკავებლად არ დამჭირდება“.

როგორც ყოფილმა ტელეწამყვანმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, თუ აღმოჩნდება, რომ მას შეზღუდავენ, არხის დატოვება არ გაუჭირდება, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის [ფიქრის] საფუძველი არ აქვს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/257977/

მასალების გადაბეჭდვის წესი