სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, უწყვეტი პროტესტის 183-ე დღეს ჭიათურიდან დედაქალაქში ჩავა. შუქრუთელები აქციას 11 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აანონსებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
მე-8 დღეა, რაც შუქრუთის 5-მა მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. მათ პირი ამოიკერეს.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. ამისათვის ისინი ცენტრალური მთავრობისგან პროცესებში ჩართვასა და მედიატორის როლის შესრულებას ითხოვენ.
24 აგვისტოს შუქრუთელები საჩხერეში, სოფელ ჭორვილამდე მსვლელობით ჩავიდნენ. მათ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან სურდათ აქციის გამართვა. თუმცა, ადგილობრივებმა ამის საშუალება არ მისცეს.
შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ კომპანია „”ორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. ამავე დროს, აცხადებენ, რომ უშედეგოდ ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევას და პროცესში ჩართვას. კომპანია ბრალდებებს უარყოფს და თავის მხრივ, არაერთხელ უჩივლა პროტესტის მონაწილეებს, რომ მათ ხელი არ შეუშალონ კომპანიის საქმიანობას და მანგანუმის მოპოვებას და მეტიც, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს მათგან 5 500 000 ლარის ოდენობით.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის მონაწილე სამი პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმა.