ახალი ამბები

მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი დანარჩენ დასაქმებულებს მოუწოდებს, არ დათანხმდნენ კომპანიის პირობას

24 აპრილი, 2025 •
მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი დანარჩენ დასაქმებულებს მოუწოდებს, არ დათანხმდნენ კომპანიის პირობას

მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი დანარჩენ დასაქმებულებს მოუწოდებს, არ მოაწერონ ხელი დამსაქმებელი კომპანიის შეთავაზებულ პირობებს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.

“მე მინდა ვთხოვო ყველა ჭიათურელს, ყველა დასაქმებულს – ეს განცხადება თავიდან ბოლომდე არის ყალბი, თავიდან ბოლომდე არის სიცრუე, არანაირად არ არის მუშათა კლასზე და დასაქმებულზე მორგებული – არ მოტყუვდნენ, არ მოაწერონ ხელი, რადგან კარგავენ ყველანაირ უფლებას. თვითონ აწერენ ხელს სამსახურიდან გათავისუფლებას და აღდგენის შანსი ნულთან არის გათანაბრებული. მინდა გთხოვოთ, ჭიათურელებო, არ მოაწეროთ ასეთ ყალბ დოკუმენტს ხელი, რასაც კომპანია გთავაზობთ”, – ამბობს მიმართვაში საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

დღეს, 24 აპრილს, მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. ერთგვერდიანი დოკუმენტი სულ 7 პუნქტისგან შედგება.

დოკუმენტში წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებულეი არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.

გარდა ამისა, მათ მიიღეს სატელეფონო შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, თუ თავად არ გამოცხადდებიან ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, კომპანიის წარმომადგენლები პირადად მიაკითხავენ მათ.

იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი, რომელიც დღეს პირადად იმყოფებოდა ჭიათურაში და შეხვდა მაღაროელებს, ამბობს, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ამით თანამშრომლების მოტყუებას ცდილობს. მაღაროელებს, რომლებსაც ამ ეტაპზე აქვთ დასაქმებულის სტატუსი, შრომითი ხელშეკრულებები, და კომპანია პასუხისმგებელია მათ წინაშე, სთხოვენ, საკუთარი ხელმოწერით დაადასტურონ სამსახურის დაკარგვის პერსპექტივა ყველანაირი გარანტიის გარეშე.

“თითოეულმა მაღაროელმა, ვინც ამ განცხადებას ხელს მოაწერს, უნდა იცოდეს, რომ თავად ამბობს თანხმობას, რომ სამსახური დაკარგოს. ეს განცხადება შედენილი არის კომპანიის მიერ და ემსახურება კომპანიის ინტერესებს […]

ამ განცხადებაში შეტანილია ისიც, რომ კომპანია თვითონ განსაზღცვრავს რეოგანიზაცის და შემდგომ, კონკურსის პირობებს. ამაზე ხელმომწერებს აღარ ექნებათ საშუალება, რომ იდავონ და პრეტენზია გამოთქვან კონკურსის პირობებზე, რეორგანზიაციის შედეგებზე და ა.შ.

ამ განცხადებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს ჯერ საკუთარი თავის და მერე სხვების დაცვასაც, არ დაკარგონ სამსახური. ვინც ამ განცხადებაზე ხელს მოაწერს, მის მიმართ სრულად იხსნის პასუხისმგებლობად და მას არაფერი არ ბოჭავს, რომ ხელახლა არ დაასაქმოს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.

CMC ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა და სასამართლოს გაკოტრების განცხადებითაც მიმართა. ახალი განცხადებით  CMC ულტიმატუმს აყენებს და პიკეტირების მოხსნას ითხოვს.

“კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება. ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში”, – წერია CMC-ის ახალ განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელეს.

2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.

7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.

ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:

  • შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
  • გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
  • როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
  • ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
  • მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
  • გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჭიათურის მოსახლეობის 60.6 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, რაც იმერეთის რეგიონის საშუალო მონაცემს – 41.2 %-ს, მკვეთრად აღემატება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი – 33.6 %, საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ, იმერეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი